წერილები ცხრა მთასა და ცხრა ზღვას მიღმა ქვეყნიდან

წერილი პირველი

“ბევრი ვიარე, თუ ცოტა …”

DSC_0325

ნეტავ ამჯერად რა მრჩება ?…. სავარცხელი ჩავიდე, ორივე ანაფორა, საბუთები, პასპორტი… ჩანთა!…. ხელჩანთა არ ჩავიდე…. არაუშავს, ზურგჩანთით ვივლი თუ რამეა….

გავიარე რეგისტრაცია. ბარგი დასაშვებზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა… ვინანე რაღაცეების ჩადებაზე რომ შევიკავე თავი. ბარგის ჩალაგება, როგორც ყოველთვის გაფრენამდე 2 საათით ადრე დავიწყე. ვერ ვიტან მგზავრობას და რაც შეიძლება ბოლოსკენ მივიტან ხოლმე მგზავრობასთან დაკავშირებულ საქმეებს.

„ამერიკული ელექტრო ადაფტერი მიუნხენის აეროპორტშივე იყიდე“… (მარიგებს მიხო, რომელიც ჩემს გასაცილებლად ჩამოვარდა თურქეთიდან. წუხელ მიხოს დავხვდით მე და მამა და დღეს მე მაცილებენ და ეს უკვე მეორე უძილო ღამეა სამივესთვის. არც ხვალღამ გვიწერია ძილი. მე თვითმფრინავში ვიქნები, მიხოს ლადო გააცილებს უკან თურქეთში და კვირას სამივენი ჩავიხოცებით – მე ვაშინგტონში, რომელიღაც სასტუმროში, მიხო გაზიანტებში, თავის „გესტჰაუზში“ და ლადო დიღომში, თავის საძინებელში…

ეს კალატორის წინ გამოვემშვიდობე მამას, ჩავეხუტე მიხოს… მისი წყალობით ყველაზე უფრო დეპრესიული გამგზავრებისწინა დღე დღესასწაულად მექცა… უნდა ჩავფრინდე მიუნხენში, მერე ვაშინგტონში და რაც მთავარია არ უნდა დავაგვიანო, არ უნდა დავკარგო დოკუმენტები, პასპორტი… და თვითმფრინავიდან რომ გამოვალ დამხვდება ვინმე და მერე უკვე შემიძლია აღარ ვინერვიულო დაგვიანებაზე, დაკარგვაზე…. ისე ვღელავ, თითქოს ჯერაც არ მემგზავროს. ალბათ, ეს ღელვა ბენმა და მედიკომ გადმომდეს. შემატყვეს, როგორი „მოწესრიგებულიც“ ვარ და გული უსკდებოდათ, რომ გზაში არ დავკარგულიყავი, ან მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ დამეკარგა. იმასღა მეუბნებოდნენ, რომ მთავარია ვაშინგტონამდე მშვიდობით ჩახვიდე და თვითმფრინავიდან გამოხვალ თუ არა დაგხვდება ადამიანი, რომელიც უკანა გზაზე თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გიპატრონებსო. სწორედ ამ ორი ადამიანის ბრალია/დამსახურებაა, რომ ჩემი სახელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტამდე ჩავიდა და მერე მეც მალევე მიმაწიეს.

