ბავშვი თუ ნაბანი?

ამ დილას ლევან გიგინეიშვილის პოსტი წავიკითხე და განმიახლდა ძველი ფიქრები. ბატონი ლევანი კითხვას სვამს: „იყო კი, ჰიტლერის გერმანიაში გერმანელი მოქალაქის დაკვეთა, რომ ებრაელების წამების ფასად ჰქონოდა უსაფრთხოება და კარგი ცხოვრება? ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა, არამედ შეკითხვა-თვითტესტი: არის კი ჩემი, მოქალაქის, დაკვეთა სახელმწიფოს მიმართ, რომ პატიმრების წამების და დამცირების ფასად მქონდეს მე უსაფრთხოება ქუჩაში? მაშინ მართალია ხელისუფლება და უნდა გამოვრთო ტელევიზორი და დავტკბე უსაფრთხო ქუჩებით; და მაშინ მეც ვარ ზნეობრივად პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდებოდა ციხეებში, რადგან ეს ჩემი ჩუმი თანხმობითაც ხდებოდა…  “ …

სრული ჭეშმარიტებაა…

მე არ გამომირთავს ტელევიზორი და ინტერნეტშიც პოსტს და სტატიას არ ვუშვებ… ქუჩაშიც გამოვედი, ოღონდაც მისი უსაფრთხოებით დასატკბობად კი არა, არამედ გასაპროტესტებლად… მაგრამ, მაინც ვერ ვახერხებ თავის დაძვრენას ჩემი “ჩუმი თანხმობის” პასუხისმგებლობისაგან… ასეთი საშინელი კადრების ნახვა დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი თუ როგორ ჩუმად ვცვლიდი დაასფალტებულ ქუჩებში, წამზომიან შუქნიშნებში, ქუჩაში ღამე მანქანების პარკინგის უსაფრთხოებაში, გაადვილებულ ბიუროკრატიულ პროცედურებში, დაბალი ეშელონების კორუფციის აღმოფხვრაში, დასავლურ ფასეულობების გაცხადებაში, რელიგიების რეგისტრაციის კანონში და მსგავს “კომფორტებში”  ასეთ სიმახინჯეებს, რომლებიც აი აქვე იყო, ერთი ფერხის ნაბიჯზე…

ჩემს მეგობარს, ოთხი შვილის დედას უარი უთხრეს ოპერაციის დაფინანსებაზე იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებული ანონიმური გამოკითხვისას მან თქვა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე… გავიგე ეს ამბავი, თავი გადავაქნიე და სახლში წამოვედი…

ჩემი მეგობრის დედამ, გამოცდილმა და დამსახურებულმა  ექიმმა უარი სთქვა პაციენტების დაყრაზე და არ გავარდა პრეზიდენტის შესახვედრად საავადმყოფოს ვესტიბიულში მოწყობილ საზეიმო მიღებაზე. ამის გამო მას ვერაფერი დაუშავეს, მაგრამ ექთნებს შეუმცირეს ხელფასები და უთხრეს, ამისათვის მადლობა თქვენს ექიმს უთხარიო… ესეც მოვისმინე, გულზე მომხვდა თავდადებული ექიმის გამბედაობა, თავი გადავაქნიე და სახლში წამოვედი…

შარშან პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის პანაშვიდზე ვიჯექი. მივუსამძიმრე ჭირისუფალს, დაობლებულ დათას, რომელიც ჩემი ნანიკოს კლასელია. გულზე მომხვდა ჭირისუფლის შეშინებული თვალები, შემძრა მისმა სიტყვებმა, როცა შემოგვტირა „თქვენ ხომ იცით ჩემი სერგო მოღალატე არ ყოფილაო“…  დავამშვიდე ატირებული ქალი. თანაგრძნობის ნიშნად თავი გადავაქნიე,  გამოვედი და წამოვედი…

გაზაფხულზე, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩემი შვილები და მათი კლასელები სკოლის კლუბში გამოკეტეს (მართლა გამოკეტეს, კლუბის კარი დაკეტეს ვიდრე ფილმი არ დამთავრდებოდა) და უსასტიკესი ფილმი აჩვენეს. გვიან ღამე ბავშვს ისტერიკული ტირილი აუტყდა და ვერაფრით ვაწყნარებდი. „რატომ დახოცეს ბავშვები?“ „რატომ იცინოდნენ ჩემი კლასელები?“ „რატომ მაყურებინეს ეს კადრები?“ მეუბნებოდა და ვერაფერს ვპასუხობდი. ამაზე ვერ გავჩერდი… სკოლის დირექტორს  და შაშკინს მივწერე. დირექტორისაგან მივიღე პასუხი, შაშკინისგან _ არა… მერე მეგობრებთან ვიშვიშით დავიოკე ნერვები. იმითიც ბედნიერი ვიყავი, რომ სკოლის დირექტორმა ინება და ბოდიში მოიხადა… მერე დავწყნარდით მეც და ნანიკოც. რამოდენიმე დღეში უკვე მარტომაც დაიძინა და მეც დამავიწყდა…

ყველაფერ ამას ვხედავდი და ვამბობდი (ალბათ ასე ვამბობდი), არავინაა სრულყოფილი, ყველაფერი ერთბაშად ვერ გამოსწორდება. მე პროტესტანტი ვარ და კარგად ვიცი პროტესტს როგორ კარგად ეხერხება ნაბანს ბავშვი გადააყოლოს… ვამბობდი, ჯანდაბას ავიტანთ, ცხვირზე ხელს მოვიჭერთ, ხანდახან არ დავინახავთ ამ მყრალ ნაბანს, ოღონდაც ბავშვს არაფერი დაუშავდეს-თქო…

 

ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ ბავშვის გადაყოლების საფრთხე უკვე ძალიან მოახლოვდა, იმიტომ რომ ნაბანი ძალიან აყროლდა.

 

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s