ურდულდადებული მაღაროდან ამოსული ხმა

107384

 

ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავისი დინებით მიდის. ზოგს აღელვებს ადამიანთა რელიგიური გრძნობები, ზოგს ოკუპირებული ტერიტორიები, ზოგსაც ის, რომ ოკუპაციის დღეს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში ჩვენი ქვეყნის კულტურის მოღვაწეები მღერიან ან ცეკვავენ… ზოგს მაღალი ხეების ჯავრი აქვს, ზოგს დაბალი წნევის…

ამ, უკვე რუტინულ მოვლენად ქცეულ, სამოქალაქო მღელვარებებში თითქმის შეუმჩნევლად (ყოველ შემთხვევაში, ჩემისთანა საქმეში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისათვის შეუმჩნევლად) ჩაიარა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულმა, გადაწყვეტილებებმა. გადაცემაც კი ვნახე, როცა ახალგაზრდა კაცი ითვლიდა, რომ  2016 წლის დაწყებიდან მის ოჯახს, რომელსაც სავარაუდოდ არც მანამდე ჰქონდა სასწაული ფინანსური მდგომარეობა, რამდენიმე ასეული ლარით ნაკლები შემოსავალი ექნებათ ამ ერთის მხრივ სრულიად უწყინარი გადაწყვეტილების წყალობით.

მაგრამ ამ გადაცემამაც ჩაიარა. გულში ალბათ ვიფიქრე კიდეც, რომ ამაზე უარესებიც ხდება ამ უსამართლო ქვეყანაში თქო, და გავაგრძელე ჩემს ყოველდღიურობაში ხან თოფაძის, ხან მეჭიაურის განცხადებებზე გაცხარებები…

რომ არა სახელმწიფოს უმოქმედობისა, თუ საზოგადოების გულგრილობით მოთმინების ფიალა ავსებული ადამიანების ხმა, რომელიც მაღაროების სიღრმიდან გაისმა, ბევრს არც გვეცოდინებოდა ის ამბავი, რომ, თურმე მაღაროელებს, როცა სამუშაო დღის დასაწყისში „მიწისქვეშეთში“  უშვებენ, როგორც ტყვეებს, ან ნადირებს,  გარედან კარს უკეტავენ. რომ არა ეს მღელვარება,  იმ ფონზე, როცა ყველას ჯანი გვიჭირს, ყველას გვაქვს ჩვენი უკმაყოფილება ჯანდაცვის სისტემასთან, თუ საყოველთაო დაზღვევებთან, ბევრს არ გვეცოდინებოდა მაღაროში დასახიჩრებული და დაინვალიდებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ…

ზოგიერთი ჩვენგანი ამ მოვლენებს „მარჯვნიდან“, ზოგიც „მარცხნიდან“ ვუყურებთ. ზოგი ჩვენგანი ფიქრობს, რომ დღეს დასაქმებულისათვის გაუსაძლისი სამუშაო პირობების ხარჯზე შეიძლება მხოლოდ ხვალინდელი ეკონომიკის აშენება. ზოგი ჩვენგანი პოლიტიკური ოპონენტებისათვის ტალახის სროლის შანსს არ გაუშვებს. ზოგი იმაზე მოვყვებით მსჯელობას, ტყიბულელების ამბავზე რომ ახმაურდით, რატო კაზრეთის პრობლემების დროს არ ამოიღეთ ხმა, ანდა ბიზნესებს რომ ატერორებდა წინა ხელისუფლება მაშინ რატომ გქონდათ პირში წყალი ჩაყენებულიო…

მღვრიე წყალში ყველა თავისი თევზის დაჭერას ეცდება. ზოგიც ეცდება გაფიცულების, ანდა გაფიცულთა მხარდამჭერების დაჭერით სიტუაციის მოგვარებას.

ერთი გზა არის, კეთილი სამარიტელის იგავის გმირებივით, ეს ამბავი გავიგონოთ, დავინახოთ და ჩავიაროთ საკუთარი საქმეებით დაკავებულებმა და უამრავი მიზეზი და ახსნა ვუპოვოთ ჩვენს გულგრილობას.  ან, არის მეორე გზა _  სულ ერთი წუთით უნდა გაჩერდე და ყური დაუგდო ურდულდადებული მაღაროდან ამოსული ადამიანების ხმას და იმ ხმაში საკუთარი ხმაც გაიგონო.

 

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

დაუცველი გრძნობები

unnamed

რა უცნაურია ეს ცხოვრება… თურმე შეიძლება ისეთ სრულიად განსხვავებულ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებს, როგორიცაა ვიოლინოს დაკვრა, რემონტის გაკეთება, დედის გინება ან ბავშვის ტირილი, რომელიც შუა ღამისას ყურის ტკივილმა გამოაღვიძა, აერთიანებდეს ერთი საზომი. და ეს საზომი ყოფილა დეციბელები. თურმე ვჩურჩულებთ 30 დეციბელზე…. ვსაუბრობთ 60 დეციბელზე…. ქუჩის ხმაური უკვე 80-90 დეციბელია…. (მეზობელი თინეიჯერის ემინემი და დრამერი შვილის მიერ გამოცემული დეციბელების დათვლა თქვენთვის მომინდვია). ახალმა კანონმა თქვა: შეგიძლია ამ საათიდან ამ საათამდე საკუთარ სახლში ამდენ დეციბელზე იხმაურო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობელი დარეკავს პატრულში და ჩაგაწყვეტინებს ხმას…. მნიშვნელობა არ აქვს შოპენს უკრავ თუ  დედას იგინები.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ხმაურთან დაკავშირებულ რეგულაციების პარალელურად მიდის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონზე მსჯელობა. კანონ პროექტი ამბობს: “პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.”

როგორც ამ კანონიდან ჩანს, ერთადერთი საზომად რელიგიური გრძნობების შელახვისათვის მხოლოდ ჯარიმის ციფრებია მოტანილი. რამდენიმე ინტერვიუს გადავხედე და სავარაუდოდ, ერეკლე დეისაძის წიგნი დაისჯება 300 ლარით, ხოლო თუ ამ წიგნიდან ციტატას მივაწერ რომელიმე რელიგიური შენობის კედელს, მაშინ დავისჯები 500 ლარით. მაინც ბუნდოვანია… კედელზე წარწერების გაკეთების ამბავი მეტ ნაკლებად გავარკვიე (ეს ისედაც დასჯადია და ვანდალიზმად ითვლება გინდაც „მამაო ჩვენო“ მიაწერო გუდვილის კედელზე).

აი, კანონის პირველი ნაწილი ძალიან ბუნდოვანია. უფრო სწორად, ძალიანაც ცხადია. ეს კანონი რომ ძალაში იყოს შესული, მაშინ ნინია კაკაბაძეს პატრიარქის სახლის შეფასებისათვის 300 ლარით დააჯარიმებდნენ, ეკა ჭითანავას ბიუჯეტიდან მიღებული თანხების კვლევისათვის ალბათ უკვე მერამდენედ გადაახდევინებდნენ 500 ლარს… ეჭვი მაქვს, რომ ბექა მინდიაშვილის, რატი ამაღლობელის, ლაშა ბუღაძის ხელფასების დიდი ნაწილი მსგავს ჯარიმებში წავიდოდა.

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, ვინ გაზომავს იმ პატარა ბავშვის რელიგიურ გრძნობებს, რომელიც იუდეველმა დედამ და პროტესტანტმა მამამ გაზარდა და თანასწორობისა და სრული ჰარმონიის ფონზე ბავშვი არ მონათლეს ჩვილობაში. ხო და, როცა ამ ბავშვთან მივა ენამიტანილი დამრიგებელი და კლასის წინაშე დააყენებს და ჰკითხავს მონათლული თუ ხარო… დამფრთხალი ბავშვი რომ მოიტყუება და მერე მასწავლებელი ჯვარს შეუმოწმებს თეთრი პერანგის ქვეშ და ბავშვი რომ კიდევ მოიტყუება, სახლში დამრჩაო…. ნეტა ვინ გამიზომავს ამ ბავშვის რელიგიურ გრძნობებს?