ჯერ კიდევ ნოემბერში მივიღე ქალბატონი მედიკოს წერილი, რომელიც ორიოდ ფრაზით (თანაც ქართული ტექსტი ლათინური შრიფტით დაწერილი) მატყობინებდა, რომ რაღაც ნომინაციაზე წარმადგინეს შეერთებულ შტატებში. დიდი მადლობა ვუთხარი ამ პატივისათვის და ეს ამბავიც ისე ჩაიკეცა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ეს მეილი ჩემი gmail-ის ინბოქსში… გამოხდა ხანი და ისევ მივიღე წერილი საელჩოდან, სადაც მატყობინებდნენ, რომ ჩემი სახელი ბოლოს წინა ეტაპის სიაშია და უნდა დაუყოვნებლივ მივსულიყავი საელჩოში. აი, მაშინ კი ავღელდი და ვიკადრე ყოვლისმცოდნე გუგლისათვის მიმემართა და მენახა რა ჯილდოზე იყო საუბარი. როცა სურათებში ქალბატონი ჰილარი და პირველი ლედი მიშელი დავინახე, მივხვდი, რომ სახუმარო ამბავში არ ამომიყვია თავი. ეს იყო International Woman of Courage Award, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იძლევა აგერ უკვე მერვე წელია. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან საელჩოები სახელმწიფო დეპარტამენტს აწვდიან გვარ-სახელებს და რამოდენიმე თვის განხილვის მერე ადგენენ ათ ფინალისტს. შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რომ შეიძლება ფინალში არც კი მოვხვედრილიყავი, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის რაღაც სამზადისები უნდა დაგვეწყო…

ერთ-ერთ წერილში ბენი მეკითხება ციხეში თუ მჯდარხარ როდესმეო. კი მივწერე _ არა-თქო, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ჩემი შერჩევის საქმეში “არა” უფრო კარგი პასუხი იყო თუ “ჰო”… როცა წინა წლების დაჯილდოვებულებს გადავხედე, მივხვდი, რომ წინა საფინალო სიაში მოხვედრაც დაუჯერებელი ამბავი იყო და რომ მეტის იმედი არც უნდა მქონოდა. ამ ფიქრებით ვიოკებდი ნეგატიურ ემოციებს.

ზუსტად ოთხ დღეში მივიღე მილოცვის წერილი, რომ დასაჯილდოვებელთა ათეულში მოვხვდი და რომ ინტენსიურად უნდა დამეწყო სავიზო პროცედურები… საბოლოო ინფორმაციები ჯერ არ იყო ჩამოსული და ამიტომაც ფაქტობრივად შეუვსებელი აპლიკაცია ჩავაბარე… თითქმის ყოველ დღე მიწევდა საელჩოსა და საკონსულოში მისვლა. ბენი იცინოდა, უკვე საშვი უნდა გამოგიწეროთ, რომ ჩვეულებრივ შეგეძლოს შემოსვლაო. დამატარებდნენ შეხვედრიდან შეხვედრაზე. ელჩი ვაშინგტონშია საქართველოს პრემიერმინისტრის ამერიკაში ვიზიტის გამო. სამაგიეროდ ელჩის მოადგილესთან ქალბატონ ბრიჯიტ ბრიკთან გადავიღე ერთი საშვილიშვილო სურათი დროშებისა და საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ხელმძღვანელის ჯეიმს ჰაინის ფონზე. ვიზაც და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტიც ზუსტად გაფრენამდე რამოდენიმე საათით ადრე მოესწრო და აი, უკვე თვითმფრინავში ვზივარ…

