გლადიატორების იმედად დატოვებული შვილები

975637d9bd1b83a75c0b7658f127c6a3

როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი ბრუტალურად უნდა დახოცონ, რომ მივხვდეთ რა ხდება…

ამ უბედურებაში ყველაზე მეტი ტალახი ოჯახს და სკოლას მოხვდა და სამართლიანადაც… ამ კრიტიკაში დიდი ენთუზიაზმით გავერიე იმ თავდაჯერებულობით, რომ ტალახი მე ვერ მომხვდებოდა, რადგან ძალიან მოწადინებულ მშობლად ვთვლიდი თავს. ჩემი შვილებიც ზუსტად ამ ორ სივრცეში იზრდებოდნენ მათი თანატოლების მსგავსად, რომლების მშობლებიც ძირითადად სახლიდან გასულები იყვნენ და მათთვის ბევრი დრო არ ქონდათ.

სულ მეგონა, რომ მიუხედავად ჩემი დაკავებულობისა, მაინც ვახერხებდი შვილებთან ურთერთობას და კარგად ვიცოდი რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში… ამ მკვლელობების მერე ვლაპარაკობ მათთად და ვხვდები, როგორ ძალიან ცოტა მცოდნია მათი რეალური ცხოვრების შესახებ.

ეხლა, როცა ჩემი შვილი უკვე დიდი ბიჭია, იოლად და ღიმილით მომიყვა იმ ჩხუბებზე, ბულინგებზე, დაშინებებზე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ მოუყოლია იმიტომ კი არა, რომ მშობლების მხარდაჭერის იმედი არ ქონდა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ სწორედ ამ ‘მხარდაჭერის’ ეშინოდა… სამზარეულოს მაგიდის მეორე მხარეს ზის წვერებიანი ბიჭი, რომელიც მიყვევა საშინელ ამბებს, იღიმება, რომ არ მაგრძნობინოს რამდენად მტკივნეულ რამეს მიყვება. იღიმება, რომ მაჩვენოს ყველაფერი ჩავლილიაო… იღიმება, რომ მაჩვენოს შენ არაფერს გაბრალებო… ვუყურებ და ხან მეჩენება, რომ ჩემს წინ ზის თორმეტი წლის ჩემი შვილი და მიყვება, როგორ უცემიათ, როგორ უჩხუბიათ… სად ვიყავი მე მაშინ? რატომ ვერ შევამჩნიე? რატომ ვერ მივხვდი? ჩემი შვილი კი მიხსნის რაღაცეებს, ისევ იცინის და ჩუმად უწყლიანდება თვალები ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში…

ვუსმენ და ვხვდები, რომ ჩვენი შვილების გარემო გაცილებით ძალადობრივი ყოფილა, ვიდრენ ოდესმე წარმომედგინა. და ის ბავშვები, რომლებსაც სახლში არ გაუგიათ ‘კაი ბიჭობის’ კოდექსის, ‘სწორი კითხვა-პასუხის’ შესახებ, ისინი განსაკუთრებით დაუცველი და მოუმზადებლები ხვდებიან ამ სამყაროს. არა და ამ სამყაროში ვიღაც უცხოები კი არა, არამედ მათივე თანატოლები, მათი მეგობრები არიან. მეგობრები, რომლებიც ჩემი თაობის ადამიანები ზრდიან და სულ მავიწყდება ხოლმე, რომ ჩვენ 90-იანებში გამოზრდილი განსაკუთრებული ‘პაროდა’ ვართ. კლასებში ციხეზე შესატან ფულს რომ ვაგროვებდით, კარგი ტიპები მეცადინი და წიგნის მკითხველი ბიჭები კი არა, გაკვეთილებზე ყოფნის ნაცვლად სკოლის წინ უფროს კლასელებთან ჩაცუცქულები იყვნენ, რომლებიც ზარის დარეკვას ელოდებოდნენ, როცა მათი ‘კუთვნილი’ გოგონები გამოვიდოდნენ გაკვეთილიდან და მათ წინ ჩაიგოგმანებდნენ… ჩემი შვილების აღზრდაზე გავლენას ახდნდნენ მათი მეგობრების მშობლები, ჩემთვის უცნობი ადამიანები, ზოგჯერ ჩემთვის მიუღებელი ფასეულობებით, ჩემთვის ვერგათვალისწინებული გზებით, რომლებიც ასწავლიდნენ რა და როგორ უნდა ეკეთებინათ – რა პასუხები გაეცათ კონკრეტულ კითხვებზე, ვისთვის გაერტყათ, ვისი გარტყმული უპასუხოდ დაეტოვებინათ. . . არა და მე მეგონა, რომ სკოლაში, სადაც შვილებს მშვიდად ვუშვებდი იქ სიტუაციას მასწავლებლები მართავდნენ.

