ისინი ვართ ჩვენც!!!

დღეს 19 სექტემბერია.

წუხელ არ მძინებია. ასეთი დაცარიელებული თუ ვყოფილვარ ოდესმე არ მახსოვს…

ამ დილით აღმოვაჩინე, რომ მაშინ, როცა ჩემი მეგობარი ნათიას აკანკალებული ხმა მესმოდა ტელეფონში, რომელიც მიყვებოდა რა საშინელი კადრები გაავრცელა მაესტრომ, როცა გულის რევის შეგრძნება მქონდა ინტერნეტით კადრების ყურებისას, როცა ავადმყოფურად დავიწყე fecebook-ზე სტატუსების წერა და სხვები სტატუსების კითხვა, გაცილებით უკეთესად ვიყავი, ვიდრე ამ დილით, როცა დილა ჩვეულებრივად გათენდა, როცა ხელები აღარ მიკანკალებდა, როცა ბავშვები სკოლაში გავამზადე, მე სამსახურისათვის გამოვეწყვე…

გუშინ ვიღაც საშინელ კაცებზე მერეოდა გული და ეხლა საკუთარ თავზე… გუშინ, სადღაც გულის სიღრმეში თვითკმაყოფილიც კი ვიყავი, რომ საშინელებას ვემიჯნებოდი… დღეს დავკარგე ეს თვითკმაყოფილება, რადგან აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მარტო იურისტებმა და ჟურნალისტებმა, პატიმრების ნათესავებმა და ამ მთავრობაზე განაწყენებულმა ადამიანებმა კი არა, თურმე მეც ვიცოდი… ვიცოდი, მაგრამ არ ვღელავდი, იმიტომ რომ ჩემი ახლობელი არავინ იჯდა ციხეში…

ამ დილას აღმოვაჩინე რაღაც მიჯნები. მაგალითად მიჯნა იოლსა და რთულს შორის… დღეს იოლია ქუჩაში გამოსვლა და საშინელების გაპროტესტება. ძნელია სარკეში ჩახედვა. იოლია იმ საშინელი ვიდეოებიდან ამოღებული კადრების გაზიარება, ძნელია საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვა ამ მარაზმში… იოლია თქვა, რომ ყველა უსამართლობას შენ ვერ გასწვდები ამ სამყაროში. ძნელია პასუხის გაცემა კითხვაზე: სად იყავი, როცა მშიერი ვიყავი და არ დამაპურე, პატიმარი ვიყავი და არ მომინახულე… საკანში მცემდნენ და მაუპატიურებდნენ და შენ ხმა არ ამოიღე?

ვკვდები და არც ვკვდები… ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, ოჯახს ვუვლი და ვკვდები, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში, გვერდით უბანში ამ წუთას ვიღაცას სიცოცხლე აღარ უნდა, იმიტომ რომ დაამცირეს, მიწასთან გაასწორეს…

საპროტესტო მსვლელობას შევუერთდი, რომ რამენაირად გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. მოვდიოდი რუსთაველის პროსპექტზე ბევრ უცხო ადამიანის და რამოდენიმე ახლო მეგობრის გვერდით და ვხედავდი აივნებიდან გადმომდგარ ადამიანებს, რომლების ხმა არ გვესმოდა, მაგრამ მათი ჟესტიკულაცია კარგს არაფერს გვეუბნებოდა. ზოგი აივნიდან იფურთხებოდა და დემონსტრანტებიდანაც გინების ყველაზე იოლად გასაგები ჟესტებით პასუხობდნენ… ზოგი აივნიდან ცოცხებს იქნევდა სოლიდარობის ნიშნად, ამან დემონსტანტების კრეატიულობა გამოაღვიძა და ისმოდა ამ ცოცხების „ჯეროვნაი გამოყენების“ ვარიანტები. მერე კანცელარიასთან მოგროვილი ხალხი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს დაეხვა და ერთიც და გაწიწკნიდნენ… უცებ ხალხმა იქივლა და კანცელარიის კარს მიაწყდა. თურმე ედპ-ს ლიდერი ბატონი გურამ ჩახვაძე გამოვიდა შენობიდან.  უპასუხობით გაღიზიანებული ხალხი ზოგი საზიღრობებს ეძახდა, ზოგი პაპანაქება სიცხეში გამთბარი ‘ლიკანის“ მონარჩენებს აწუწებდა, ზოგიც იფურთხებოდა…

ამ ყველაფერს ვუყურებდ და აღმოვაჩინე, რომ კიდევ ერთი რამეა იოლი _  ეხლა ყველაფერი თეთრ და შავ ზოლებად დაჰყო, იოლია ადამიანები აქეთ და იქით გადაანაწილო, მაგრამ ძნელია დაინახო, რომ ამ მოზვავებულ ემოციებში იმათ ვემსგავსებით, ვისაც ვემიჯნებით…  ვაპროტესტებდით ძალადობას და ვხედავდი, როგორ იოლად ვერწყმოდით ძალადობის იმ დიდ სურვილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყველაზე ბუნებრივი განწყობა იყო წუხანდელი კადრების მერე… იმ კადრების ნახვისას ყველა ვფიქრობდით _ ამ საშინელ დღეში ჩემი შვილი ყოფილიყო, ჩემი შეყვარებული, ჩემი ქმარი, ძმა ყოფილიყო… ის პატიმარი მე შეიძლება ვყოფილიყავი. ამას ვფიქრობთ და არც კი გვინდა გავიფიქროთ როგორ ვგავართ იმ მეორეებს, ის ზედამხედველები შეიძლება ჩვენი შვილები ყოფილიყვნენ, ჩვენი შეყვარებულები, ჩვენი მეუღლეები, ძმები ყოფილიყვნენ. არც კი გვინდა ვიფიქროთ, რომ ისინი ჩვენც ვართ.

Advertisements

2 Comments

Filed under Uncategorized

2 responses to “ისინი ვართ ჩვენც!!!

  1. Protestant Rebel

    გეთანხმებით. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის ძველისძველი, ძველთუძველესი პრიმიტიული პრინციპი : თვალი თვალის წილ კბილი კბილის წილ. ვაპროტესტებთ ძალადობას და ამასობაში მოძალადეებს ვემსგავსებით, ურჩხულებს ვებრძვით და ურჩხულები ვხდებით, ის კი გვავიწყდება რომ ეშმაკი გვათამაშებს ამ მანკიერ წრეში. სისტემა, კულტურა, ინსტიტუციები, ამათ არ ვეხებით და კონკრეტულ ადამიანებს ვერჩით.

    “წამებით უნდა ამოხოცო ამათი დედები მ…” ესეც ენამზიანი კომენტარი. აი არც ესაა უკეთესი ქურდული მენტალიტეტის მქონეებზე და მათ ჯალათებზე…

  2. Protestant Rebel

    ესე იგი მინდოდა მეთქვა არც ეს “ენამჭევრი” კომენტატორია მორალურად უკეთესი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s