„23. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. 24. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.“ (გამოსვლათა 21:23-24)
“თვალი თვალისა წილ” _ ჩვენი სამყარო უკვე იმდენი ხანია ცხოვრობს ამ კანონით, რომ სრულიად დაგვიბრმავდა კაცობრიობა.
“თვალი თვალისა წილ” _ ეს ისეთი უნივერსალური კანონია, რომ არ აქვს არც დროის, არც კულტურული, არც პილიტიკური, არც რელიგიური, არც ინტელექტუალური საზღვრები: კამიკაძეები თავებს აიფეთქებენ ხალხით სავსე ადგილებში; მეტროში საეჭვო გარეგნობის ადამიანს ტერორისტად მიიჩნევენ და ტყვიას დააჭედებენ შუბლში; ვიღაც თვითმფრინავებს ცათამბრჯენებს დაატაკებს; ვიღაც “წერტილოვანი დარტყმებით” (ზოგჯერ სწორად “მიწერტილებულით” და ზოგჯერაც არასწორად) მიწასთან გაასწორებს; ვიღაც 40 წელი “იმეფებს” თავის ქვეყანაში და სრულ სიბნელეში ამყოფებს თავის ხალხს და ზოგიც მივა და დიქტატორს ჩამოახრჩობს; ვინმე თავგამოდებული პასტორი გადაწყვეტს ხალხს არაფერი დაუშაოს, მაგრამ ზემოთ ხსენებული კანონზომიერება არ დაარღვიოს და დაწვავს ყურანს (ავტოდაფეების მასტერ კლასები საქართველოში ექნებათ გავლილი); მერე იმ ყურანის დამცვველები მიუხტებიან და იმ პასტორის ჯიბეში რომ სახარება იდო, იმის წამკითხველებს დაუბნელებენ თვალებს;
“თვალი თვალისა წილ“_ დავითმა უნდა მოკლას გოლიათი, თორემ გოლიათი მოკლავს დავითს. სხვა გზა ჯერაც ვერ გვიპოვია. ობამამ უნდა მოკლას ბინ ლადენი, თორემ ეს უკანასკნელი მოკლავს სხვებს. ეს არის ერთი დიდი კანონზომიერება და თუ არ ჩაჯექი ამ წესწყობაში, წასულია შენი საქმე.
ბოროტება ისეთია, ერთ თავს რომ მოაჭრი და ცხრა ამოუვა. მერე რა?! მე ის ერთი თავი არ მევასება და აუცილებლად მოვჭრი. იმის ადგილას ამოსულ ცხრაზე იმან იდარდოს ვისაც ის ცხრა არ დაევასება. გუშინ მოკვდა ნომერ პირველი ურჩხული? დღეს რამდენია მის ადგილას?
რა ფუჭად ირჯებიან ადამიანები, რომლებიც გულზე მჯიღის ცემითა და თვალებზე გულწრფელი ცრემლებით საქვეყნოდ გაჰყვირიან, რომ ჩვენთვის, XXI საუკუნის ადამიანებისათვის მშვიდობა უდიდესი ფასეულობაა.
რა ფუჭად ირჯებიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობისაკენ სავალ გზაზე იარაღის ჟღარუნით მიდიან.
რა ფუჭად ირჯებიან ადამიანები, რომლებიც სისხლის ჩამოწმენდას სისხლით ცდილობენ.
P.S. ამას წინათ ვნახე გრეგორი ჯორდანის ფილმი Unthinkable. ძალიან მაგარი სლოგანი აქვს ამ ფილმს: Right and Wrong no longer exist! მაგარ ჩიხში ვართ მომწყვდეულები. ყველანი ერთ დიდ ჩიხში ვართ, როგორც ამ ფილმის გმირები. ჰოლივუდმა უკვე მოწმინდა სინდისი ყველა ძალადობას, იმიტომ რომ არაძალადობა უსუსური იარაღია ბრმა ხალხში.
ეეეჰ, ბიძია განდი, ვერ გაგიგეთ რას ამბობდი. ალბათ ყრუებიც ვართ სიბრმავესთან ერთად.

რა კარგი პოსტია!
საინტერესოა, რა მოჰყვება ამ ამბავს…
ისეთი აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს მთელი სამყაროს ბოროტება დაამარცხეს და მოსპეს ერთი ადამიანის მოკვლით…