სახიფათო დაცვა

defaultმცირედი ცვლილებები უცვლელი არსით

 ვის უნდა აღელვებდეს რელიგიური გრძნობების შელახვისა და  სიძულვილის ენის საშიშროება, თუ არა მათ, ვისაც სექტანტებს, საქართველოს მოღალატეებს, უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახიან; ვისაც ლოცვას უშლიან, სალოცავებს ეცილებიან და სალოცავებს უნგრევენ. ალბათ, შარზე უნდა იყოს ადამიანი, რომ დაცვას სთავაზობდე და უარს აცხადებდეს _ ეუბნებოდე „დღეის ამას იქით უბატონოდ ხმის გამცემი არ გეყოლებაო“ და მაინც უარს იყოს.

შარიანი დამარქვით, მაგრამ ამ საკანონმდებლო ინიციატივის არც პირველადი და არც შეცვლილი ვერსია არ მეჩვენება კარგ ამბად. აგერ უკვე მერამდენე ჟურნალისტი მოვიდა, კომენტარი ჩაიწერა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმას აშუქებენ, რომ არ მომწონს და მორჩა… ეხლა საერთოდ ინფორმაციას გადავაწყდი, თითქოს მოტყუებით კანონის ძველი ვარიანტი გვაჩვენეს რელიგიათა საბჭოს და მასზე დაყრდნობით გავაკეთეთ განცხადება. საქმე ისაა, რომ საფრთხეები, რომლებიც პირველად ვერსიაში კარგად ჩანს არც შეცვლილ ვარიანტში გაუჩინარებულა.

„მუხლი 1691 ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა

 1.        ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა რაც გამოიხატება:

ა) ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში;

სხვა რაღა ქნას ამ სახელმწიფომ. გეუბნება რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შემშლელს დავსჯიო. ჩვენ კიდევ, ჯიუტად ვიმეორებთ – „არ გვინდა ეს კანონიო“…  ღვთისმსახურების, ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება ძალიან ცოტა ადგილასაა კანონით აკრძალული. მათ შორისაა, მაგალითად, საჯარო სკოლები. სამწუხაროდ, მიუხედავად კანონისა, სკოლები რელიგიისაგან თავისუფალი სეკულარული სივრცე არც არასოდეს ყოფილა და არც ეხლა არის. მაგრამ ეხლა, ამ ახალი კანონის წყალობით სკოლების გარდა, ნებისმიერ ადგილას ნებადართულია რელიგიური წესის აღსრულება და ვერავინ შეუშლის ხელს (შეუშლი და დაისჯები). რაც იმას ნიშნავს, რომ უცებ, ვინმემ რომ მოიწადინოს კანცელარიის ფოიეში ლოცვის გამართვა (რაც, თითქმის ასეც ხდება, მაგრამ მაინც), ვერავინ გაბედავს ხელის შეშლას…

ბ) რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან/და ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში;

 ამას რაღა შეიძლება „გამოვუჩხრიკო“?…. საქმე ისაა, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაციაზე ლაპარაკი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და ამას თავისი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ დასჯით სიძულვილის ენასთან ბრძოლა, განსაკუთრებით კი ჩვენს საზოგადოებაში, სახეიროს არაფერს მოიტანს. უფრო მეტიც, ჩვენისთანა ბუნებით ტოტალიტარიზმისაკენ მიდრეკილ ხალხში სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია სწორედ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. განსაკუთრებით სახიფათო იქნება, თუკი სიძულვილის ენაზე მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში იქნება საუბარი. ამ კანონის მიღებით ყველა „დაუფიქრებელი“ ფეისბუკ სტატუსი, ყველა სტატია, წიგნი, ანეგდოტი, სიმღერა თუ სპექტაკლი ე.წ. „სიძულვილის ენის“ ცენზურას გაივლის.

გ) რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მათზე ნებისმიერი შეურაცმყოფელი წარწერის გაკეთებაში ან/და მათი რელიგიური მოტივით დაზიანებაში.

რელიგიური ნაგებობის წაბილწვა, მასზე წარწერის გაკეთება თუ ნებისმიერი ფორმის ვანდალიზმი ისედაც იკრძალება კანონით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შენობა ნაგებობისა. რაც იმას ნიშნავს, რომ სიონის ტაძარზე გააკეთებ წარწერას, რუსთაველის თეატრის შენობაზე თუ სამინისტროზე, ყველა შემთხვევაში დაისჯები… ასე, რომ ამ კანონით ახალი არაფერი თქმულა. ხოლო, რაც შეეხება „.. ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვას“ ეს უკვე საინტერესო ჩანაწერია. კანონისათვის ბუნდოვანი ცნებაა „სიწმინდის წაბილწვა“. შეიძლება ვივარაუდო რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ფრაზა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა ამ კანონის წამკითხველისა თუ გამოყენების მსურველის ვარაუდები ერთმანეთს დაემთხვევა.

რელიგიური ორგანიზაცია თუ მისი მსახურნი არ უნდა წარმოადგენდნენ ჩვენს ისედაც იერარქიულ საზოგადოებაში ხელშეუხებელ კასტას. ამ ქვეყანაში ისევე უნდა იყოს დაცული სიონის ტაძარი, როგორც რუსთაველის თეატრისა თუ რომელიმე სამინისტროს შენობა ვანდალიზმისაგან. ამ ქვეყანაში სიძულვილისაგან და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ღვთისმსახურის სამოსელში გამოწყობილი ადამიანები, არამედ აბსოლუტურად ყველა განურჩევლად პროფესიისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა, სქესისა, კანის ფერისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ორიენტაციისა, განათლებისა, სოციალური ფენისა… ამ ქვეყანაში ადამიანი უდა იყოს ფასეული…

ნურავინ გაირჯებით კანონში დამატებითი ინსტრუმენტების შექმნით იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო დაცულად იგრძნონ თავი. კანონი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ მოჭრან მინარეთები, ტაბურეტით არ სდიონ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებს, სამლოცველოებიდან არ გადმოუყარონ მორწმუნეებს რელიგიური წიგნები, არ გაულახონ სასულიერო პირები და არ აუკრძალონ ლოცვა…

“ერთიცა და გავდივართ!!!”

მეფიქრება, რომ ეს “ერთიცა” შეიძლება მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა გახდეს და ჩვენი ირანიზაცია (ოღონდაც გურჯული ირანიზაცია) უკვე შეუქცევადი გახდება…

რუსუდან გოცირიძე

11 ნოემბერი 2013

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s