ნეტა როგორ უნდა შეაფასონ ჩემი რელიგიური გრძნობები, როცა „მამაო ჩვენოს“ სკანდირების ფონზე, ჩემი საყვარელი მაცხოვრის, სიყვარულისა და მშვიდობის თავადის მიერ დანატოვარი ლოცვის ფონზე იეჰოვას მოწმე ახალგაზრდას გავეშებული ბრბო თავს პარსავს… ან ბიბლიებს წვავს… ან როცა ღორის თავს აჭედებს მუსლიმი ბავშვების პანსიონზე? როგორ უნდა შეფასდეს 17 მაისს, მინებჩამსხვრეული ყვითელი მიკრო ავტობუსების იატაკზე ჩამალული ახალგაზრდების რელიგიური გრძნობები…  ვინ გამიზომავს და ვინ შემიფასებს ქრისტეს სახელით ჩადენილ საშინელებას ლარებში, დოლარებში, ვერცხლში… ?

სამაგიეროდ კარგად ვიცი, რომ ლია უკლებას თვითმკვლელ ღვთისმშობელს განადგურება დაემუქრება, პანტომიმის თეატრში ვერასოდეს გაბედავენ წმიდანის ცხოვრების დადგმას, ილია ჭავჭავაძეზე ვერავინ გაბედავს ზეაწეული, პიეტური ტონის გარეშე ლაპარაკს, რადგანაც ის არა მხოლოდ თერგდალეული საზოგადო მოღვაწეა, არამედ წმიდანი.

ბევრი წლის წინ ჟენევაში გაეროს უმცირესობების ფორუმზე ვიღებდი მონაწილეობას. მოკლე მოხსენებები მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმცირესობის წარმომადგენლებისაგან… უამრავი მოხსენება… თავიდან ყველას უსმენ, ხანდახან ქვეყანას გუგლავ კიდეც, რომ ზუსტად მიხვდე ვინ საუბრობს… მერე, დღის მეორე ნახევარში უკვე რთულია ყველას მოუსმინო, ყველა გაიაზრო გეოგრაფიულად, ისტორიულად, პოლიტიკურად… და მერე საკუთარ ფიქრებში არეულს გესმის ერთი კონკრეტული ფრაზა, რომელიც თითქმის ყველა გამომსვლელის სიტყვაში ფიგურირებს – Blasphemy Law….

კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ სხვადასხვა სახელით ძალიან ბევრ ქვეყანაშია. როგორც წესი, ეს არის ისეთ ქვეყნებში, სადაც დიქტატურა, თეოკრატია, ტოტალიტარული რეჟიმია და მოსახლეობა იბრძვის თავისუფლებისათვის.  ეს კანონები, როგორც წესი დიდი ხნის წინ აქვთ მიღებული და ადამიანის უფლებების დამცველები, ქვეყნის პროგრესის მოსურნეები ცდილობენ როგორმე აიძულონ საკუთარი ხელისუფლება გააუქმონ კანონი, რომელიც მხოლოდ „ძლიერთა ამასოფლისათა“ ინსტრუმენტია ყველგან, რათა არასასურველი ოპონენტები მოიშორონ.

ჩვენს ქვეყანაში არ მეგულება არც ერთი რელიგიური უმცირესობა, რომელსაც ილუზია აქვს, რომ რელიგიური გრძნობების შელახვისათვის ასეთი გააფთრებული ბრძოლისას ვინმე ოდესმე მათ რელიგიურ გრძნობებს იგულისხმებს.

მოვასწრო უნდა ამ ბლოგის დაწერა, თორემ კაცმა არ იცის რომელი საზომით შეიძლება გაიზომოს და მერე, როცა კანონს მიიღებენ (და ამ ჯერად, ალბათ, უკვე მიიღებენ) შეიძლება ჯარიმა არ ამცდეს.

 

 

 

1 Comment

Filed under Uncategorized

„აკვარიუმის ლოგიკა“

fishbowl

 

 

 

ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი ანეგდოტი ლოგიკაზე. ერთი უხსნის მეორეს ლოგიკის არსს: „ლოგიკა ასეთი რამეა, აი, სახლში გაქვს აკვარიუმი? ხოდა თუ გაქვს აკვარიუმი, მაშინ თევზებიც გყოლია (железная логика)… თუ თევზები გყავს, მაშინ ბუნება გყვარებია… თუ ბუნება გიყვარს, მაშინ ბუნებაში ქეიფიც გეყვარება… თუ ბუნებაში ქეიფი გიყვარს, მაშინ ძმაკაცებიც გყვარებია და შენ ყოფილხარ კაცური კაცი!!!!!“ აი, ასე… და მერე ვიცინოდით გულიანად.

ხო და ეხლა ჩვენს რეალობაში მცირედი ღიმილის გარეშე გვაქვს ზუსტად ასეთი ანეკდოტური ლოგიკა: „ქალს პირველ ღამეს სისხლის ჩანჩქერი არ ჰქონდა, მაშინ ქალიშვილი არ ყოფილა…. თუ ქალიშვილი არ ყოფილა, მაშინ ბოზია… თუ ბოზია, მაშინ ადამიანი არაა… რაკი ადამიანი არაა, მაშინ უნდა მოექცე როგორც ნივთს, ან ცხოველს და შეგიძლია სცემო, მოკლა… და თუკი ასე მოიქცევი, მაშინ შენ იცავ ოჯახის ღირსებას… რაკი ოჯახის ღირსებას იცავ, შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი….“  აი, ასე…. სრული სერიოზულობით. ხო და საკმარისია ამ „ლოგიკურ ჯაჭვში“ რომელიმე ეტაპს არ დაეთანხმო, შენ ვერ ჯდები „ჭეშმარიტი ქრისტიანის“ ლოგიკურ პარამეტრებში.

სულაც არ ვაპირებ საქალწულე აპკის აპოლიგეტებთან შერკინებას, უბრალოდ მინდა ჩემი ფიქრები და ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ.

ოდესღაც, როცა ერთ ტელეგადაცემაში მიმიწვიეს და მკითხეს ჩვენი ეკლესიის დოგმატიკაზე, მკითხეს რა მეკრძალებოდა და რა არა, მაშინ ვთქვი, რომ არაფერია აკრძალული გარდა „არსიყვარულისა“-თქო და ეს დოგმა არეგულირებს ყველაფერს-თქო (მგონი ეს თქვა ჩემამდე ნაზარეველმა და იმის მერე ავგუსტინემ და კიდევ ბევრმა). ჟურნალისტი მაინც არ დაჯერდა ჩემს არაპრაქტიკულ და არაკონკრეტულ ფრაზას და ჩა-მეკითხა „განქორწინებაც არ გეკრძალებაო“. და მეც ვუპასუხე, რომ არ მეკრძალება და რომ მე ჩემს მეუღლესთან ვცხოვრობ არა იმიტომ, რომ ვინმე ან რამე მიკრძალავს მისგან წამოსვლას, არამედ იმიტომ რომ მიყვარს-თქო…. ჩემი პასუხით (საჯაროდ სიყვარულის ახსნის გამო) სრულიად ბედნიერი დავბრუნდი სახლში და რას წარმოვიდგენდი რა ქარცეცხლი დამხვდებოდა მეილბოქსში, ფეისბუკის მესიჯებში, სატელეფონო ზარებში, ეკლესიაში…  ეს ჩემი პასუხიც მაშინ აღქმული იქნა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებად. მე მაშინ ვერ ჩავჯექი იმ „ლოგიკურ ჯაჭვში“ რომელიც „აკვარიუმიდან კაცურ კაცობამდე მიდის“… მაშინ ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა ამომშალეს ფრენდლისტიდან, ახლობლებმა დამიწუნეს პოზიცია და ჩემი ეკლესიის სინოდის წინაშე ბოდიშის დიდი წერილი გავაშვანშვალე ბუნდოვანი განცხადების გამო.

ხო და მინდა კარგად გავიხსენო ჩა-ვიკითხო რა წერია ოჯახზე ბიბლიაში, ან სახარებაში და რას ამბობდა ქრისტე ამ ჯადოსნურ და ხელშეუხებელ ინსტიტუციაზე _ ოჯახზე…..

