წერილები ცხრა მთასა და ცხრა ზღვას მიღმა ქვეყნიდან

წერილი პირველი

“ბევრი ვიარე, თუ ცოტა …”

DSC_0325

ნეტავ ამჯერად რა მრჩება ?…. სავარცხელი ჩავიდე, ორივე ანაფორა, საბუთები, პასპორტი… ჩანთა!…. ხელჩანთა არ ჩავიდე…. არაუშავს, ზურგჩანთით ვივლი თუ რამეა….

გავიარე რეგისტრაცია. ბარგი დასაშვებზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა… ვინანე რაღაცეების ჩადებაზე რომ შევიკავე თავი. ბარგის ჩალაგება, როგორც ყოველთვის გაფრენამდე 2 საათით ადრე დავიწყე. ვერ ვიტან მგზავრობას და რაც შეიძლება ბოლოსკენ მივიტან ხოლმე მგზავრობასთან დაკავშირებულ საქმეებს.

„ამერიკული ელექტრო ადაფტერი მიუნხენის აეროპორტშივე იყიდე“… (მარიგებს მიხო, რომელიც ჩემს გასაცილებლად ჩამოვარდა თურქეთიდან. წუხელ მიხოს დავხვდით მე და მამა და დღეს მე მაცილებენ და ეს უკვე მეორე უძილო ღამეა სამივესთვის. არც ხვალღამ გვიწერია ძილი. მე თვითმფრინავში ვიქნები, მიხოს ლადო გააცილებს უკან თურქეთში და კვირას სამივენი ჩავიხოცებით – მე ვაშინგტონში, რომელიღაც სასტუმროში, მიხო გაზიანტებში, თავის „გესტჰაუზში“ და ლადო დიღომში, თავის საძინებელში…

ეს კალატორის წინ გამოვემშვიდობე მამას, ჩავეხუტე მიხოს… მისი წყალობით ყველაზე უფრო დეპრესიული გამგზავრებისწინა დღე დღესასწაულად მექცა… უნდა ჩავფრინდე მიუნხენში, მერე ვაშინგტონში და რაც მთავარია არ უნდა დავაგვიანო, არ უნდა დავკარგო დოკუმენტები, პასპორტი… და თვითმფრინავიდან რომ გამოვალ დამხვდება ვინმე და მერე უკვე შემიძლია აღარ ვინერვიულო დაგვიანებაზე, დაკარგვაზე…. ისე ვღელავ, თითქოს ჯერაც არ მემგზავროს. ალბათ, ეს ღელვა ბენმა და მედიკომ გადმომდეს. შემატყვეს, როგორი „მოწესრიგებულიც“ ვარ და გული უსკდებოდათ, რომ გზაში არ დავკარგულიყავი, ან მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ დამეკარგა. იმასღა მეუბნებოდნენ, რომ მთავარია ვაშინგტონამდე მშვიდობით ჩახვიდე და თვითმფრინავიდან გამოხვალ თუ არა დაგხვდება ადამიანი, რომელიც უკანა გზაზე თვითმფრინავში ჩაჯდომამდე გიპატრონებსო. სწორედ ამ ორი ადამიანის ბრალია/დამსახურებაა, რომ ჩემი სახელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტამდე ჩავიდა და მერე მეც მალევე მიმაწიეს.

ჯერ კიდევ ნოემბერში მივიღე ქალბატონი მედიკოს წერილი, რომელიც ორიოდ ფრაზით (თანაც ქართული ტექსტი ლათინური შრიფტით დაწერილი) მატყობინებდა, რომ რაღაც ნომინაციაზე წარმადგინეს შეერთებულ შტატებში. დიდი მადლობა ვუთხარი ამ პატივისათვის და ეს ამბავიც ისე ჩაიკეცა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ეს მეილი ჩემი gmail-ის ინბოქსში… გამოხდა ხანი და ისევ მივიღე წერილი საელჩოდან, სადაც მატყობინებდნენ, რომ ჩემი სახელი ბოლოს წინა ეტაპის სიაშია და უნდა დაუყოვნებლივ მივსულიყავი საელჩოში. აი, მაშინ კი ავღელდი და ვიკადრე ყოვლისმცოდნე გუგლისათვის მიმემართა და მენახა რა ჯილდოზე იყო საუბარი. როცა სურათებში ქალბატონი ჰილარი და პირველი ლედი მიშელი დავინახე, მივხვდი, რომ სახუმარო ამბავში არ ამომიყვია თავი. ეს იყო International Woman of Courage Award, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იძლევა აგერ უკვე მერვე წელია. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან საელჩოები სახელმწიფო დეპარტამენტს აწვდიან გვარ-სახელებს და რამოდენიმე თვის განხილვის მერე ადგენენ ათ ფინალისტს. შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რომ შეიძლება ფინალში არც კი მოვხვედრილიყავი, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის რაღაც სამზადისები უნდა დაგვეწყო…

ერთ-ერთ წერილში ბენი მეკითხება ციხეში თუ მჯდარხარ როდესმეო. კი მივწერე _ არა-თქო, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ჩემი შერჩევის საქმეში “არა” უფრო კარგი პასუხი იყო თუ “ჰო”… როცა წინა წლების დაჯილდოვებულებს გადავხედე, მივხვდი, რომ წინა საფინალო სიაში მოხვედრაც დაუჯერებელი ამბავი იყო და რომ მეტის იმედი არც უნდა მქონოდა. ამ ფიქრებით ვიოკებდი ნეგატიურ ემოციებს.