თბილისიდან მიმავალი თვითმფრინავიდან იფანტებიან ქართველი მგზავრები სხვადასხვა გასასვლელებისკენ… რაღაც ეტაპამმდე, ვიდრე მგზავრების ნაკადი ერთად მიდის, ხედავ ნაცნობ სახეებს, გესმის ქართული საუბარი… მერე იფანტება და ირევა “დიუტი ფრიის” მაღაზიებს შორის…   მერე პოულობ შენ სგასასვლელს და ათვალიერებ, იქნებ ვინმე შენი თვითმფრინავისა, შენი ენისა, შენი მიწისა დაინახო… აღმოჩნდა, რომ„ახალგაზრდა იურისტების“ ხელმძღვანელი დამხვდა მოსაცდელ დარბაზში. ჯერ თავის არიდების ნაცად ხერხს მივმართე და რაკი დიდი დრო იყო მქონდა ფრენამდე, იქვე ახლო კაფეში გავედი.  ეხლა, ვიდრე მიუნხენის აეროპორტის კაფეში ვიჯექი და ვიდრე ცნობილ ქართველ იურისტთან გამოლაპარაკება-არგამოლაპარაკების ამბავს ვწყვეტდი, ფაქტობრივად, მრავალგზის დავარღვიე კანონი. საქმე ისაა, რომ ინტერნეტი უფასოა მხოლოდ 30 წუთით. მეც დავიწყე და ჯერ ჩემი პირადი მეილით შევედი, მერე ჩემი სამსახურის მეილით, მერე ნანოს და მათეს მეილები გამოვიყენე და მერე ურცხვად დავუყევი ახლობელ-მეგობრების მეილებს… ეჭვი მაქვს, რომ 30 წუთზე გაცილებით ადრე მითიშავდნენ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ 8 საათი ვმჯდარვარ ერთ ჭიქა ყავასთან. ჩემს მეგობარსა და ჩემს ინტერნეტ მაშველს რატის შევეხმიანე და დავადგინე რომ ეკა გვარად ფოფხაძე ყოფილა. მერე სინდისის ქენჯნა დამეწყო ასე ურცხვად რომ ვსარგებლობდი გერმანელების ნდობით და ისევ მოსაცდელ დარბაზს დავუბრუნდი. ეკას ახლოს დავჯექი და ღიმილით მივესალმე.

„მგონი თბილისიდან ერთად ვიფრინეთ“ … ღიმილზე ღიმილით მიპასუხა მიპასუხა. თურმე ექვსი თვით მიდიოდა ზესახელმწიფოს დედაქალაქში რაღაც საინტერესო პროგრამით.

“ახალგაზრდა იურისტებს ას ეტოვებთ-თქო” … ვუთხარი. გაუკვირდა რომ ვიცანი. მერე მე მკითხა “რა სფეროში მოღვაწეობთო…. :))” ახლა მე გამიკვირდა. ჰმმმ, უცებ დამენგრა თვალწინ მითი ჩემი ცნობადობის შესახებ. რომ ვუთხარი ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ-თქო   უცებ შეეცვალა გამოხედვა.„ასე ჩაცმული ვერგიცანიო“…. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა “იუნაითიდის” გოგონებმა გამოგვიძახეს და ჩვენც მორჩილად დავუყევით ვიწრო „გვირაბს“, რომელსაც თვითმფრინავისკენ მივყავდით….

გზაში ხუთი ფილმი ვნახე. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ “ლურჯ ჟასმინს” არ ვუყურე. ორიოდ დღეში ქეით ბლანშეტმა ოსკარი აიღო ამ ფილმში შესრულებული როლისათვის.

ოკეანეს გადავუფრინეთ და ჩავფრინდით ყველაზე დიდი სახელმწიფოს ყველაზე პატარა დედაქალაქში. თვითმფრინავიდან გამოსულს მართლაც დამიხვდა ხანში შესული კაცი, რომელსაც ჩემი გვარსახელი ეწერა ვეებერთელა ფურცელზე. მისი კოსტიუმითა და მკერდზე ამოქარგული ემბლემით მივხვდი, რომ აეროპორტის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და მერე სახელიც ამოვიკითხე მის ბირკაზე და ბატონი როჯერი (გვარი არ მახსოვს) აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ბატონ მარეკ კუზმასთან შეხვედრის ბედნიერება, რომლის იმედადაც გამომიშვეს საქართველოდან, ჯერ კიდევ წინ მქონდა. მისტერ როჯერს უცნაურიმოკლეშარვალი დაგანიერიეცვა. მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ჩემი საბუთებითხელში წინ მიმიძღოდა.   ამ წუთიდან უკვე მართლა განსაკუთრებულ სტუმრად ვგრძნობდი თავს. პასპორტის შემოწმების რიგებს გვერდი ავუარეთ და ეკიპაჟის გასასვლელიდან გავედით.   შემაღლებულზე შემდგარ ჯიხურთან მიმიყვანა, ჩემი საბუთები გადასცა და ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, რომ წამში გავცდით საბაჟო კონტროლს, ბარგიც თავად მომართვა და აი, გაიღო აეროპორტის ვეებერთელა ჭიშკარი და ფეხი დავდგი ამერიკის მიწაზე… ტომ ჰენქსის გმირი გამახსენდა, რომელიც ტერმინალში ხანგრძლივი თავგადასავლების შემდეგ გადის ქალაქში…