დღეს ჩვენ რასაც ოჯახს ვეძახით, შეიძლება იუდაურ ტრადიციისათვის ისეთივე მიუღებელი ყოფილიყო, როგორც ჩემი განცხადება ოდესღაც. ძველაღთქმისეული ოჯახი არის მრავალთაობიანი დიდი ჯგუფი, სადაც არიან მშობლები, შვილები, შვილიშვილები, მონები, მხევლები და სადაც მკაცრადაა დაცული ასაკობრივი, გენდერული და სოციალური იერარქია. ოჯახის ინსტიტუტი იყო ძალიან ძლიერი საყრდენი პატარა და დევნილი ერისათვის. ოჯახის სიმყარესა და მისი დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული ერთის მხრივ რჩეული ერის ფიზიკური გადარჩენა და მეორეს მხრივ ჭეშმარიტების საიდუმლოს შენარჩუნება. დიდი ხნის მანძილზე (ვიდრე წერილობითი თალმუდები გაჩნდებოდა) ზეპირად გადადიოდა თაობიდან თაობაზე რჯულის განმარტებები და ამ საქმეში ოჯახს დიდი როლი ეკისრებოდა. ამიტომაც, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში საუბარია იმაზე, რომ უნდა უფროსისაგან ისწავლოს ყმაწვილმა.

იერარქიის სათავეში იდგა მამა და ის წყვეტდა ოჯახის ბედს. ოჯახში მნიშვნელოვან იყო ვაჟიშვილები და ის, თუ ვისი მეშვეობით აპირებდნენ ეს ვაჟიშვილები ერის გამრავლებას. მნიშვნელოვან იყო რომელი ტომისა და თესლის ქალს ირთავდა იუდეველი კაცი. გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ამ ქალების შვილიანობის ამბავი. და თუკი რომელიმე რძალი უშვილოდ დაქვრივდებოდა, მაშინ ეს საკითხი ისევ ოჯახში გვარდებოდა. ოჯახის წევრსავე უნდა „თესლი აღედგინა“ … ამისი ძალიან საინტერესო ილუსტრაციაა დაბადების წიგნის 38 თავში იუდას რძალი თამარის ინტრიგებით სავსე ამბავი. უშვილოდ დაქვრივებულმა თამარმა, რომლის მაზლმა ონანმაც (ავადხსენებული ონანიზმი ამ სახელიდან მოდის) არ შეასრულა თავისი მოვალეობა, საკუთარი მამამთილისაგან მოტყუებით გააჩინა შვილი…

თუკი ვინმე გაბედავდა იუდეველის ქალწულზე ძალადობას, მაშინ მისი სასჯელი 50 ვერცხლი იყო, რომელსაც ქალის მამას გადაუხდიდა (მეორე რჯული 22:29) და იქორწინებდა ქალზე განქორწინების უფლების გარეშე. თუ მამა არ გაატანდა ქალს, მაშინ უფრო ძვირი დაუჯდებოდა მოძალადეს ეს ამბავი _ „ქალწულობის ურვადი ვერცხლი უნდა მიუწონოს“ (გამოვლათა 22:16)…  ასე აღსდგებოდა სამართალი და მოძალადეზე მითხოვებული ქალი გააგრძელებდა ახლა იმ ოჯახის გამრავლებას… ხმასაც ვერ ამოიღებდა, იმიტომ, რომ ათი მცნება ეუბნება „პატივი უნდა სცე შენს მშობლებსო“…

ხო და….. მოვიდა ერთი ნაზარეველი კაცი და ყველაფერი ააყირავა. მოვიდა და თქვა, „საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არიან ჩემი დედა და ძმებიო (მარკ.3:31)… “, „ნუ ანაცვალებთ „შაბათს“ ადამიანის ბედნიერებასო“ (მარკ.2:27),  „მეძავი იმან ჩაქოლოს ამაზე მართალი თუ ხართ ვინმეო“ (იოან.8:7),   „ერთმანეთი გიყვარდეთ და დაჟე მტრებიცო“ (მათ.5:44), „კაცი მიატოვებს თავის დედას და მამას და მთელ თავის კლანს და სანათესაოს და მიეწებება თავის ცოლს და იქნებიან ერთნიო“ (მარკ.10:8) (ეს ნაზარევლამდეც კი თქვეს დაბადების წიგნში(დაბ.2:24) და მაგის მერეც პავლე მოციქულმა(ეფეს.5:31), მაგრამ ვინ მოისმინა რო…) და მიკვირს რომ სამწელიწად ნახევარი აცადეს და მანამდე არ გააკრეს ჯვარზე.

ხო და ამდენი იმისათვის ვილაპარაკე, რომ დაგამშვიდოთ, ინსტიტუციები და კანონები, რომლებიც ღვთივნაკარნახები გვგონია და მათი შეცვლა, ანდა გადასხვაგვარება ღვთისგმობად გვეჩვენება, არც მაგისთანა ხელშეუხებელია. და ოჯახი, რომელიც პირადად ჩემთვის არის ყველაზე თბილი და ყველაზე საიმედო ნავსაყუდელი, სულაც არ მიმაჩნია ხელშეუხებელ მოვლენად. ისტორიული გადმოსახედიდან თუ გამოვხედავთ ოჯახის ინსტიტუტს (როგორც იუდაურ-ქრისტიანულს, ისე ჩვენებურ ტრადიციულ გურჯულს)  დიდი კვლევა ძიების გარეშეც დავინახავთ როგორ იცვლება ეპოქიდან ეპოქაში.  ჩემი დიდი ბებიის დროინდელი ოჯახებს  (ნატაშა 13 წლისა გაუთხოვებიათ) ჩვენი ოჯახები სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, ალბათ.  შეიძლება ეს ცვლილება ციფრებში მთლად გულისგასახარად არ გამოიყურება. ასე სიყვარულსა და ადამიანის ადამიანად დაფასების შემთხვევაში, გაგეცინებათ და, გაცილებით მეტი ოჯახი ინგრევა, ვიდრე იქ, სადაც ოჯახი არის კლანებისა და გვარების გარიგება… ხო და რამდენჯერაც იწყებ ლაპარაკს არაძალადობაზე, ქალებზე, უფლებებზე, მაშინათვე მოგაჩეჩებენ სტატისტიკას. ამგვარად, სტატისტიკაც, ტრადიციებიც, ისტორიული გამოცდილებაც, პრაგმატული გათვლებიცა და არსებული ძალაუფლების სისიტემები სიყვარულის და ადამიანურობის წინააღმდეგ გამოდის. თუმცა, იგივე სტატისტიკების მოშველიებით შეგვიძია ენის ბორძიკის გარეშე ვთქვათ, რომ  ასე გარიგებული და მყარი ოჯახებია სწორედ ქალებზე, მოხუცებზე, ბავშვებზე ძალადობის ნოყიერი ნიადაგი.  ხო და ვიტყოდი, რომ რაც დასანგრევია დაინგრეს…

და ვიდრე ოჯახი ორი მოსიყვარულე ადამიანის ბედნიერების ბუდე არ იქნება, მიუხედავად იმისა რომელ ტომსა ეკუთვნიან, ეყოლებათ თუ ვერ ეყოლებათ შვილები, ჯდებიან თუ ვერ ჯდებიან ტრადიციების სტანდარტებში, სიყვარულის პირველი ღამე ქორწილის შემდეგ სისხლით დასვრილი ზეწრით დაგვირგვინდება თუ ვერ დაგვირგვინდება, ვიდრე მოსიყვარულე ადამიანები, რომლებიც ოჯახის გულისგულია, არ მოშორდებიან თავიანთ მშობლებს, თავიანთ წინაპრებს, თავიანთ დაწერილსა თუ დაუწერელ წესებს და ვიდრე არ იცხოვრებენ ერთიმეორის სიყვარულის, ბედნიერებისა და პატივისცემისათვის, მანამდე ოჯახი ოჯახი კი არა მეშჩანურ აღებ-მიცემობის ინსტიტუტია…

ესეც ჩემი „აკვარიუმის ლოგიკა“

 

 

 

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

თბილისი

28 ივლისი, 2015

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

დრო

5

წუხელ ვიდრე ნანო ისტორიის გაკვეთილიდან დაბრუდებოდა, youtube- შევუყევი და კარმინა ბურანას ვერსიების ძიებით კი დავიწყე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საბოლოოდ გავედი სრულიად სვა სივრცეში. დაწყებული ზიკინასვოლგით” ( აქ, ალბათ, აგული ერისთავი დაამატებდავოლგა, ვოლგა მაწ რადნაია“), ალა პუგაჩოვას შავთეთრი ჩანაწერები 1975 წლის კონცერტიდან, მერე საბჭოთა კონცერტები, სადაც ნეტარად მომღიმარი ბჭყვრიალა ტანისამოსში გამოწყობილი წამყვანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ: “ზასლუჯენნი არწისტ ერესეფესერ …. (მერედასტოინიპაუზა, დარბაზს თვალს გადაავლებდნენ და აგრძელებდნენ) .. ლაურიატ მეჟდუნაროდნიხ პრემიი ….” მერე ერთ ხელს ფარდის მიღმისკენ საოცარი სინაზით მიმართავდნენ დაზასლუჟენი არწისტისგვარსახელმამის სახელს სტახანოვური მოწადინებით დასძახებდნენ და იხუვლებდა ტაში….

