ნაადრევი საჩუქარი ჩემი დაბადების დღისათვის

 ამ დილით გავხსენი ჩემი ფოსტა და უცნაური წერილი დამიხვდა:

ძვირფასო რუსუდან, დაბადების დღეს ამ პატარა ამბით მოგილოცავთ ინგლისიდან.

მალხაზი, ალა, მაიკლი და აერლისი

 ________________________________________________________________________________________________________

მოხეტიალე ქართველის ცხოვრების ერთი დღე

 

არც კი მეჯერება, რომ ჩემი ნაშრომის ბოლო თავს ვამთავრებ. ყოველ დღე მივდივარ ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, სადაც ძალიან ხშირად დილით პირველი მე შევდივარ და საღამოს ყველაზე ბოლოს მე გამოვდივარ. ვტკბები ამ ყოველდღიური რუტინის თითოეული წუთით.  საოცრად მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ. ბიბლიოთეკიდან არც თუ ისე შორს ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ველოსიპედით მივდივარ, რადგან დღის განმავლობაში სხვადასხვა კოლჯში მიწევს გასვლა.

ორიოდ სიტყვა მინდა გითხრათ ჩემი ველოსიპედის შესახებ. ველოსიპედის ხსენება ჩემში სახალისო ასოციაციებს იწვევს. რამოდენიმე წლის წინ ბურუნდიში პირველად ვიყავი სტუმრად ჩასული (დღეს თბილისში ხელდასხმული ეპისკოპოსი გვყავს ბურუნდიში).  ერთ საღამოს კაიანზაში ვსტუმრობდი, სადაც ნაკლებად ოფიციალური შეხვედრები მქონდა ბურუნდის ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლებთან. დავინტერესდი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მდგომარეობით. საუბრისას ამიხსნეს, რომ ბურუნდის საზოგადოებაში ველოსიპედის მფლობელ კაცს განსაკუთრებული სოციალური სტატუსი აქვსო. უველოსიპედო კაცს ქალსაც არავინ გაატანსო. სოციალური მდგომარეობის ამგვარი საზომი საინტერესოდ მომეჩვენა. მოგვიანებით, საუბარი კიდევ უფრო შინაურულ ატმოსფეროში გაგრძელდა და ოჯახებზე, ურთიერთობებსა და ჭორებზეც კი დავიწყეთ საუბარი. შუაგულ სჯა-ბაასში ახალგაზრდა ბურუნდიელი ღვთისმსახური მომიბრუნდა და მოულოდნელად მკითხა _ „დაოჯახებული ხარ?“  აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოჯახის ამბის გაგება ყველას უნდოდა. თავს უკვე შინაურებში ვგრძნობდი და დაუყოვნებლივ ვუპასუხე: „საქმე ისაა, რომ  ველოდიპედი არ მყავს და აბა ვინ გამომყვებოდა ცოლად?“ ბევრი ვიცინეთ.  მოგვიანებით, როცა 2008 წელს მე და ალამ ვიქორწინეთ, ბურუნდიდან წერილი მივიღე „ახლა ვიცით, რომ ველოსიპედი უკვე გყავს.“  საქმე ის იყო, რომ ველოსიპედი მაშინ ჯერაც არ მქონდა და ალა ასეთ უველოსიპედო კაცს გამომყვა ცოლად. ჩემი პირველი ველოსიპედი აქ, ოქსდორდში შევიძინე, სადაც ყველა, უფრო სწორად, თითქმის ყველა ველოსიპედით დაქრის.

სტუმრად მართლმადიდებელი მღვდელი მყავდა. გული ეტკინა, როცა ნახა, რომ ოქსფორდში ჩემს გარდა ყველა პედლებს ატრიალებდა და გადაწყვიტა რამე ეღონა. ერთ საღამოს სახლის კარი ამაყი ღიმილით შემოაღო და კარადისოდენა კოლოფი შემოათრია, რომელშიც ასაწყობი ველოდიპედი იდო. ასე და ამგვარად მართლმადიდებელი მღვდელი და ბაპტისტი მთავარეპისკოპოსი შევუდექით დიდ ეკუმენურ პროექტს _ ველოსიპედის აწყობას.

მართალია, თავიდან თავსა და ბოლოს ვერ ვუგებდით წვრილ ნაწილებად დაშლილ ველოსიპედს,  საბოლოოდ როგორც იქნა ავაწყვეთ და შესახედავად ნამდვილად ჰგავდა ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალებას. მერე რა, რომ ორკაპი უკუღმა დავუყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იაფი დაჯდა,  ველოსიპედი მოდურად და კოხტად გამოიყურება.  მამა ნიკოლოზი, რომელსაც ვაჭრობის განსაკუთრებული  ნიჭი აქვს, ფასდაკლებაზე გადააწყდა სადღაც აქვე, ოქსფორდში. ფაქტი სახეზეა, ველოსიპედი ისე თვალისმომჭრელად გამოიყურება, რომ ერთი ოქსფორდელი მწერალი, რომელიც ველოსიპედების კარგი მცოდნეა, დაინტერესდა მისი შესყიდვით.

რატომ გყვები ამ ყველაფერს? მგონი სულ სხვა ამბის მოყოლას ვაპირებდი.  ჩემს ყოველდღიურ რუტინაზე საუბარზე გავჩერდი. ხო და, ამას წინათ მივედი ბიბლიოთეკაში დილა ადრიანად. ჩვეულებისამებრ, რადკლიფ კამერის წინ, იქვე მივაბი ჩემი ველოსიპედი ერთი მაზალო ბოქლომით და ჩემი ჩვეულებრივი დღეც დაიწყო. მივდივარ ბიბლიოთეკარის მერხთან წიგნების წამოსაღებად. როგორც წესი, ერთი „დუჟინა“ წიგნები გამომაქვს ხოლმე.  ბიბლიოთეკარი სიმონი, რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობა აქვს,  მიღიმის და მეკითხება: „ ერთი-ორ წიგნს ხომ არ ინებებდით“. მეც ვპასუხობ: „არა, გმადლობთ, ერთ ჭიქა ჩაი მინდოდა მხოლოდ.“  ვიცინით, მე ვიღებ ჩემს წიგნებს და მივდივარ ჩემს მაგიდასთან. გრძელი მაგიდის ბოლოს მხვდება ლამინირებული ბარათი წარწერით _  „ თქვენ იმყოფებით მყუდრო ადგილას. გთხოვთ ნუ გამოიყენებთ თქვენს კომპიუტერს.“  აი, ეს არის ჩემი ადგილი. პიერ ტეარდ დე შარდინის კითხვას ვიწყებ და სულ მალე სრულიად ვწყდები ამ სამყაროს. მაოცებს მისეული კოსმიური ქრისტეს აღქმა.

კითხვისას ერთმა ფრაზამ უცებ გამახსენა, რომ რიჯენს პარკ კოლეჯში შეხვედრა მქონდა დანიშნული. უცებ დავხედე ჩემს საათს. ათი წუთი მქონდა შეხვედრაზე მისასვლელად. არც კი ავღელვებულვარ, მე ხომ ჩემი ვერცხლისფერი „რაში“ მელოდა გარეთ. კოლეკამდე სულ რაღაც ერთი მილის (კილომეტრნახევარი) გზა მქონდა გასავლელი.

ჩავირბინე ველოსიპედთან. თავში ჯერ ისევ შარდინის თეოლოგია მიტრიალებდა. ჩემს ტრანსპორტს ბოქლომი კი ავხსენი, მაგრამ ველოსიპედის ადგილიდან დაძვრა ვერაფრით შევძელი, რადგან აქეთ-იქიდან მოგვიანებით მოსული მკითხველების ველოსიპედები ჰყავდა ჩახუტებული. ბევრი ვეცადე, მაგრამ მათი ხლართებიდან ვერაფრით დავიხსენი ჩემი ველოსიპედი. მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი. ველოსიპედი ისევ დავაბი ძელზე და სირბილით დავეშვი კოლეჯისაკენ მიმავალ გზაზე. ვიგვიანებდი შეხვედრაზე, მაგრამ მთლად კატასტროფულადაც არა. ქართული სტანდარტებით ძალიანაც პუნქტუალურად მივედი.

შეხვედრის შემდეგ დავბრუნდი ბიბლიოთეკაში და გავაგრძელე მუშაობა. გვიან საღამოს, როცა უკვე კარგად ბნელოდა, გამოვედი ველოსიპედთან. ძელთან მხოლოდ ერთი ველოსიპედი იყო მიბმული. ავხსენი ბოქლომი და პედლების მძიმედ ტრიალით დავუყევი გზას. ცოტა რომ გამოვიარე, შევამჩნიე, რომ წინა ბორბალს რაღაც თეთრი დასთრევდა. სვლა შევანელე და კარგად დავაკვირდი. წინა ბორბლის „სიმებში“ ქაღალდი იყო გაჩრილი. ფურცელი გამოვაძვრე. ზედ რაღაც წერია. ნელი სვლით მივუახლოვდი ქუჩის ლამპიონს, თან ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ, რამის რეკლამაა-თქო.  ქუჩის განათების სუსტ შუქზე მხოლოდ პირველი წინადადება ამოვიკითხე: „პატივცემულო ველოსიპედის მფლობელო,..“  მივხვდი, რომ ბარათის ადრესატი მე ვიყავი და გავაგრძელე კითხვა. მეორე წინადადებამ კიდევ უფრო დამაინტერესა: „უბრალოდ, მინდა გაგაფრთხილოთ…“ ღმერთო ჩემო! ბარათი ჯიბეში ჩავიჭმუჭნე და სახლში წავედი. აქ, უკვე კარგ განათებაზე და ცხვირზე სათვალემორგებულმა გავაგრძელე კითხვა. გაინტერესებთ რა ეწერა ბარათში? მოდი ერთად წავიკითხოთ:

