“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!” 10 წლის ბავშვისათვის ეს, არც თუ ისე იოლად წარმოსათქმელი ფრაზა დაასწავლა ჩემს მათეს მისმა ნათლიამ ნათლობის დღეს. იმ საღამოს არ მახსოვს რამდენჯერ მოირბინა მათემ და ყურში მიჩურჩულა _ “რა დაიცავიო?” ან _ “რისი ხარისხიო?”. ნელნელა ხვდება რას ნიშნავს პრივატულობა და მისი დაცვის აუცილებლობა. ეხლა აღარ სჭირდება ამ სიტყვების გადამოწმება, ისე სხაპასხუპით მომახლის ხოლმე, თუკი მის სივრცეში შევაბიჯე.

***

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”

“შემოვიდეს შემდეგი!” გასძახა ექოსკოპისტის კაბინეტის კარიდან ექთანმა და ოთახში შებრუნდა. კარებში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი  შემოვიდა. უხერხულად მიუახლოვდა ექიმის მაგიდას. ექთანი ყოჩაღობდა. იქ საწოლზე ერთჯერადი გადასაფარებელი გამოცვალა, მერე რაღაც ფურცლები მიიტანა მაგიდასთან, სადაც ექიმი ჯერ ისევ მონიტორს ჩასცქეროდა და წინა პაციენტის ექოსკოპიის მონაცემები შეჰყავდა კომპიუტერში.

დიასახლისობა ექთანმა იკისრა, რაკი ექიმს არ ეცალა სალმისა და უადგილოდ დაყუდებული დაბნეული პაციენტის დაკვალიანებისათვის. “მობრძანდით, აქეთ დაბრძანდით.” პაციენტი ჩამოჯდა. ექთანი დაფუსფუსებდა. “უი, სადღაციდან მეცნობით ძალიან…” ერთი წუთით შეჩერდა პაციენტთან. კაცი კიდევ უფრო დაიბნა და თავი უაზროდ გადააქნია. ექიმს ისევ არ ეცალა პაციენტისათვის. ექთანი ისევ საქმიანობდა და შიგადაშიგ ჩერდებოდა და პაციენტს უმეორებდა, რომ ნამდვილად სადღაციდან იცნობდა. პაციენტს ფორიაქი ემჩნეოდა. ის ის იყო, ექიმმა ბოლო ფრაზები დაამთავრა, რომ ექთანმა აღფრთოვენებისაგან შეჰკივლა : “ხომ ვთქვი რომ მეცნობოდით. თქვენ მუშაობდით დეიდაჩემთან მეტალურგიაში….” და ჩაირთო და აღარ გაჩერებულა ბედნიერებისაგან აღტკინებული ექთანი… ექიმმა დაამთავრა მუშაობა და ისიც და პაციენტიც ფეხზე ერთდროულად ადგნენ.  “მე სხვა დროს შემოგივლით. ეხლა უნდა წავიდე…” თავაზიანად დაემშვიდობა პაციენტი გაოცებულ ექთანსაც და ექიმსაც.

ცოტა კი დაიბნა ორივე მოვლენების ასე შემოტრიალების გამო, მაგრამ დიდი ხანი აღარ უფიქრიათ. ექთანი მიკაკუნდა კართან და გაიძახა “შემდეგიიი!”

ცოტა ხანში ქირურგი შემოვიდა ექოსკოპისტის კაბინეტში და იმ იკითხა: “იმ პაციენტის დიაგნოზი მინდა წეღან რომ გამოგიგზავნეთ. აი იმის, პამპერსიანი რომ იყო”.

 

***

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”

თამადა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს:  “ისე ვერ გაგიშვებთ თუ თქვენი სადღეგრძელო არ დავლიეთ. სად მირბიხართ, თქვენც ეხლა ბავშვები არ გყავდეთ დასაძინებელი. გაგიმარჯოთ, ჩემო ლამაზებო.  ბევრ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ და მალე პატარა ბიჭით გაგეხარებინოთ ეთმანეთი და ახლობლები…!! გეყოთ ორად სიარული :)” მერე კოცნის ორივეს წრეზე ყველას უჭახუნებს ფიალას. მერე სუფრაზე ყველა მამაკაცი ფეხზე დგება და ზოგი ტყუპ ბიჭს უსურვებს, ზოგიც ქალ-ვაჟს…

ცოლ-ქმარი დიასახლისმა გამოაცილა კარამდე. ” დიდი მადლობა რომ მოხვედით. ხომ ვიცი როგორი დაკავებულები ხართ, მაგრამ ნათლულის დაბადების დღეს მაინც არ აკლდებით. აბა, თქვენ იცით. მემრის პატარათი უნდა მოხვიდეთ, ხომ იცით!” გულში ჩაიხუტა ორივე და სადარბაზოს კობეებამდე მიაცილა.

წყვილმა ხმის ამოუღებლად ჩაიარა ოთხი სართული. იყო დრო, როცა ტირილ-ტირილით ჩამოიარეს სადარბაზოს ბნელი კიბე. ერთ წელს ერთმანეთს ეჩხუბნენ, ერთ წელს _ თანამეინახეებზე იჩხუბეს მანქანაში. უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვთ, ყველა ემოცია ამოფრქვეული…  ყოველ წელს ფიქრობენ, რომ მეორედ აქ აღარ მოვლენ, მაგრამ ისიც იციან რომ მაინც მოვლენ… რა მნიშვნელობა აქვს აქ მოვლენ თუ არა. სამსახურში, სადარბაზოში, ტრანსპორტში, მაღაზიაში… ყველგან გამოჩნდება კეთლისმსურველი, რომელიც გადაამოწმებს მათი შვილიანობის ამბავს.