მოვძებნე ჩემი ბავშვობის კვირა დილის გადაცემის  „რიტმი, რიტმი, რიტმი“ მუსიკები. ეს გადაცემა განსაკუთრებით კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ კვირა დილას 10:00 იწყებოდა და იმ დროს მთავრდებოდა ეკლესიაში რომ არ დაგვეგვიანა 12:00 წირვაზე. მოკლედ, ბევრი რამე ვნახე: „სკოპიე სკოპიე“ და „ფერიჩიტა“ (დნნ დშნ-ს ორიგინალი ვერსიით), კამაროვა და სკაკუნები…. ხოო, აი ასეთი კონცერტების ვიდეოები და მერე უკვეკლიპებიდა საახალწლო სატელევიზიო გადაცემები

თავიდან მეცინებოდა ჩაცმულობებზე, მოძრაობებზე, განათებებზე…. მაგრამ როცა საათს დავხედე, მივხვდი, რომ ამდენი ხანი უბრალოდ სახალისოდ არ ვიჯექი. მივხვდი, რომ რაღაც სადღაც ძალიან მსიამოვნებდა ამისი ყურება. მივხვდი, რომ სცენაზე აღმართული ვეებერთელა ნაძვის ხეები, ციმციმები და წვიმები ისევე მოქმედებდნენ ჩემზე, როგორც ბავშვობაში. თითქოს ჯადოსნური კავშირი აღმოვაჩინე საკუთარ ბავშვობასთან და ამ განცდას ჩავეჭიდე. განცდა მქონდა, თითქოს დროის მანქანა აღმოვაჩინე და ეხლა ჩემი ბავშვობის ოთახში გავყობდი ხელს.

ყოველ ახალ ვიდეოს ვეძებდი იმ იმედით, რომ უფრო ახლოს მოვიტანდი ჩემს პიონერულ სიყმაწვილეს, ბავშვურ აღფრთოვანებებს… მაგრამ ყოველი ახალი ვიდეოს ჩართვისას ვხვდებოდი, რომ ძააალიან დიდი და გადაულახავი დროის ფენა დევს ჩემსა და ჩემს პატარაობას შორის.  მიჭირდა თავს გამოვტყდომოდი, რომ ის პატარა გაელვებები, რომელმაც ძალიან დიდი ხნით მიმაჯაჭვა ძველ ვიდეოებს, ვერ დამაბრუნებდა ბავშვობაში. ვეღარ ვიგრძნობ, რას ნიშნავს დილით მშობლების ლოგინში ფეხშიშველა შეტანტალება და ერთად ტელევიზორის ყურება, როცა დედა ადრე დგება და საუზმეს გვიმზადებს ყველას და მერე გვეძახის და ჩვენც ვპირდებით რომ მალე ავდგებით, მაგრამ მაინც ვწევართ, იმიტომ რომ სიმღერებიანი გადაცემები მომავალ კვირამდე აღარ იქნება. რას ნიშნავს გაზაფხულზე პირველად გეტრებით სკოლაში წასვლა, რას ნიშნავს შავი წინსაფრების მერე თეთრი წინსაფრით მისვლა გაკვეთილზე. რა განცდაა, როცა ჩუმად გიკეთია ფორმის შიგნიდან საათი და მალავ, რომ არ ჩამოგართვან. როცა ის შიშიც სასიამოვნოა. როცა გგონია რომ პატარა მექანიზმი რომელიც წიკწიკებს შენს მაჯასთან, გაძლევს დროის მართვის ძალაუფლება.

მერე ვიფიქრე, რომ იქნება სწორედ ასეთი ნოსტალგიაა, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში ასე მარტივად გვავიწყებს ყველაფერს და წარსულისკენ გვახედებ მუდამდღე.  ჩემს ეკლესიაში იციან ხოლმე ჩვენმა ბებიებმა_ უწინ ისეთი სიყვარული იყო, ისეთი ხალისი და სიხარული, სულიწმიდის ძალა ისე იგრძნობოდა ეკლესიაში… სულ ძველ დროს მისტირიან, არა და თუ მოაყოლებ იმისთანებს მოგიყვებიან, მტრის კარს.

ხო და ჩვენც წარსულის ნოსტალგია ისე ძლიერად გვაქვს გულში, რომ გვავიწყებს  _ პუტინს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს, 2008 წელს, მცოცავ საზღვრებს… და რაღაცას მივტირით. არა და გვავიწყდება, რომ არც „კანონი კანონობდა“, არც „უფრო მეტი სიყვარული იყო“ და არც სიმღერა იმღერებოდა გულწრფელად და არც საქმეს აკეთებდა ვინმე. უბალოდ ჩვენი ცხოვრების მონაკვეთი გვენატრება,  როცა ახალგაზრდები ვიყავით;  როცა ჭაღარა არ გვქონდა, როცა არც წნევები გვაწუხებდა, არც ოსტეოხონდროზი. როცა ჯამაგირი გვქონდა და ვიპრანჭებოდით, ვფლირტაობდით, ვკეკლუცობდით. როცა არც სექსი იყო ქვეყანაში და თან 37 მანეთიანი ბილეთები ეგზოტიკური გამოცდილების ჯადოსნური კარი იყო…

ჩვენი სიცოცხლის შორეული ამბავი გვენატრება და ამ მონატრებასა და ნოსტალგიას არაფერი აქვს საერთო არც პოლიტიკურ წყობასთან, არც მმართველობასა თუ საზოგადოებრივ განწყობებთან. 

Жизнь невозможно повернуть назад
И время ни на миг не остановишь

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

სიცოცხლე, როგორც ასეთი

 

 nicholas-in-good-hands-kerry-reed

 

ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე უფრო ამოუცნობი, ამაღლებული, ცრემლებამდე, შიშამდე და ტკივილამდე ლამაზი ბედნიერება იყო, როცა დედა გავხდი. როცა ხელში მომცეს პატარა არსება, რომლის დაბადებასაც 9 თვეზე ცოტა მეტი ველოდი… ვიცოდი, რომ შვილი მეყოლებოდა, რომ გოგო იქნებოდა, რომ ყვავილებიან და ღრუბლებიან სახვევებში უნდა გამეხვია, ჩემი მოქარგული პერანგები ჩამეცმია, ბებიის შეკერილი საბანი დამეფარებინა და მამიკოს ნაყიდ რიკულებიან ხის საწოლში ჩამეწვინა… კი ვიცოდი, და ველოდი, მაგრამ ის სასწაული, რომელიც გულზე მეწვა ყველანაირ ლოგიკურ აზროვნებას სცილდებოდა… ალბათ ყველაზე გულწრფელად მაშინ დაველაპარაკე ღმერთს, როცა ვკითხე  _ „როგორ ანდე ადამიანს ამ დიდი სასწაულის თანამონაწილე გამხდარიყო“-თქო.