ზუსტად ოთხ დღეში მივიღე მილოცვის წერილი, რომ დასაჯილდოვებელთა ათეულში მოვხვდი და რომ ინტენსიურად უნდა დამეწყო სავიზო პროცედურები… საბოლოო ინფორმაციები ჯერ არ იყო ჩამოსული და ამიტომაც ფაქტობრივად შეუვსებელი აპლიკაცია ჩავაბარე… თითქმის ყოველ დღე მიწევდა საელჩოსა და საკონსულოში მისვლა. ბენი იცინოდა, უკვე საშვი უნდა გამოგიწეროთ, რომ ჩვეულებრივ შეგეძლოს შემოსვლაო. დამატარებდნენ შეხვედრიდან შეხვედრაზე. ელჩი ვაშინგტონშია საქართველოს პრემიერმინისტრის ამერიკაში ვიზიტის გამო. სამაგიეროდ ელჩის მოადგილესთან ქალბატონ ბრიჯიტ ბრიკთან გადავიღე ერთი საშვილიშვილო სურათი დროშებისა და საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ხელმძღვანელის ჯეიმს ჰაინის ფონზე. ვიზაც და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტიც ზუსტად გაფრენამდე რამოდენიმე საათით ადრე მოესწრო და აი, უკვე თვითმფრინავში ვზივარ…

თბილისიდან მიმავალი თვითმფრინავიდან იფანტებიან ქართველი მგზავრები სხვადასხვა გასასვლელებისკენ… რაღაც ეტაპამმდე, ვიდრე მგზავრების ნაკადი ერთად მიდის, ხედავ ნაცნობ სახეებს, გესმის ქართული საუბარი… მერე იფანტება და ირევა “დიუტი ფრიის” მაღაზიებს შორის…   მერე პოულობ შენ სგასასვლელს და ათვალიერებ, იქნებ ვინმე შენი თვითმფრინავისა, შენი ენისა, შენი მიწისა დაინახო… აღმოჩნდა, რომ„ახალგაზრდა იურისტების“ ხელმძღვანელი დამხვდა მოსაცდელ დარბაზში. ჯერ თავის არიდების ნაცად ხერხს მივმართე და რაკი დიდი დრო იყო მქონდა ფრენამდე, იქვე ახლო კაფეში გავედი.  ეხლა, ვიდრე მიუნხენის აეროპორტის კაფეში ვიჯექი და ვიდრე ცნობილ ქართველ იურისტთან გამოლაპარაკება-არგამოლაპარაკების ამბავს ვწყვეტდი, ფაქტობრივად, მრავალგზის დავარღვიე კანონი. საქმე ისაა, რომ ინტერნეტი უფასოა მხოლოდ 30 წუთით. მეც დავიწყე და ჯერ ჩემი პირადი მეილით შევედი, მერე ჩემი სამსახურის მეილით, მერე ნანოს და მათეს მეილები გამოვიყენე და მერე ურცხვად დავუყევი ახლობელ-მეგობრების მეილებს… ეჭვი მაქვს, რომ 30 წუთზე გაცილებით ადრე მითიშავდნენ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ 8 საათი ვმჯდარვარ ერთ ჭიქა ყავასთან. ჩემს მეგობარსა და ჩემს ინტერნეტ მაშველს რატის შევეხმიანე და დავადგინე რომ ეკა გვარად ფოფხაძე ყოფილა. მერე სინდისის ქენჯნა დამეწყო ასე ურცხვად რომ ვსარგებლობდი გერმანელების ნდობით და ისევ მოსაცდელ დარბაზს დავუბრუნდი. ეკას ახლოს დავჯექი და ღიმილით მივესალმე.

„მგონი თბილისიდან ერთად ვიფრინეთ“ … ღიმილზე ღიმილით მიპასუხა მიპასუხა. თურმე ექვსი თვით მიდიოდა ზესახელმწიფოს დედაქალაქში რაღაც საინტერესო პროგრამით.

“ახალგაზრდა იურისტებს ას ეტოვებთ-თქო” … ვუთხარი. გაუკვირდა რომ ვიცანი. მერე მე მკითხა “რა სფეროში მოღვაწეობთო…. :))” ახლა მე გამიკვირდა. ჰმმმ, უცებ დამენგრა თვალწინ მითი ჩემი ცნობადობის შესახებ. რომ ვუთხარი ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ-თქო   უცებ შეეცვალა გამოხედვა.„ასე ჩაცმული ვერგიცანიო“…. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა “იუნაითიდის” გოგონებმა გამოგვიძახეს და ჩვენც მორჩილად დავუყევით ვიწრო „გვირაბს“, რომელსაც თვითმფრინავისკენ მივყავდით….

გზაში ხუთი ფილმი ვნახე. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ “ლურჯ ