5 კაპიკიანი ბულკი

 

”ზურია, რასაა რომ დაბორიალობ სოფელ-სოფელ?”  53462348_cf3aa9ad1d

”ვაააა, დრასტი, დრასტი, დრასტი. . . . .” იკრიჭება ზურია და დროდადრო ზევით ზევით იყურება.

”ზურია, ცოლი როდის უნდა მოიყვანო?”

”ცოლი არაააა! ცოლიო, ცოლიო, ცოლიო, ეეეეე” ზურია ერთბაშად წითლდება და ეხლა მხოლოდ ზევით იყურება.

”ჰაა?! რა იყო?”

”მიდი ეხლა შენააა!ვააა, ვააა, ეეეე” ზურია ბრაზდება.

”კაი, კაი, არ გამიბრაზდე და ბულკს გიყიდი.”

ზურიას თვალები გაუბრწყინდა და ეხლა კიდევ უფრო დარცხვენით იყურება მიწაზე, მერე ისევ ცისკენ, მერე ისევ მიწაზე.

”ბულკი? ბულკი? ბულკი? მომე, მომე, მომე, მომე 5 კაპიკი. 5 კაპიკი მომე რა. ბულკს ვიყიდი. 5 კაპიკი მომე რა!” ზურიას ეღიმება და თვალები უცრემლიანდება სიხარულისაგან. უხეიროდ დაფჩენილი პირიდან დორბლები გადმოსდის.

”აჰა შენ ბუკის ფული. აჰა შენ ორი აბაზი და იყიდე რამდენიც გინდა”. 

”არა, არა, არა, მე 5 კაპიკი მინა. ბულკი უნდა ვიყიდო. 5 პაპიკი მინდა. 5 კაპიკი უნდა მივცე ციალას და ბულკს მომყიდის. . .  ბულკი უნდა ვიყიდო, ბულკი. . . 5 კაპიკი უნდა მივცე, ციალას უნდა მივცე ეეეეე.. . ”

”და შენც ადექი და აბაზი მიეცი.”

”არა, არა, არა, არა, ციალამ მითხრა 5 კაპიკი მომიტანეო, 5 კაპიკიო. ბულკს ისე არ  მომცემს ციალა. . .” ზურიას იმედგაცრუება დაეტყო ხმაში. დორბლიანი ქვედა ტუჩი ამოუტრიალდა. ახლა მხოლოდ მიწას დასცქეროდა. ”5 კაპიკი მინდა მე. ციალას უნდა მივუტანო, თორემ ისე არ მომცემს ბულკს.”

 

აი  ესეც გიჟი ზურიას 5 კაპიკიანის ამბავი.  რამდენს ხალისობდნენ სოფლის კაცები. ”აჰა, ზურია მანეთიანი; აჰა ზურია თუმნიანი” ; ” 5 კაპიკი მინდა, უნდა ციალას მივუტანო.” რამდენჯერ უტირებიათ საწყალი ზურია.

”მელოჩნიკები” ვართ ყველანი, საწყალი ზურიას ნაირი 5 კაპიკიანი მელოჩნიკები. გააჩნია ვინ რამდენად ხურდავდება. სიმართლე ისაა, რომ ყველა ვხურდავდებით. საკუთარი 5 კაპიკიანი ბულკის იქეთ ვერაფერს ვხედავთ. 

ძნელია არ დახურდავდე, თუკი იცი, რომ შესაძლებელია წყლის ღვინოდ ქცევა (იოანე 1:11). ძნელია არ დახურდავდე, თუკი იცი რომ შესაძლებელია 5000 კაცის ხუთი პურითა და ორი თევზით დაპურება(ლუკა 9:12-17), თუკი ბარტიმეოსს თვალები აეხილა (მარკოზი 10:46-52); თუკი იარიოსს შვილი გაუცოცხლა (მათე 9:18-25);

ძნელია არ დახურდავდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქორწილში ღვინო გითავდება, როცა გშია, როცა გტკივა, როცა გცივა, როცა საყვარელი ადამიანი გიკვდება და როცა მარტო ხარ. ღმერთი ხან ჩვენი ექიმია, ხან ვექილი, ხან მზარეული, ხან მეგობარი, ხან ზავხოზი. . . მაშინ ხურდებად არ გეჩვენება შენი სათხოვარი.

”5 კაპიკი მომეცი რა ბულკი უნდა ვიყიდო”.

”რა თქმა უნდა მოგცემ. მე ხომ შენი ღმერთი ვარ. მე ხომ შენთვის წარმოვიცარიელე თავი და მივიღე მონის ხატება, მე ხომ შენთვის მოვევლინე ამ სამყაროს”. . .

”ვიცი, ვიცი უფალო. ვიცი რომ ჩვენთვის დაიბადე ამ დედამიწაზე, ვიცი რომ უფალი ხარ ყოვლის შემძლე და ყოვლისმყოფელი. მაგრამ 5 კაპიკი მომეცი რა, რომ ბულკი ვიყიდო.

”რა თქმა უნდა, შვილო ჩემო. მე ხომ შენთვის მოვედი, შენს გამო გავხდი ადამიანი, რომ შენთვის განღმრთობის საშუალება მომეცა. მე ხომ შენს გამო აღვუექი ბოროტებას. მე ხომ შენთვის . . . .”