 

ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მეთქვა რას ნიშნავს ჩემთვის ახალი სიცოცხლე და როგორ შეიძლება „გასაგები“ იყოს ჩემთვის ამ სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება…

 

მერე იყო მეორე შვილი

პირველი შეკითხვა, როცა ჩემი ფეხმძიმობის ამბავს იგებდნენ იყო _ გაჩენას აპირებ? რომელზეც ყელმოღერებულ პასუხს ვიძლეოდი, რითიც, ფაქტობრივად ქოქოლას ვაყრიდი კითხვის დამსმელებსაც და ყველა იმ ქალს, რომლებიც ბედავს და ამ არჩევნის წინაშე აყენებს საკუთარ თავს.

 

მერე იყო ნათესავი ქალი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გამოგვეცხადა სოფლის ნობათით ხელდამშვენებული. ქმარმა ღვინის ბოცა გადმოდგა მანქანიდან, მათი პატარები უცებ მიმოიფანტნენ ოთახებში… ვიდრე სტუმრების მისაღებად დავტრიალდით, კაცებმა მაყალი გაამზადეს და ქალები სამზარეულოში ავფაციფუცდით,  ეს ჩვენი ნათესავი ქალი მიუცუცქდა თავის მაზლისცოლს და ექიმთან გაყოლა სთხოვა. სუფრა რომ გაიშალა და უკვე მესამე სადღეგრძელოზე იყვნენ ოჯახის კაცები, კარზე ზარი გაისმა და ოდნავ ფერმკრთალი ნათესავის ქალი და მისი ყოჩაღი მაზლისცოლი სახლში დაბრუნდნენ… საქმე მოთავებული ქალები მალევე სუფრას შემოუერთდნენ. ლხინი დიდ ხანს გაგრძელდა. სუფრის თამადა სტუმრებს ეუბნებოდა ხშირად უნდა გვესტუმროთ, ძალაინ დავკარგეთ ერთმანეთიო…

 

მერე იყო ამბავი ჩემი მეგობრისა,

რომელსაც ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე დაუდგინეს, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები ჰქონდა… ვიდრე ამ პრობლემას მხოლოდ ჩემი შვილების მაქმანებიანი საწოლის გადმოსახედიდან ვუყურებდი, ვიდრე ეს ჩემი თავზარდაცემული მეგობრის თავს არ დატრიალდა, მე მქონდა ჩემი თეორია _ „სიცოცხლე არის სიცოცხლე, რომელიც უზენაესი ფასეულობაა და რომლის ხელყოფის უფლება არ აქვს არავის. ისევე, როგორც დედა ვერ გაიმეტებს ავარიის, ან რაიმე დაავადების გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ შვილს სიკვდილისათვის, ასევე ვერ უნდა გაიმეტოს მუცლად მყოფი შვილი მხოლოდ იმის გამო, რომ ის არასოდეს უნახავს“…

ამ ჩემი თეორიის დღესაც მჯერა. მაგრამ მე ვერასოდეს გავბედე ის ჩემი ატირებული მეგობრისათვის მეთქვა, რომელსაც შუაზე გლეჯდა იმისი გააზრება, რომ მისი გადასაწყვეტი იყო ბავშვი დაიბადებოდა თუ არა…

 

მერე იყო ერთი წყვილი,

რომელმაც აღმოაჩინა რომ კიდევ ბავშვს ელოდნენ თავიანთ ოროთახიან ბინაში, სადაც ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო კიდევ ერთი სულის ცხოვრება. დედა ტიროდა, მამა ამშვიდებდა. არ უნდოდათ უფროსი შვილების ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაემძიმებინათ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ საკუთარი უმცროსი შვილის სიცოცხლეს ანგარიშობდნენ… ჩემი თეორია ასეთი ვითარებისათვისაც მქონდა შემონახული. მაგრამ, როცა მათ წინაშე აღმოვჩნდი, ორი წყვილი აცრემლებული და სამი წყვილი გაოცებული და შეშინებული თვალის წინაშე, ენა ვერ მიბრუნდებოდა ჩემი კარგად დავარცხნილი თეორია სასულიერო პირის მაღალი ტრიბუნიდან ომახიანად მეთქვა…

 

მერე იყო პატარა გოგონა,

შეყვარებული ახალგაზრდა ქალი. ქალი, რომელსაც სიყვარულის სჯეროდა, საყვარელი ადამიანისა სჯეროდა, ადამიანობისა და სიცოცხლისა სჯეროდა… მაგრამ, როცა სიყვარული და ახალი სიცოცხლე ერთმანეთს მიება მთელი სამყარო ატრიალდა მის წინააღმდეგ. ქართველმა ვაჟკაცმა უარი თქვა ფეხმძიმე ქალის ოჯახში შეყვანაზე. ქართველმა მშობლებმა კი სასწრაფოდ მოიფიქრეს, როგორ მოეშორებინათ ოჯახისათვის ეს სირცხვილი (ამ აზრს ქართველი ვაჟკაცის ოჯახიც სრულად იზიარებდა). ვერდიქტი ასეთი იყო _ არ არის ბავშვი, არ არის პრობლემა. ახალგაზრდა შეყვარებულმა ქალმა, რომელიც ერთი ოჯახისათვის მათ ლამაზ შვილზე მონადირე ქუჩის ქალი იყო, რომელიც ბავშვის გაჩენით აპირებდა მათ ოჯახში შეძვრომას, ხოლო მშობლებისათვის კი გზას აცდენილი გარყვნილი ქალი და ოჯახის სირცხვილი, ყველაფრის მიუხედავად გაბედა და ბავშვი შეინარჩუნა. თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დედა სახლიდან გამოაგდებდა, რომ მშიერს მოუწევდა ქუჩაში ცხოვრება და სადგურში ღამის თევა, ვიდრე რომელიღაც თავშესაფარს არ გადასცა პოლიციამ.  ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ბავშვის მუცელში პირველ გამოძრავებას მხოლოდ საკუთარ თავს გაუზიარებდა, რომ სამშობიაროში სასწრაფოს ექიმის გარდა არავინ ედგებოდა გვერდით, რომ არავინ გაისროდა თოფს მისი ლამაზთვალება ბიჭის დაბადების აღსანიშნავად…

 

მერე იყო წარმატებული ქალი,

რომელიც არანორმალური გრაფიკით მუშაობდა. საკუთარი მაღალი ხელფასით ოჯახსაც ინახავდა და შვილებისათვის სწავლის ფულსაც აგროვებდა. ეგონა ყველაფერი კარგად დაგეგმილი და აწყობილი მაქვსო… ვიდრე ერთხელაც არ აღმოაჩინა, რომ ფეხმძმობის ტესტზე ორი ზოლი გაწითლდა. არც კი დაფიქრებულა, თითქმის არავისთვის უთქვამს ( პირველ რიგში ქმრისთვის და უფროსი ქალიშვილისათვის). გადაურეკა თავის ექიმს და ჩაეწერა მიღებაზე, მერე მეგობარს სთხოვა მანქანით წამიყვანეო…. და ამ ამბავმა ისე ჩაიარა, როგორც მოულოდნელად სურდო რომ დაგემართება და სასწრაფოთ კარგ წამლებს დალევ და მალევე გამომჯობინდები, რომ სამსახურის დიდი ხნით გაცდენა არ მოგიწიოს.

 

მერე ძალიან ბევრი ამბავი იყო, რომლებიც ჩემს თეორიებს ამყარებდნენ და ძირს უთხრიდნენ…

 

მერე იყო შობის დღესასწაული…

შობა, რომლითაც დაგვირგვინდა ერთი მძიმე და უცნაური წელი.

შობა, რომელსაც სულ ცოტა ოცდაექვსი ქალი ვერ მოესწრო, იმიტომ რომ საკუთარმა ქმრებმა გამასალმეს სიცოცხლეს.

შობა, რომელიც რამოდენიმე ფეხმძიმე ქალს ექიმების დაუდევრობით, სიდუხჭირით თუ საკუთარი თავის მოვლის კულტურის არქონის გამო ვერ გაუთენდა.