როცა დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა დამარიგა, რომ შენი შვილი ძალიან გულჩვილია და თუ გინდა კაცად გაიზარდოს სახლში უნდა სცემოთ ხოლმეო, მეგონა, რომ ამ ერთ ქალს თუ გავაცლიდი ბავშვს, პრობლემაც მოგვარდებოდა. ვერ გავიაზრე, რომ სკოლის გარემოს ქმნიან გადაქანცული, ნერვებდაწეწილი, დაბალანაზღაურებიანი მასწავლებლები, რომლებსაც მხოლოდ სადამსჯელო ინსტრუმენტებით შეუძლიათ ‘საშიში’ ასაკის, ‘საშიში’ რაოდენობის, ‘საშიში’ განწყობების კლასების მართვა. მასწავლებლებს ეშინიათ ბავშვების და რომ არავინ შეატყოს ეს შიში, აქეთ აშინებენ ბავშვებს ნიშნებით, გამოცდებით, ‘არებით’. ერთხელ სასწავლო ნაწილმა მშობელთა კრებაზე გვითხრა, რომ მასწავლებლები გლადიატორები ვართ და ყველა გაკვეთილი ბრძოლააო. ჩვენს შვილებს ზრდიან გლადიატორები.

იმედი მქონდა, რომ წიგნების კითხვა, მათთვის საყვარელი და საინტერესო საქმის კეთებაში ხელის შეწყობა ჩამოაყალიბებდა მათ კარგ და საინტერესო ადამიანებად. ამდენად, როცა მითხრეს, რომ ცეკვაზე, ან მუსიკაზე არ მინდა სიარულიო, მეორე დღესვე გამოვიყვანეთ. რომ მითხრეს აი, ეს მაინტერესებსო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რაც ახარებდათ, ის ეკეთებინათ… მაგრამ არც ესაა საკმარისი იმისათვის, რომ მაღალი თვითშეფასების და ლაღი ადამიანები გაიზარდონ. ცეკვიდან იმიტომ წამოვიდა ჩემი გოგო, რომ ‘ქორეოგრაფი’ (რომელიც მისი კლასელის პაპა იყო) საშინლად ჩხუბობდა და აგინებდა ბავშვებს.

საზოგადოება, რომლის კრიტიკაც ყველაზე იოლად გამოგვდის, იმიტომ, რომ ვინმე კონკრეტულზე არ ვლაპარაკობთ, სადღაც სხვა პლანეტაზე კი არ არის. ეს საზოგადოება ჩვენ ვართ, ჩვენი სანათესაო, ჩვენი სამეგობრო, ჩვენი სამეზობლო, ჩვენი სამრევლო… ესა ვართ და თუ ვამბობთ, რომ საზოგადოება ძალადობრივია, უნდა ვაღიაროთ რომ ამ ძალადობრივ განწყობებს ქმნიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი საყვარელი და სასიქადულო ადამიანები, ჩვენი ახლობლები და პირადად ჩვენ. ჩვენ ვართ ის არენა, რომელზეც გლადიატორები იბრძვიან. ამ არენაზე იარაღებს და ბრძოლის წესებს ასეთ სისტემაში ვანაწილებთ:

= არ უნდა გააფუჭო, იმიტომ, რომ მოგხვდება;
= არ უნდა დაარღვიო, იმიტომ, რომ დაჯარიმდები;
= არ უნდა ატკინო, რიმიტომ, რომ დაისჯები;
= არ უნდა მოკლა, იმიტომ, რომ დაგიჭერენ;
= არ უნდა შესცოდო, იმიტომ, რომ ღმერთი გაგიწყრება და ჯოჯოხეთში მოხვდები;

ზუსტად ამიტომაა, რომ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ღვედიც კი არ გავიკეთეთ, ვიდრე 40 ლარიანი ჯარიმით არ შეგვაშინეს.

