„მაგრამ“ პოლიტიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

(UNDP კონფერენცია _ „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში:

არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ 15 ივნისი, 2013)

სამყარო არ არის თეთრად და შავად დაყოფილი. და ოდესღაც ვთვლიდი, რომ ისეთი ლინგვისტური მოვლენა, როგორიცაა “მაგრამ” გვიხსნიდა სამყაროს მთელს სირთულესა და სიღრმეს, რადგანაც სწორედ მისი დახმარებით შეგვიძლია ვთქვათ “თეთრი თეთრია, “მაგრამ” არის შავიც და არის თეთრსა და შავს შორის გარადაციების საოცარი სპექტრი… ანდა შეიძლება ვთქვათ, რომ “ეს ადამიანი დამნაშავეა, “მაგრამ” რატომ არ გვინდა რომ დავინახოთ, რომ მისი დანაშაული რაღაცისაგან არის გამოწვეული….” ამდენად ეს “მაგრამ” მაძლევდა საშუალებას ადამიანები ერთ სიბრტყეზე არ დამენახა…..

„მაგრამ“ წინადადებას ერთი თავისებურება აქვს. მაგალითად, როდესაც სკოლაში მასწავლებელი დაიბარებს მშობელს და ეტყვის _ „თქვენი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ბავშვი ბედნიერია, რადგან მასწავლებელმა მისი ნიჭიერება აღიარა და მშობელი გულგახეთქილია, რომ მისი შვილი ზარმაცობს. ამ ერთი წინადადებით ყველამ თავისი მესიჯი მიიღო.

„მაგრამ“ განცხადებების ორაზროვნებაში რომ უკეთ გავერკვეთ, ნება მიბოძეთ ამ მოვლენის ანატომიის ჩემებური, მოკრძალებული დაკვირვება შემოგთავაზოთ. საქმე ისაა, რომ „მაგრამ“ წინადადების პირველი ნაწილი, რაღაცნაირად, შესავლის ხასიათისაა და თითქოს მთავარი სათქმელის წინ მოთელვითი მანევრის დატვირთვას ატარებს ვიდრე მთავარ სათქმელს იტყოდე. მაგ:

„მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენზე ვერ ვიქორწინებ“.

ამ წინადადებაში მთავარი სათქმელი ისაა, რომ სიყვარულის მიუხედავად შენი გულის სწორი ვერ დაქორწინდება შენზე. ხოლო, თუკი ასე გადავაწყობთ წინადადებას:

„შენზე ვერ ვიქორწინებ, მაგრამ მე შენ მიყვარხარ“

მაშინ ძალიან გულისამაჩუყებელი სურათი იხატება _ „მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მუხანათია და ერთად ვერ ვიქნებით, მიდა იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ“.

მოდით ამ ფორმულით დავიწყოთ დღევანდელი ხელისუფლების მესიჯების გაშიფვრა:

 რა თქმა უნდა მუსლიმებს, ისევე როგორც ყველა რელიგიის წარმომადგენლებს ამ ქვეყანაში, აქვთ უფლება ააშენონ მეჩეთი ბათუმში, მით უფრო, თუ მართლა სჭირდებათ, მაგრამ ) დაუშვებელია აზიზიეს სახელის გამოყენება, ) დაუშვებელია თურქეთის დაფინანსების გამოყენება) რატომ უნდა ვიყოთ ასეთი ლმობიერები მუსლიმების მიმართ მაშინ, როცა თურქეთში ჩვენი ტაძრები ინგრევა

 რა თქმა უნდა, ნიგვზიანელ მუსლიმებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია  ) ქრისტიანულ მიწაზე მუსლიმური სამლოცველოების აშენება და ყველამ ილოცოს თავის სახლში ან წავიდნენ ბათუმში; ) დაუშვებელია სხვა სოფლებიდან სალოცავად ნიგვზიანში მუსლიმების მოსვლა

 რა თქმა უნდა, წინწყაროელ მუსლიმებს შეუძლიათ ილოცონ, მაგრამ  ) ვერ ავიტანთ ქრისტიანულ სოფელში, სადაც შვილებს ვზრდით, მუსლიმების სალოცავის არსებობას) ვერ შევეგუებით სხვა მუსლიმების მოსვლას; ) დაუშვებელია ჯვრების მოძრობა საფლავებიდან, თუნდაც ეს იყოს მუსლიმთა საფლავები