 

***

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”

 

“ალო, სად ხართ აბა? მე უკვე შემოვედი შენობაში. სადღაც მიმღებთან ვარ.”

“მორიგე ექიმის ოთახში ვართ. ეხლავე გამოვალ დერეფანში.” ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც პატარა გულზე ჰყავდა მიკრული, გამოვიდა დერეფანში და ხელი დამიქნია.  დედაც და ბავშვიც ერთნაირად ნამტირალევები იყვნენ. ორი სიტყვით ამიხსნა რატომ მოუწია სასწრაფოს გამოძახება და საავადმყოფოში როგორ მოხვდნენ შუაღამისას. ექიმმა დაგვამშვიდა_  არაფერი საშიში არ არის,  ამაღამ დავტოვებთ, დავაკვირდებით და დილით სახლში გაგატანთო.

ისტორიის გასახსნელად მიმღების იმ განყოფილებაში გადავადგილდით, სადაც აუარება ფურცლებში ჩაფლული ახალგაზრდა გოგონა ფორმებს ავსებდა. ჩანთიან-ბავშვიანად მივადექით მაგიდას. მე სკამზე დავჯექი და ვეებერთელა ჩანთა გვერდით დავიდე. ახალგაზრდა დედა იქვე ახლოში გადი-გამოდიოდა და პატარას ხელში არწევდა. მიმღების გოგონამ როგორც იქნა მოიცალა ჩვენთვის.

“სახელი?”  უცებ დავიბენი… “დედის თუ ბავშვის?”

“ბავშვს რა ქვია?” გაღიზიანდა ფორმების შევსებით გაბეზრებული გოგონა. სასწრაფოდ ვუთხარი სახელი, რომ კიდევ უფრო არ გაღიზიანებულიყო. უფრო მეტიც, გადავაწოდე ბავშვის მეტრიკა და დედის პირადობა. საბუთებს ჩახედა და რაღაცეები უკვე ჩემს ჩაურევლად ჩაწერა.

“რა ხნისაა ბავშვი?” დაბადების თარიღის მიხედვით ბავშვის ასაკის გამოანგარიშებით თავი არ შეიწუხა.  გამოანგარიშება არც მე მეხერხება სწრაფად, მაგრამ ამჯერად ბავშვის დედა შემომეშველა: “ოთხი თვის”.  გოგონა დიდი ხანი აღარ გვეკითხებოდა. რაღაცეებს გაბმით წერდა. მერე დაიწყო ხან მეტრიკის და ხან პირადობის გაოცებით თვალიერება. მერე მოგვიბრუნდა და იკითხა:  “მამის სახელი?” არ მეგონა ეს ორი სიტყვა ასმდენ საშინელებას თუ ატარებდა. თვალი გავაპარე დედა-შვილისკენ. “ხომ ხედავთ, რომ მეტრიკაში არ არის მამის სახელი  მითითებული.” ვუთხარი გაუაზრებლად, ვითომ მე ვერ მივხვდი, რომ მეტრიკას  სწორედ ამიტომ ატრიალებდა ხელში.

“გენაცვალე, ფორმულარი შესავსებია და უნდა შეივსოს, რა მნიშვნელობა აქვს აქ რა წერია.”

დედა-შვილს გავხედე. ისინი უკვე აღარ მიდი-მოდიოდნენ. იდგნენ ერთ ადგილას და შემოგვცქეროდნენ შორიდან. უცებ ვიგრძენი, რომ  მაგიდასა და მათ შორის ძალიან დიდი უფსკრული იყო.

 

 

 

კიდევ ბევრი დრო გავა, ვიდრე ჩვენი საზოგადოება უხერხულად იგრძნობს თავსი სხვისა პირად სივრცეში შეჭრის გამო. კიდევ ბევრჯერ დაილევა “დაუოჯახებელისა” თუ “დასაოჯახებელის” (თვითონ ეს სიტყვაც კი მწვანეს უნთებს ყველას ცხვირს, ვისაც სხვისა ცხოვრებაში ჩაძვრომა არ ეზარება) სადღეგრძელო, ბევრჯერ გადაამოწმებენ წყვილის სექსუალური აქტიურობის სტაბილურობას (განაყოფიერების პერსპექტივის გამოსარკვევად, რაღა თქმა უნდა), ბევრჯერ აიმრიზებიან, თუკი მეთერთმეტე კლასელს ღმერთი ისე გაუწყრება, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებას არ დააპირებს, ბევრჯერ გადაამოწმებენ შენი კვების რაციონს წონის მომატების, წონის დაკლების თუ მარხვის გამო… ჩვენ კიდევ დიდ ხანს ვიცხოვრებთ ერთ დიდ “კომუნალკაში” (უკაცრავად არაგურჯული სიტყვისათვის). ვიფიქრე იტალიური ეზო უფრო შინაურულად ხომ არ ჟღერს-თქო, მაგრამ არა. იტალიური ეზოს მრავაფეროვნების ელფერი დაჰკრავს. ჩვენს სტერილურად ჰომოგენურ სამყაროში კი ყველაფერი სტანდარტებს უნდა შეეფერებოდეს.

“დაიცავით პრივატულობის ჯეროვანი ხარისხი!”  რა კარგია, რომ სწორედ ეს ფრაზა აჩუქეს ჩემს შვილს ნათლობის დღეს.

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s