”კი უფალო,  ვიცი ღმერთო, ვიცი. მე ხომ უფლის შვილი ვარ, მაგრამ, 5 კაპიკი მომეცი რა, ბულკი უნდა ვიყიდო”.

”განა არის მამა, რომელსაც შვილმა თევზი სთხოვოს და მან გველი მისცეს, ანდა პური სთხოვოს და მან ქვა მიაწოდოს. მოგცემ იმას, რასაც მთხოვ, მაგრამ მე გაცილებით ბევრი მინდა რომ მოგცე, შენ გაცილებით უფრო დიდებული რამისთვის მყავხარ შექმნილი.”

”ჰო, უფალო. მაგრამ 5 კაპიკი მომეცი რა, უნდა ბულკი ვიყიდო.” ვამბობ და უკვე მებრაზება.

” მე შენთვის ვეწამე, შენთვის ჯვარს  ვეცვი და შენთვის დავუპირისპირდი ქვესკნელს და მკვდრეთით აღვსდექი. შენთვის, რათა შენ იყო თავისუფალი, რათა შენ იყო ბედნიერი, . . . შენთვის მინდა ეს სამყარო, მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება, საუკუნო ნეტარება. . .”

”მჯერა უფალო. მჯერა, მაგრამ მიჭირს ეხლა, აქ და ასე მივხვდე რა არის ის, რასაც მეუბნები. მჯერა, რომ ჩემთვის მოკვდი, ჩემთვის აღსდექი. . . მაგრამ არ ვიცი რა ნაირია საუკუნო ბედნიერება, არ ვიცი როგორი სუნი აქვს თავისუფლებას, არ ვიცი რა გემოსია სიხარული. სამაგიეროდ ვიცი, როგორია ბულკი, რომელიც 5 კაპიკი ღირს.” ეხლა უკვე ძალიან ვბრაზდები და ზურიასავით დორბლები და ცრემლები ერთბაშად მომდის.

”. . . . . . .”

”არ დამძრახო. ” ვტირივარ: ” შენთვის ხურდაა ალბათ, მაგრამ ეხლა მტკივა! ღმერთო, შენთვის შეიძლება ხურდაა, მაგრამ მე ეხლა მშია, მცივა, მწყურია. ღმერთო, ვიცი, რომ შენ ჩვენთვი უდიდესი ნეტარება გემეტება, მეგრამ მიჭირს ამისი გაგება როდესაც 4 წლის პატარა ბიჭის სანახავად ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ მეორე ქიმიო თერაპიის კურსის მერე უკვე სულ მთლად გასცვივდა თმა და რომ მივალ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა ან ბავშვს, ან დედას, ან მამას. . . მაპატიე, მაგრამ ვერც იმათ ვერ ვეტყვი, რომ მერე რა რომ პატარა ცუდადაა, სამაგიეროდ შენ მათთვის დიდი ბედნიერება მოიპოვე.”

არავისი სიცოცხლე არაა ჩემთვის ბულკის ფასისა. ბევრმა იმედგაცრუებულმა ადამიანმა შემაქცია ზურგი, როცა მიხვდა, რომ იმ დაავადებით ჩავიდოდა მიწაში, რომლის გამოც მოვიდა ჩემამდე. ბევრი დახუჭავს თვალებს ბშიერი. ბევრი დალევს სულს უსახლკაროდ, მარტოსული. ბევრი შეაღებს საიქიოს კარს საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ. . .  უბრალოდ ის, რაც შენთვის მაქვს გაცილებით დიდია, გაციელბით დიდებულია და ადამიანის გონებისათვის აუზომავი და აუწონელი ”კაცის თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია ისეთი რამ მოგიმზადე. იმ ყველაფერთან შენი სათხოვარი 5 კაპიკიანს ჰგავს.

. . .მაგრამ მე ვიცი რა გემო აქვს სამარიტელი დედაკაცის ჭაში წყალს, ვიცი როგორი სუნი აქვს სისხლს მათრახის წვერებზე, ვიცი როგორ იჩხვლიტება ეკალი, ვიცი როგორ მტკივნეულია საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ვიცი როგორია მარტოობა, ღალატი. ვიცი როგორი ნერწყვები იცის, როდესაც გაკვრთილების შემდეგ მშიერი ბრუნდები შინისკენ და საფუნთუშის დახლზე ბულკებს მოჰკრავ თვალს.  ისიც ვიცი რა ღირს ის ბულკი.

მტკივნეული იცი კიდევ რა არის?”

”რა?” თვალებზე ცრემლებშემხმარი ვუგდებ ყურს.

”ტეხავს, როცა მარტო 5 კაპიკიანი ბულკის დროს გახსენდები.”

შემრცხვა.

 

 

 

 

Advertisements

2 Comments

Filed under Uncategorized

2 responses to “5 კაპიკიანი ბულკი

  1. LadyCrow

    wow ! great …

    p.s. კეთილი იყოს ჩემი კომენტი ამ ბლოგში 😀 კომენტი ჩემი..კვალი მეტი კომენტებისა 😀

  2. მშვენიერია ”რუსუდანი დეიდა” 🙂 , ასე განაგრძეთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s