შობა, რომელიც ვერ იზეიმა სიმსივნით დაავადებულმა ბევრმა პატარამაც…

შობა, რომელიც ვერ იზეიმა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც არა თუ სადღესასწაულო სუფრის გაწყობის, ჩვეულებრივი წყალწყალა კერძის შვილებისათვის მომზადების თავიც არ აქვს…

შობა, რომელმაც მოიტანა ახალი საფიქრალი _ როგორ ანგრევს ოჯახს აბორტი და რა უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას…

 

ქვეყანაში, სადაც რეპროდუქციული განათლების დონე არა თუ  მოსახლეობაში, სამედიცინო მუშაკებშიც ძალიან დაბალია…

ქვეყანაში, სადაც სექსი პორნო ფილმებში ნანახი ამბავი ჰგონიათ….

ქვეყანაში, სადაც ქალისა და კაცის გარჩევა იმითი ხდება ვინ ხელფასს იღებს და ვინ კარგ ხაჭაპურს აცხობს…

ქვეყანაში, რომელსაც ათეულობით ათასი მოშიმშილე ბავშვი ჰყავს…

ქვეყანაში, სადაც  ქალებს ხოცავენ მოქმედი თუ ყოფილი ქმრები…

ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სრულიად მორღვეულია…

ქვეყანაში, სადაც საბავშვო ბაღებითაც კი ვერ ხერხდება მოსახლეობის უზრუნველყოფა….

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი კატასტროფულია….

ქვეყანაში, სადაც დაბადებულების და გაზრდილების სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს….

ქვეყანაში, სადაც მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია…

სწორედ ასეთი ქვეყნის პირველი პირები გამოდიან და აბორტის საშინელებაზე გვიქადაგებენ.   

 

მე მჯერა, რომ აბორტი ანგრევს არა მხოლოდ ერთ სიცოცხლეს, არამედ ძალიან ბევრ რამეს… მე მჯერა, რომ სიცოცხლე არ იწყება სამშობიარო მაგიდიდან…. არ ვეთანხმები აზრს, რომ ორსულს აქვს უფლება მეორე სულის ბედი მარტივად გადაწყვიტოს… მაგრამ, თუკი მე ვერ შევძლებ ახალი სიცოცხლის დაბადების პრობლემებში გვერდით დავუდგე ადამიანს, თუკი ამისი შნო არ მაქვს, როგორც ღვთისმსახურს, როგორც ერთ ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე ეძვირფასება მის ნებისმიერ გამოვლინებაში, მაშინ საკუთარი თავი არ მაძლევს მორალის კითხვის უფლებას.

 

აბორტს იკეთებენ ქალები, რომელთა სიცოცლე სასწორზეა…

აბორტს იკეთებენ ქალები, რომლებსაც ეშინიათ კიდევ ერთი გოგოს გაჩენის…. რომლებსაც ეშინიათ კიდევ ერთი ბიჭის გაჩენის….

აბორტს იკეთებენ ქალები, რომლებსაც აიძულებენ აბორტი გაიკეთოს…

აბორტს იკეთებენ ქალები, რომლებიც თვლიან, რომ კიდევ ერთი ფეხმძიმობა ფიგურას გაუფუჭებს…

აბორტს იკეთებენ ქალები, რომლებიც თვლიან რომ მათ კარიერას დაანგრევს შვილი…

აბორტს იკეთებენ ქალები, რომლებსაც ეშინიათ ფეხმძიმობის გამჟღავნების (ან იმიტომ რომ პატარები არიან, ან იმიტომ რომ დიდები არიან)…

აბორტს იკეთებენ ქალები იმიტომ, რომ არავინ ასწავლა, რომ შვილიანობის დაგეგმვის სხვა, ნაკლებ ბრუტალური გზებიც არსებობს….

 

ჩემთვის აბორტი საშინელებაა. მაგრამ ამასთან შებრძოლება აბორტის აკრძალვით, გინეკოლოგების მკვლელებად გამოცხადებითა და ქალების მკვლელ დედებად ქცევით სრულ ამორალობად მიმაჩნია.  საკითხის ასე დაყენება _ ფაღარათის უკანალის ამოკერვით მოგვარებასა მაგონებს (მომიტევეთ უხამსი შედარება).

 

ვიდრე სხვისა საშვილოსნოში ხელის ფათურის უფლებას მივცემდე საკუთარ თავს, მირჩევნია იმ სიცოცხლის დაფასება ვისწავლო, რომლებიც ჩემს გარშემოა… სიცოცხლეებისა, რომლებიც ისევე სასწაულებრივად მოევლინნენ ამ ქვეყანას, როგორც ჩემი შვილები… იქნება ჯერ იმას მივხვდე, რომ თითოეული ეს სიცოცხლე ცალკე სამყაროა, დიდი, ამოუცნობი და უსასრულო სამყარო…

 

და თუ ყველა შევძლებთ სიცოცხლე აღვიქვათ და დავინახოთ როგორც სათითაოდ აღებული დიდი სასწაული, დიდი ჯილდო, დიდი საჩუქარი, სიცოცხლე, რომელიც თვითმყობადია, რომელიც თავისუფალია, რომელიც მშვენიერია და ყველასაგან განსხვავებულია, მაშინ იქნებ სიცოცხლეზე ლაპარაკისას არ ჩავიკეტოთ prolife და prochoice სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულ მტრულ ბანაკებში… და მერე…

 

იქნებ გავბედოთ და მშობლებმა შვილებს არ მოვუყვეთ წეროებისა და კომბოსტოების ამბები და სიცოცხლის საიდუმლოს ბავშვებისათვის ადაპტირებული, მაგრამ ნამდვილი ვერსია ვუთხრათ…

იქნებ მოზარდებს ვასწავლოთ საკუთარი სხეულის შესახებ და არ მივანდოთ ეს ამბავი სამეგობროს, მეძავებში წამყვან ბიძებს, პორნო ინდუსტრიას…

იქნებ მერე მართლაც მივხვდეთ, რომ სიცოცხლე არაა დემოგრაფიის სფერო…

იქნებ მერე ექიმმაც სასწრაფოს მიმღებში დაუდევრად, მოვალეობის მოხდისათვის არ გასინჯოს მოხუცი ავადმყოფი…

იქნებ მერე მასწავლებელმაც უზრდელი არ ეძახოს ბავშვს, რომელიც ისე არ იქცევა, როგორც დანარჩენები…

იქნებ მერე მეგობრებმაც არ დასცინონ სათვალიან თანაკლასელს…

იქნებ მერე ქვეყნის ხელისუფალმაც ეს ქვეყანა ამომრჩეველთა ბრბოდ კი არა, ადამიანების სამყოფელად აღიქვას და შესაბამისად ადამიანებივით მოგვექცნენ…

იქნებ სახელმწიფომ ახალი მოქალაქის დაბადებისას არ ჩათვალოს, რომ  მხოლოდ ბავშვის მშობლების და პაპა-ბებიის თავში სახლელია სამშობიარო ხარჯები, პამპერსები, კვება…

 

ხო და იქნებ მერე ფეხმძიმე ქალს აღარ შეეშინდეს მეხუთე შვილის, უნარშეზღუდული შვილის, ისევ გოგოსი ან ისევ ბიჭის გაჩენა და ეს პრობლემაც მოგვარდება.

Leave a comment

Filed under Uncategorized

მოულოდნელი კორიდორი….

წლების წინ ცისფრად შეღებილი კედლები… შავი, ან გაშავებული, გაცილებით ძველი, ვიდრე ამ კედლების საღებავი, სავარაუდოდ გასულ საუკუნეში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაგებული, მეტწილად ამოცვენილი პარკეტი… ფორმა დაკარგულ ჩარჩოებში ჩამოკიდული კარები… ფანჯრები, რომლებიც პაპანაქება სიცხეში ნიავის შემოსვლის იმედადაა ღია…  კორიდორები ჩაბნელებული… ვერ ვხვდები ეს სიბნელე განწყობისაა, თუ მართლა ვერ ერევა აგვისტოს მზე სევდით დამძიმებულ კედლებს…

 

article-2567264-1BCFD51800000578-293_964x641

კორიდორი სავსეა ხალხით. ვისაც გაუმართლა აქა-იქ მდგარ შალითაგადატყავებულ სკამზე ზის… აჩრდილივით გაცრეცილი შუახნის ქალი, რომელსაც თხელი თავსაფრიდან ახლად ამოსული ჭაღარები მუჩანს, ფურცლებით ხელში კედელ-კედელ მოფარფატებს…

კორიდორში შესასვლელთან უნიფორმიანი დაცვა გვაჩერებს და საშვებს გვთხოვს. უკვე მრავალგზსის სხვადასხვა რიგში რომ არ ვიყოთ ნადგომი ამ დილას (ზოგში შეცდომით და ზოგშიც სრულიად უაზროდ), მანამდე რამოდენიმე საავადმყოფოში წინ და უკან რომ არ ვიყოთ გაგზავნილი და დაბრუნებული, საშვის მოთხოვნა არ გამაღიზიანებდა. . .