„პატივცემულო ველოსიპედის მფოლობელო,

უბრალოდ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოთ ახალი ბოქლომი ველოსიპედისათვის. დღეს დავინახე ერთი მოხუცი კაცი, გრძელი ჭაღარა წვერით, დღის 11 საათისათვის როგორ დასტრიალებდა თავს. ჯიბიდან გრძელი ჯაჭვს გამობმული გასაღებების ვეებერთელა ასხმა ამოიღო და დიდი ხანი ცდილობდა თქვენი ველოსიპედის ახსნას. მე ზევიდან დავყურებდი მას. მერე უცებ თავი დაანება ყველაფერს, ჯაჭვი ისევ ისე მიამაგრა ველოსიპედს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ბრასენოს ჩიხისაკენ. მგონი ჩემმა დანახვამ დააფთხო ქურდი…“

თავს ვერ ვიკავებ, რომ ჩემი დაკვირვებებით არ შეგაწყვეტინოთ ამ ბარათის კითხვა. როგორცა ჩანს, ბარათის ავტორმა ისიც გაითვალისწინა, რომ ველოსიპედის პატრონამდე შეიძლება ქურდს ეპოვნა მისი ნაწერი და ერთი ორი სიტყვა მისთვისაც მიაწერა: 

„… მაგრამ, თუ ამ წერილს ის მოხუცი კაცი კითხულობს, კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენი ფრიად საეჭვო გარეგნობა კარგად დავიმახსოვრე. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ამ მისამართზე დამიკავშირდეთ: e-mail … „

თავიდან უცებ ვიფიქრე, „მგონი ვიღაც ჩემი ბედაურის მოპარვას ცდილობდა-მეთქი“. მაგრამ მაშნვე მივხვდი, რომ გრძელ ჯაჭვზე გამოკიდებული გასაღებების ვეებერთელა ასხმულიანი ჭაღარა მოხუცი მე ვიყავი. ეს მე ვიყავი საეჭვო გარეგნობის ქურდი.

ამ დილით საგულდაგულოდ ავკრიფე სამადლობელი წერილი. გაინერესებთ რა მივწერე? აი, ბატონო ჩემი წერილი:

„ძვირფასო ელეონორა,

ფრიად დავალებული ვარ თქვენი ბარათით. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოწადინებისათვის, რადკლიფ კამერასთან ველოსიპედის ქურდობის აღკვეთისათვის. დიდი მადლობა წერილისათვისაც, რომელიც ველოსიპედის ბორბალში დამიტოვეთ.  მინდა ფინჯან ჩაიზე დაგპატიჟოთ მადლიერების ნიშნად.

მადლიერებით,

მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, რიჯენს პარკ კოლეჯი.

P.S. მაპატიეთ ჩემი დაბნეულობა. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ის ჭაღარა წვეროსანი კაცი, რომელიც თქვენ დაინახეთ, მე ვარ.“

რაღა თქმა უნდა, არ ვიცი ვინაა ელეონორა. მისი ნაწერით თუ ვიმსჯელებ, ალბათ ამერიკელია და ალბათ ოქსფორდში სასწავლებლადაა ჩამოსული. შეიძლება ვცდები კიდევაც. როცა პასუხს მომწერს, აუცილებლად გაცოდინებთ. მანამდე კი რადკლიფ კამერას ეზოდან ყოველ დღე მომიწევს საკუთარი ველოსიპედის მოპარვა.

 

 

 

 

Advertisements

2 Comments

Filed under Uncategorized

2 responses to “ნაადრევი საჩუქარი ჩემი დაბადების დღისათვის

  1. მიყვარს მალხაზის იუმორი, წერის მანერა და მისი ადამიანობა!!

  2. marina apkhazava

    please..put this story in English or written in Latin letters..I don’t have georgian fonts and can’t read anything written in Georgian..please tell me how can i download the georgian fonts on my phone?please..please….thank you..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s