და ეხლა, როცა ჩემი შვილები ლექციებზე სხედან და მე შორს ვარ მათგან და ვფიქრობ, თურმე როგორ იოლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი ან მოძალადის ან მსხვერპლის მშობელი. თურმე ის სამყარო, რომელიც დროში და სივრცეში სადღაც შორს მეგულებოდა, სულაც არ ყოფილა ასე შორს. ჩემს შვილებს ვუშვებდი სამყაროში, სადაც სხვა მშობლებიც თავის შვილებს უშვებდნენ. მშობლები, რომლებიც ასევე ‘გლადიატორებმა’ გამოგვზარდეს. შვილებს ჩვენ ყველა ჩვენი ფასეულობებით შეიარაღებულებს ვუშვებდით იმ იმედით, რომ ჯავშანი და იარაღი, რომელიც ჩვენ მივეცით გამძლე და მახვილია.  არენაზე საბრძოლველად ვუშვებდით იმ იმედით, რომ ამ ბრძოლას სკოლა დაარეგულირებდა.

ამ გლადიატორები სამყაროში, სადაც ყველა იბრძვის, მისაღები თუ მიუღებელი იარაღითა და ილეთებით ყველა თავის გატანას ცდილობს და თუ რამე გვინდა შეიცვალოს, უნდა მოვძებნოთ ის ძლიერი ხელი, რომელიც ამას მოერევა.

არა, რელიგიაზე არ ვლაპარაკობ,  იმიტომ, რომ რელიგიაც ინსტიტუციაა, რომლის ძალაუფლებაც რეპრესიულ რეჟიმზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა რომ ხშირად ასე ძალიან გავს რელიგია სახელმწიფოს, სამსჯავროს, საპყრობილეს, ქურდულ სამყაროს…  მე არც ღმერთზე ვლაპარაკობ… იმიტომ, რომ ჩემთვის ღმერთი არ არის ალტერნატული რეპრესიული რეჟიმის უმაღლესი ხელისუფალი.  ჩემთვის ღმერთი არ არის ‘კეთილი გლადიატორი’, რომელიც ბოროტებს დახოცავს და მომართმევს გამარჯვებას, რომელსაც მე მარტო ვერ მოვიპოვებდი.  ჩემი ღმერთი არის სახედარზე ამხედრებული მშვიდობის თავადი, რომელსაც იარაღი არ აქვს. მისი იარაღი ის ძალაა, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, დარწმუნდეს, რომ ის ღირსეულია, ის ძვირფასია, ის ფასეულია…

მე ვლაპარაკობ ლაღი ადამიანების საზოგადოებაზე, რომლებშიც ღმერთია (არა პოლიტიკური ღმერთი, არამედ ღმერთი, რომელიც სიყვარულია).  ასეთი ლაღი ადამიანები უნდა გამოზარდოს ოჯახმა. მაგრამ იმისათვის რომ ოჯახმა ეს მოახერხოს, უნდა ამ ოჯახშიც ლაღი ადამიანები ცხოვრობდნენ.  ლაღი ადამიანები, რომლებიც მონობაში არ გაზრდილან და მონებისათვის საუკეთესო მორალია ‘არა კაც კლა’, ‘არ იპარო’, ‘არ იმრუშო’ . . .  თავისუფალი ადამიანების მორალია ‘გიყვარდეს მოყვასი შენი’.

ხო და, ქადაგებას რომ თავი დავანებო და რამე დასკვნამდე მივიდე. . . . მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად იმათ ვენდობი, რომლებიც ამბობენ, რომ ლაღ ადამიანებს გამოზრდის ლაღი განათლების სისტემა. განათლებაში უნდა ჩაიდოს ძალაინ დიდი ფინანსები. პოზიტივზე სისტემის აწყობა ძალიან ძვირი ფუფუნებაა… ვიდრე სკოლის მასწავლებლობა პრესტიჟული და შემოსავლიანი პროფესია არ გახდება ჩვენ შვილებს გლადიატორების იმედად ვტოვებთ, რომლებმაც შეიძ₾ება თვითონაც არ იციან, როგორი კარგი აღმზრდელი და კარგი პედაგოგები არიან ჯავშანს შიგნით.

როგორ ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილები, როცა სამზარეულოს მაგიდასთან თავის სტუდენტი შვილებთან ერთად დასხდებიან ყავის დასალევად, არასოდეს მოისმენენ ღიმილში შეფუთულ ტკივილიანი ბავშვობის ამბებს.

coffee

 

Advertisements

Leave a comment

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s