 რა თქმა უნდა, სამთაწყაროში მუსლიმებს შეუძლიათ ლოცვა, მაგრამ ) ჯერ უნდა გავარკვიოთ ვინაა ეს ხალხი და რამდენს უნდათ ლოცვა; ) თუკი სოფლის უმეტესობა უარს იტყვის, მაშინ ვერავინ ვერ ილოცებს

 რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა და ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, გააპროტესტოს ჰომოფობია. კანონით ჰომოსექსულობა არ იკრძალება და არც არავინ უვარდებათ საძინებელში, მაგრამ ) არ უნდა შეურაცხყონ უმრავლესობის მორალური ფასეულობები; ) პატივი უნდა სცენ ავღანეთში დაღუპული ბიჭების ხსოვნას

ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც არის პატრიარქი და უნდა გვახსოვდეს მისი ასაკი

უმცირესობების უფლებები უნდა იქნეს დაცული,მაგრამ არა უმრავლესობის უფლებების ხარჯზე

 როგორც ძველი ქართული ფილმის ერთი გმირი ამბობს: „გეკუთვნით, მაგრამა არ გეკუთვნით!“

 ზოგადად, ჩემს მიერ მონათლულ „მაგრამ პოლიტიკას“ ლაიტმოტივად გასდევს უმრავლესობისა და უმცირესობის საინტერესო გაგება. მაშინ, როცა აზიზიეს მეჩეთის საკითხი გამწვავდა შემოთავაზებულ გამოსავალთაგან ერთ-ერთი იყო (და საბედნიეროდ ეს შემოთავაზება არ იქნა გათვალისწინებული) მოსახლეობის გამოკითხვა და უმრავლესობის ნების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება. იგივე განმეორდა სამთაწყაროშიც, როცა გამგებელი ამბობდა:  „თუკი მოსახლეობის 95% არ უნდა მათ ტერიტორიაზე არამართლმადიდებელი სამლოცველოს არსებობა, მაშინ ეს არ მოხდება, რადგან ხალხის ნება უზენაესია!“  ხაშურში პროტესტანტი თემის ქალაქიდან გაძევება მოიწადინეს ხელმოწერების შეგროვებით: „ჩვენ მოვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ამ ქალაქში არ გქონდეთ უფლება ღვთისმსახურებისა, და როგორც ხალხი გადაწყვეტს ისე იქნება!“ . როდესაც იეჰოვას მოწმის ცემის საკითხი განიხილებოდა, მსგავსი მიდგომა გამოხატა ქვეყნის სამართლიანობის ერთერთმა გარანტმა: „უმცირესობამ არ უნდა იმოქმედოს გამაღიზიანებლად. თუკი არ იქნებიან გამომწვევი, ისინი არც უმრავლესობის აგრესიულ დამოკიდებულებას დაიმსახურებენ.“

ხალხის ნება უზენაესია!  ისე ჟღერს, რომ შეიძლება გულისცემა აგიჩქარდეს მოჭარბებული ემოციებისაგან. როგორ გინდა ამაში შეედავო სამთაწყაროს სოფლის გამგებელს, რომელსაც მინდობილი აქვს ძალიან ძვირფასი პასუხისმგებლობა _ იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია არის მთავარი მიდგომა, ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ამ ქალბატონს, რომელსაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ წარმოდგენა არ აქვს რა არის „ხალხის ნება“.

რა ცუდია, რომ ვაჟა ფშაველა ქართველების სრულ უმრავლესობას (იმათ მაინც, ვისაც მისი ერთი ლექსი მაინც აქვს ყურმოკრული) ამ უდიდეს ავტორს გავეცანით მაშინ, როცა საგამოცდოდ აუარება ლექსი და პოემა გვქონდა მოსამზადებელი თერგდალეულების შემოქმედებიდან. ასე რომ არ იყოს ზოგადი წარმოდგენა მაინც გვექნებოდა ამ ჩვენი საფიცარი კაცის აზრზე იმ „ხალხის ნებაზე“ რომლითაც ასე მოგვაქვს თავი.

“… დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,

 ყველანი – დიდნი, მცირენი, –

 სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ

 ალუდას სახლის დირენი;

 ნუ დაინანებთ, ექმნენით

 ცოლ-შვილის ამატირენი.

 მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის

 ცა-ღრუბლის შანამზირები.

 წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა

 სახლისა, ციხის კარები.

