იყო და არა იყო რა . . .

იყო და არა იყო რა;

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. . .

იყო ერთი ღმერთი.

ეს ღმერთი ამბობდა ”მე ვარ ვინცა ვარო” (თუ ”მე ვარ, რომელიც ვარო” ,თუ რაღაცა ესეთი). . .6

არა და ვინ იყო?

დურგლის გაზდილი მაინც არა ყოფილიყო, ან სადმე წესიერ სასწავლებელში მაინც ესწავლა. ეხლა, კი ამბობენ რომ გვარიშვილობა ცუდი არა ჰქონდაო, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი. . .

და საერთოდაც, სანამ 30 წლისა არ გახდა ვის რა სმენოდა მაგის შესახებ?

არაფერი.

ძალიან უცნაური სანათესაო კი ჰყავდა მაგისი დეიდაშვილი იყო, თ უ რაღაცნაირი ნათესავი. ახალგაზრდა ბიჭი, გაიქცა სახლიდან და მაწანალასავით დადიოდა და რაღაც საზიზღრომემს ჭამდა (კალიებსო ამბობენ) და ასე, უშვილძიროდ წავიდა ამ ქვეყნიდან. წავიდა რა, თავისი ნებით კი არ გალია წუთისოფელი. იმდენი ქნა, იმდენი, სანამ საკალანდე ღორივით არ გამოსჭრეს კისერი (შორს ჩვენგნ, შორს ჩვენგან. . . ). არა და რა უჭირდა? ერთი შვილი ჰყავდა მაგის გამჩენს, ისიც სიბერეში ნანინანატრად გაუჩნდათ და თავს ევლებოდნენ. მამამისი კარგი განათლებული და სოფელში პატივცემული მღვდელი იყო. ალბათ მაგის სახლიდან გაქცევას გადაყვნენ ის უბედურები. ან შეიძება სიბერითაც დაიხოცნენ, არ ვიცი, არ ვიცი. . .

ხო, იმას ვამბობდი, მე ვარ ვინცა ვარო.

დურგლის შვილი იყო, არა და თავის დროზე დურგლები კარგად ცხოვრობდნენ. ეს საწყალი კიდევ მინდვრის თაგვივით უქონელ-უპოვარი დაიარებოდა. მელიებს სოროები აქვთ და იმას კიდე საკუთარი ერთი ადგილი არა ჰქონდა რომ თავი დაედო და დაეძინა. დაეხეტებოდა სოფლიდან სოფელში. აიყოლია სხვებიც. ისე იმათიც გამკვირვებია რა. ის იმოდენა კაცები რაღამ ააცუნდრუკა ჰა? დაჯე რა ადამიანო, მშვენიერი საქმე იცი, კაი ბადეებს ქსოვ და კაი თევზს იჭერ. . . რაღა ჯანდაბა გინდა? არაო, თევზის ჭერა არ იკმარეს და ხალხის გამოჭერას მიჰყვეს ხელი. არ ვიცი, არ ვიცი. . . ისე, ეხლა განა მაგითი ვერ შეინახავდნენ ოჯახს. ქვეყანა ავადმყოფი და უბედური დასდევდათ და კურნავდნენო (რავი, ხალხი ეგრე ამბობდა).

ან ვინ აფინანსებდათ? ხან 3000 კაცი დააპურეს, ხან 1500. ხალხი ლაპარაკობდა სულ ცხელ-ცხელი ლავაშები და ცოცხალი გვაჭამესო. ხალხიც ბრბოა. სადაც აჭმევდნენ იქ მირბოდნენ, თორემ აბა ”ბარაბა, ბარაბას” რომ სკანდირებდნენ მერე, კი აღარავის ახსოვდა ლავაშებს რო კარგად მიითმევდნენ.

ნამდვილად საეჭვო კავშირები კი ჰქონდა. სულ მებაჟეებთან იჯდა. და არა მარტო მებაჟეებთან რა. . . თან რო არცა მალავდა. ერთხელ მთელს სოფელს გადაუდგა წინ რო ერთი კახპა არ დაასჯევინა. არ ვიცი რა, არ ვიცი. . .