დავიწყე დამხდურთა თვალიერება. ბატონი როჯერი ჩემი სახელითა და ერთერთი ჩემი ხელჩანთით ხელში ისევ წინ მიმიძღოდა და აი, ერთიც შეყოვნდა ერთი მაღალი სლავური გარეგნობის კაცთან და მომიბრუნდა: „ქალბატონო, სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგაცილებთო“ ხელი ჩამომართვა და ჩანთა დამიბრუნა. აღმოჩნდა, რომ სლავური გარეგნობის კაცი ჯერ ისევ არ იყო ბატონი კუზმა, არამედ არც მეტი – არც ნაკლები სანკტპეტერბურგელი ბატონი ფიოდორი იყო, რომელიც აგერ უკვე 20 წელია ამერიკაში ცხოვრობს. წამიხდა ნირი… არ მეგონა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ არაპოლიტკორექტულ დახვედრას მომიწყობდა. ეხლა, როცა უკრაინა რევოლუციის ქარცეცხლშია გახვეული, როცა ყირიმის მისადგომებთან რუსის ჯარები დგანან, როცა საქართველოს და უკრაინას ერთ კონტექსტში განიხილავენ როგორც ჩრდილოელი, ისე დასავლელი ახლო თუ შორეული მეზობლები, მე აეროპორტში დამახვედრეს რუსი თარჯიმანი…

თუმცა, ბატონი ფიოდორი ზუსტად ხვდებოდა მთელი ამ სიტუაციის უხერხულებას და მანქანაში როგორც კი ჩავსხედით იქიდან მოყოლებული ვიდრე სასტუმროს მიმღების რიგის გასრულებამდე პუტინს ლანძღავდა და „თქვენი ვარ, თქვენიო“ მიმტკიცებდა. ფეხზე ვეღარ ვიდექი. ერთი სული მქონდა, როდის მივიხურავდი ოთახის კარს, ინტერნეტში შევიდოდი, რომ მიხოსათვის, ბავშვებისათვის და ბენისა და მედიკოსათვის მიმეწერა უკვე სამშვიდობოს ვარ-თქო და დამეძინა. ფოიეშივე ვნახე ის იდუმალი მარეკ კუზმა, რომლის სახელიც თბილისიდან მოყოლებული მესმის. მარეკი გამეცნო და მახარა, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს პორტლანდში მგზავრობაო. იმედია თავაზიანად გავიღიმე, რადგანაც გულში ვფიქრობდი, რომ პორტლანდამნე ჯერ უნდა მივატანო-თქო. გულში ჩავიხუტე ვეებერთელა შეკვრა ფურცლებისა, რომელშიც წვრილადაა გაწერილი ვაშინგტონის გეგმა, და სასწრაფოდ შევაგორე ჩემი ბარგი ლიფტში.

აკვარელის ნახატებით მორთული, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი, მაქმანებიან-ფოჩიანი ფარდებიანი და „ქინგ საიზ“ საწოლიანი უსაყვარლეს ოთახში დავბინავდი. მაგიდაზე ხილისა და ყველის ასორტი დამიხვდა. აქ ჯერ ისევ შუადღე იყო. ბოლომდე ჩამოვაფარე ფარდები და დავაღამე და გავითიშე.

food.bmp

 

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

One response to “წერილები ცხრა მთასა და ცხრა ზღვას მიღმა ქვეყნიდან

  1. Kutivadze Mzia

    გაგრძელება ხომ მალე იქნება, ქ-ნო რუსუდან?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s