რა შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში მაზე უფრო ემოციური, დამთრგუნველი, მძიმე და მნიშვნელოვანი, ვიდრე ვიზიტი ონკოლოგთან. როდის, თუ არა ახლა გჭირდება მშვიდი, მყუდრო და თბილი გარემო, სადაც შენს ჯანმრთელობაზე დაგელაპარაკებიან. ვინ, თუ არა კარგი ექიმი გჭირდება, რომელიც პროფესიონალური ცივი გონებით (ოღონდაც არა ცივსისხლიანი მიდგომით),  თანაგრძნობით (და არა შეცოდებით), კარგად გათვლილ-დავარცხნილი (ადამიანისათვის გასაგები ენით) დაგელაპარაკება.

ზემორეაღწერილი კორიდორის გავლით მოვადექით ერთ ცუცქნა ოთახს, რომელიც კარით ეზოში გადის და დროდადრო მოსაწევად ეზოში გასული თეთრხალათიანი ადამიანები შემოდიან. ოთახში ორი ექიმი ზის და პარალელურ რეჟიმში ღებულობს პაციენტებს… ორივეს მაგიდაზე აწყვია უამრავი ანკეტა… გული შემეკუმშა… რამდენი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია ამ მონჯღრეულ მაგიდაზე…

_ ექიმო, ჩვენ გუშინაც ვიყავით თქვენთან…

_ დიახ….

_ მოვიტანე დასკვნა… აქ წერია მესამე სტადიის სიმსივნე… და წერია ქიმიის კურსი…

_ დიახ…

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი სიმსივნე დადასტურდა? ანუ მესამე სტადიაა? და თქვენ ქიმია დამინიშნეთ?

_ გენაცვალე, ყველა წამალი ქიმიაა…

_ დიახ, მესმის… ( დაბნეული იყურება)…

_ ეხლა უყურე… (მას შემდეგ რაც სხვადასხვა ანკეტებში რაღაცეების წერას და კითხვას, ფურცვლასა და კოლეგა ექიმთან სხვა პაციენტების შესახებ უკმაყოფილო ლაპარაკს მორჩა) თქვენ აქ გიწერიათ რომ ალერგიული ყოფილხართ… ამიტომ უნდა წახვიდეთ ალერგოლოგთან და მომიტანოთ მისი დასკვნა…

_ დიახ…

_ წადით ნებისმიერ საავადმყოფოში და მომიტანეთ ალერგოლოგის დასკვნა. როგორც კი დასკვნა მექნება ხელში, მაშინვე ვიწყებ გადასხმებს…

_ ქიმია გადასხმას ნიშნავს? …

…. პასუხი საჭიროდ არც კი ჩათვალა ქალბატონმა ექიმმა და ერთმანეთზე უფრო დამფრთხალი და დაბნეულები გამოგვიშვა დავალების შესასრულებლად.

ამის მერე კიდევ ძალიან ბევრჯერ გვიარეთ ეს ბნელი კორიდორი, კიდევ ბევრჯერ ვიდექით რიგში ხან საშვისათვის, ხან ანკეტისათვის, ხან იმისათვის რომ მიმხვდარიყო, რომ ამ რიგში დგომა სულაც არ ყოფილა საჭირო, ხან ალერგოლოგთან, ხან ნევროლოგთან, ხან სალაროსთან, ხან ….  ყველა რიგის ბოლოს გვხვდებოდა გაბრაზებული, გაღიზიანებული და ცხოვრებისაგან შეწუხებული ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პაციენტები მიზანმიმართულად უწამლავენ მათ ცხოვრებას….  ამ მარათონის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველა ვერ იქნება პაციენტი… იმისათვის რომ იყო პაციენტი უნდა აკმაყოფილებდე კონკრეტულ კრიტერიუმებს: სულ ცოტა, უნდა ფლობდე ლათინურს და ინგლისურს… უნდა გქონდეს საკმარისი შემოსავალი და ყოჩაღი და მანქანიანი ოჯახის წევრები (ერთი ან მეტი)… უნდა შეგეძლოს თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები, უნდა მართო საკუთარი მკურნალობის პროცესი, უნდა მიხვდე რა აქვს გუნებაში შენს მკურნალ ექიმს…..

რომ ვთქვა, ამ რეალობას მოულოდნელები შევხვდით-თქო, არ იქნება მართებული… ჯერ ერთი ის, რომ ონკოლოგიური პაციენტობისათვის არავინ ემზადება… და მეორე, თუკი რაიმე მომზადებაზეა ლაპარაკი, ჩვენს ოჯახს „სერიოზული მოსამზადებელი“ პერიოდი აქვს გამოვლილი… 14 წლის იყო მამა, როდესაც მამა მოუკვდა, მერე 53 წლის ასაკის დედა (მაშინ დიდი გვეგონა), მერე 28 წლის ასაკის და, 30 წლის დეიდაშვილი, მერე ძმა, მერე ძმისცოლი…. და ყველა ამ ადამიანებს სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა… და ყველა ამ ადამიანის სიცოცხლისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო მამა ჩართული… ერთის მხრივ ხომ ავადმყოფს რომ უმალავდნენ დიაგნოზს და უამრავ ზღაპარს უყვებოდნენ. მეორეს მხრივ ხან ტრადიციულსა და ხანაც არატრადიციული მეთოდებით ცდილობდნენ უკურნებლის დამარცხებას… ზოგს მოსკოვში გაუკეთეს ოპერაცია; ზოგს თბილისში ქიმია; ხან კიბორჩხალებს იჭერდნენ 30 დეკემბერს, ხან ახლადდაბადებული ბოცვერების სისხლს ასმევდნენ ავადმყოფს (არ აგიწერთ ამ სისხლის ჭიქამდე მისვლის პროცესს, თქვენთვის მომინდია)…

მეგონა ეს შამანურ-მაიმუნური ეტაპი ისტორიას ჩაბარდაო… მეგონა, როგორც მედიკამენტები და ასევე სამედიცინო ეთიკაც შეიცვალა ამ წლების მანძილზე. მეგონა, როგორც აღარავინ უყვება შვილებს წეროებისა და კომბოსტოების ამბავს, ასევე ონკოლოგიურის პაციენტებსაც აღარავინ უმალავს დიაგნოზს. მაგრამ როგორც ბავშვებს არავინ უხსნის რეპროდუქციულ საიდუმლოებებს პორნო ფილმებით, ასევე წარმოუდგენელია ასე დაუდევრად დააყენო ადამიანი ასეთ რეალობის წინაშე. მეგონა ექიმებიცა და პაციენტებიც სიცოცხლისათვის ბრძოლის პროცესში ადამიანობის დაკარგვის გარეშე ერთვებიან… მაგრამ შევცდი…

მუცლის ტკივილებით მისული ადამიანი ისე ატარეს ექიმიდან ექიმამდე, საავადმყოფოდან საავადმყოფომდე, რომ არავინ აუხსნა რის ანალიზს უკეთებდნენ და რისი ეჭვები უჩნდებოდათ, თუ უქრებოდათ… ხან ბიუროკრატულ და ხანაც სამედიცინო ლაბირინთებში სიარულით თავბრუდახვეულებმა ერთ საღამოსაც ეს დაუჯერებელი დიაგნოზი თავად ამოიკითხეს ფურცლებიდან, რომელსაც აქეთ-იქით დაატარებდნენ.