ბოლოს კი ვერც მებაჟეებმა უშველეს და ვერც თავისმა ძმაკაცებმა. ეხლა, ბევრი კი ემდურება ამ მთავრობას, მაგრამ ვინც დასაჭერია დროულად იჭერენ. ჯერ დამსხდარად ერთ სახლში ზემო თვალი უქირავებიათ, კარგად უქეიფიათ. და მერე ეს მთვრალები გასულან გეთსიმანიის ბაღში. მაგრამ, ეხლა ამ მთავრობას სად დაემალებოდნენ. 12 კაცი რომ ერთადაა მეცამეტე მთავრობის შპიონია. ხო და აიყვანეს კიდევაც. კი თქვეს წინააღმდეგობა არ გაუწევიაო, მაგრამ ერთ ჯარისკაცს ყურიდან სისხლი სდიოდა და, ალბათ მაინც გაუძალიანდა. მაგრამ ძალა აღმართსა ხნავსო, ხო იცი. ეტყობა მაგაზე იყვნენ მერე ესენიც გამწარებულები, რომ ხან სცემეს ეს უბედური და ხან მასხრად იგდეს. . . მერე კი შემეცოდა. არა და რა უნდოდა? მშვენიერი ჭკვიანი ბიჭი იზრდებოდა. გამოვიდოდა მღვდელი და მოეკიდებოდა ოჯახს და ის საწყალი დედამისიც მოისვენებდა. იმისი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა. ახალგაზრდა შვილს რომ მიწას მიაბარებ. თან ეხლა სიკვდილიცაა და სიკვდილიც. კიბო რომ ჰქონოდა ან ავარიაში მოყოლილიყო არ ერჩივნა? მერე კიდევ, რომ მოგიკვდება შვილი და იმისი საფლავი რომ მაინცა გაქვს და იცი სად დაიტირო, ეგეც ნუგეშია. ეს უბედური ქალი მაგისი ღირსიც არა ყოფილა.

მერე ისე აურია, დადიოდა და ამბობდა ჩემი შვილი გაცოცხლდაო და . . . ეეეჰ.

არ ვიცი, არ ვიცი. . .

არა და ეხლა მალე დაბადების დღე მოდის. 

მინდა სკამი;
მინდა უდაბნო;
გამხმარი ყვავილები;
მინდა ცა;
მინდა ნისლი;
მინდა სიჩუმე;
მინდა მარტოობა;
კივილიიი მინდააააააააააააააა!!!!!!
უფალო, აბა შენ საიდან გეცოდინება როგორი ძნელია ამ დასაქცევ მიწაზე ცხოვრება.
შენ რა იცი?
შენ არაფერიც არ იცი.
შენ რა იცი რა არის  უდაბნო;
შენ რა იცი რა არის გამხმარი ბალახი?!
შენ რა იცი რა არის ცა?!
რა არის ნისლი;
რა არის სიჩუმე;
მარტოობა. . . .
შენ რა იცი რა არის ტკივილი?
შენ რა იცი რა მტკივნეულია, როცა გიმსჭვალავენ ხელისგულებს;
შენ რა იცი რა საშინელი ხმა აქვს ჩაქუჩებს,
შენ რა იცი რა საშინელი სუნი აქვს მიცვალებულის ფერდიდან გადმომსკდარ სისხლსა და წყალს?!!!
შენ არ იცი?!
შენ არ იცი როგორი ჩუმი და უტყვია ყაყანი.
შენ არ იცი რა აუტენალია მდუმარების ხმა,
შენ არ იცი როგორია მარტოობა ხალხით სავსე სამყაროში და რა ბევრია ერთი ადამიანი. . .
მინდა უდაბნო;
გამხმარი ყვავილები;
მინდა ცა;
მინდა ნისლი;
მინდა სიჩუმე;
მინდა მარტოობა;
კივილიიი მინდააააააააააააააა!!!!!!

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s