 ცეცხლი მიეცით საძნოვარს, –

 ცასა სწვდებოდეს ალები,

 სათემოდ გამოირეკეთ

 ცხვარი, ძროხა და ხარები…”

 აი ეს სიტყვები მასხენდებოდა, როცა გასულ პარასკევს სამთაწყაროელი ხოჯას ოჯახს კარს მიმხდარი ორასი თანასოფლელი სახლის კარს ულეწდა და ცოლსა და ოჯახს უგინებდა კაცს მხოლოდ იმისათვის, რომ მან გაბედა და ილოცა.

ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რა კარგია ვაჟას მსოფლმხედველობაზე წარმოდგენა რომ არ გვაქვს, თორემ ნამდვილად აიკრძალებოდა და საჯაროდ დაიწვებოდა მისი ყველა ნაწარმოები…

 ზოგადად ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში არ იცის, ან მიზანმიმართულად ივიწყებს რა არის „ხალხის ნება“  და რა დაკვეთა აქვს მას ამ ხალხისაგან. ვგონებ ჯერ არაფერი შეცვლილა ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულაში:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი…“

ამ წინადადებაში ვერ ვხედავ ვერც ერთ „მაგრამს“. იქნება ჯობია უარი ვთქვათ ორაზროვან წინადადებებზე და ცხადად და ცალსახად დავაფიქსიროთ რა ქვეყანას ვაშენებთ.

და ბოლოს, როგორც ღვთისმსახურმა, მინდა დავძინო, რომ მჯერა „ყველაფერი სასიკეთოდ მოგვეწევა“; მჯერა, რომ ყველა ნეგატიურ გამოცდილებაში არსებობს რესურსი მისი პოზიტიურად გარდაქმნისა. ამისი ნათელი მაგალითებია მუსლიმი თემის პრობლემები საქართველოში, რომლის შედეგადაც საოცრად გაიზარდა სოლიდარობის განცდა და ძალიან ბევრი ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი გამოვიდა თავის ვიწრო ნაჭუჭიდან და დადგა მუსლიმი მორწმუნეების ლოცვის უფლების დასაცავად. სოლიდარობის საოცარი გამოვლინება იყო ის, რომ ადამიანები, რომლებსაც რამოდენიმე დღის წინ გარყვნილები ეძახეს და „ტაბურეტკებით“ სდიეს, გამოვიდნენ ქუჩაში იმ ადამიანების ლოცვის უფლების დასაცავად, რომლებიც არ გამოსულან მათ დასაცავად, უფრო მეტიც, ზოგმა გაამართლა კიდევაც ლგბტ-თემზე ძალადობა.

 ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა რაიმე პოზიტიურის მოძებნა 17 მაისს დატრიალებულ საშინელებაში, მაგრამ, რომ არა შარშანდელი და წლევანდელი 17 მაისები ეს თემა არ გასცდებოდა „საძინებლის“ სივრცეს. აქამდე ხომ ვერც ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, გარკვეული პოლიტკორექტულობის გამო, ვერ „ბედავდა“ რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად ლგბტ თემის წარმომადგენლების მოწვევას, არამედ ყველა ამ უმცირესობის პრობლემების ჩამონათვალის ერთ ნარატივში მოხსენებასაც კი ერიდებოდა.

საზოგადოების მოწიფულობის მანიშნებელი ის კი არ არის რამდენ შეცდომას აირიდებს, არამედ ის, თუ როგორ უმკლავდება დაშვებულ შეცდომებს. ამ თვალსაზრისით, მგონი არ გვაქვს მთლად ცუდად საქმე. ჩემს ეკლესიაში ეხლა ოქსფორდელი იმამი და ცნობილი მუსლიმი თეოლოგი სტუმრობს, რომელიც კვირის ღვთისმსახურებაზე ქადაგებას იტყვის. ასეთი რამ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა ჩვენი საზოგადოების რელიგიურ მოწიფულობას თუ გავითვალისწინებთ.

იმდენი კარგი რამე ჩამოვთვალე, რომ ეს სიტყვები გამახსენდა: „მაშ რა ვქნათ, ვცოდოთ, რათა მადლი გამრავლდეს“ _ კითხვას სვამს პავლე მოციქული რომაელთა წერილში და იქვე პავლესეული პასუხი მოდის _  „არამც და არამც!“

იმედი მაქვს, რომ მსგავსი პოზიტიური ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში ნეგატიური მოვლენების რესურსების იმედად არ იქნება დატოვებული.

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “„მაგრამ“ პოლიტიკა

  1. lotsvis upleba kvelas akvs, “taturetian” mamaoebtan ertad im dedaoebsats tu dainaxt, romlebits gamovidnen da dagmes es dzaladoba kargi ikneba da tkvens gultspelobashi echvi ar shemepareba….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s