ეს ყველაფერი ნორმა მეგონებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც ერთ „მშვენიერ“ დღეს მივლინებიდან დაბრუნებულს დედამ დამახვედრა სრულიად წარმოუდგენელი სამედიცინო დასკვნა და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, მივადექით ერთ ნაცნობ ონკოლოგს ( ნაცნობი გჭირდება იმისთვისაც კი, რომ გაიგო სად და როგორ ხარ). მაშინ გავიგეთ, თუ რას ნიშნავს ექიმმა აგიხსნას შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ლათინური სიტყვებისა და ყოველგვარი ვაი-ვიშისაგან  დაცლილი ქართულით, მოკლე წინადადებებითა და პოზიტივზე მოწყობილი ფრაზებით. მაშინ მივხვდი, რომ შეიძლება ექიმმა სიტყვითაც გიმკურნალოს… მაშინ მივხვდი, რომ არაფერი დაგვიშავებია ჯანდაცვის სისტემის წინაშე…. მაშინ მივხვდი, რომ პაციენტობა არაა დანაშაული…

მაგრამ ეს გამონაკლისი გამონაკლისად დარჩა. ჩვენ ისევ დავდივართ იმავე საავადმყოფოში, იმავე ფურცლებით, იმავე საშვებით, იმავე რიგებში… ამ გზას უკვე მერამდენედ გავდივართ ამ ორი თვის მანძილზე და ყოველ ჯერზე ახალი ძალით მაწვება კითხვები. ოღონდაც ეს კითხვები არ უკავშირდება არც სიცოცხლეს, არც ღვთიურ სამართლიანობას, არც განგებას, არც სიყვარულსა თუ იმედს… ეს კითხვები უკავშირდება არც მერი, არც ნაკლები დანგრეულ კედლებსა და დანგრეულ სისტემას… სისტემის დანგრევის რიტორიკა ძალიან პოპულარულია ჩვენში… დასანგრევი უნდა დაინგრეს, მაგრამ თუ ახალი არ ააშენე, მერე ნანგრევები იქცევა კანონად…

მე ვინ ვარ, რომ სისტემა წამოვიკიდო… მე ერთი ადამიანი ვარ… მხოლობითი… ერთი დედით… ერთი სიცოცხლით… ერთ პროფესიით… ერთი იმედით….  მაგრამ მე ხომ მარტო არ ვარ… მარტო დედაჩემი არ გადის იმ სევდისაგან დაბნელებულ კორიდორს კვირაში რამდენჯერმე, მარტო მამაჩემი არ დგას იმ უაზრო რიგებში, მარტო მე არ მიმძიმდება პასუხისმგებლობის გრძნობა, როცა არ ვცვლი მკურნალ ექიმს, იმიტომ რომ არ მაქვს იმედი, სხვა უკეთესად მოგვისმენს; მარტო ჩვენ არ გვეპარება ეჭვი სადაზღვეოს კეთილსინდისიერებაში, რომ წამლების შესყიდვისას ყველაზე დაბალხარისხიანსა და ყველაზე საცდელს არ არჩევს… მარტო ჩვენ არ ვართ ერთიმეორეს გამხნევების იმედად…

ჩვენ ამას მოვერევით, ყოფას ვუტირებთ ამ დამპალ ავადმყოფობას, იმიტომ რომ არ გვიკეკლუცია მასთან და პირდაპირ ჩავხედეთ თვალებში… არც ენის მოჩლექვით გვილაპარაკია არც ერთ ეტაპზე. თავს შევიკავებდი პიეტიზმისა და ზედმეტი პათეტიურობისაგან, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ რა კარგია, ჩვენი იმედი სხვა რამეზე რომ ჰკიდია…  

თან ვიცით, რომ არსებობს რაღაც კანონზომიერება და არაფერი ხდება შემთხვევით ჩვენს თავს… 

იქნება უნდა მე შემხებოდა, რომ მივმხვდარიყავი რას ფიქრობს, რა სტკივა და რისი ეშინია ქიმიის რიგში ანკეტებით ხელში მდგომ შუახნის ქალს, რომელსაც თხელი თავსაფრის ქვევიდან ახლად წამოსული ჭაღარა მოუჩანს…

იქნებ მე უნდა გამევლო ის კორიდორი და მივმხვდარიყავი, რომ სოციალური სამართლიანობის აღდგენა სწორედ აქ, ამ საღებავჩამოყრილი კედლებიდან უნდა დაიწყოს …

 

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

დედა, ღმერთი გოგოა თუ ბიჭი?

images

Based on real story

გუშინ დედას ვკითხე ღმერთი გოგოა თუ ბიჭიო… დედამ რაღაცეები მითხრა და ვერ გავიგე. ჯერ ძალიან პატარა ვარ ალბათ. იმედია დედა დაიმახსოვრებს რაც მითხრა და დიდი რომ გავიზრდები კიდევ შევეკითხები და მერე აუცილებლად გავიგებ… არა და როცა ლიზიზე ვკითხე მაშინვე მიპასუხა, გიოზეც,  პაპაზეც და მამიდაზეც… ღმერთზე რომ ვკითხე ვერაფერიც ვერ გავიგე…

ნელი მასწავლებელს რომ ვკითხო? მასწავლებელს აუცილებლად ეცოდინება. მასწავლებლებმა ხომ ყველაფერი იციან. ღმერთზე კიდევ უფრო ბევრი იციან ვიდრე დედიკოებმა და მამიკოებმა. გაკვეთილს რომ ვიწყებთ თავზე წითელყვავილებიან თავსაფარს მოიხვევს ხოლმე და ლოცვას გვასწავლის. ჩემი დედიკო არ იხვევს არასოდეს თავსაფარს და არ ლოცულობს. შევეკითხებოდი, მაგრამ მეშინია არ გაბრაზდეს. იქნებ უნდა უკვე ვიცოდე? მერე შეიძლება ორიანი დამიწეროს, ან ფეხზე დამაყენოს მთელი გაკვეთილი, როგორც მაშინ, როცა ჯვარი შემიმოწმა და არ მეკეთა გულზე.

ლიზის ლამაზი ჯვარი აქვს გულზე, ირაკლისაც, გიოსაც… მე არ მაქვს. დედას ეგეც ვკითხე და ვერც ეს პასუხი გავიგე კარგად. როცა მეუბნება რატომ არ ყიდულობს ახალ თოჯინას, ან ახალ კაბას, ვიგებ… ხან ფული არ გვაქვსო, ან ეგეთი ხომ უკვე გაქვსო… ჯვარზე კი ასე მითხრა გაიზრდებიო და შენ გადაწყვიტეო… და სკოლაში წასვლაც რომ მე გადავწყვიტო როცა გავიზრდები? არაო, ნათლობა ძალიან მნიშვნელოვანიაო… ვერ გავიგე, სკოლაც ხომ მნიშვნელოვანია? ალბათ ღმერთი უფრო მნიშვნელოვანია.

მე არ მაქვს ჯვარი. არა და რა კარგი იქნებოდა მეც რომ ლამაზი ჯვარი მკეთებოდა და მასწავლებელს რომ მოსწონებოდა… მერე ხომ აღარ ამაყენებდა ფეხზე და არ მომიწევდა ტყუილების თქმა, რომ ნათლია მყავს სხვა ქვეყანაში და ვერ მოასწრო რომ ჯვარი ეყიდა… მე რომ ჯვარი მეკეთოს, ხომ აღარ შემეშინდება ხოლმე, რომ მასწავლებელი კიდევ ამაყენებს ფეხზე, როცა ღმერთზე დაიწყებს ლაპარაკს. დედიკოს ჩემთვის ჯვარი რომ ეყიდა, ხომ არ დამცინებდნენ ბავშვები კლასში, არაც თავის დედიკოებს მოუყვებოდნენ მე რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები… ალბათ ღმერთსაც ვეყვარებოდი და ალბათ არც ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი ….

მინდა რომ ლიზისნაირი ვიყო, ირაკლისნაირიც. ხო და მე რომ გავიზრდები აუცილებლად მექნება ჯვარი, მეცოდინება ღმერთი გოგოა თუ ბიჭი და არ მოვხვდები ჯოჯოხეთში…

Leave a comment

Filed under Uncategorized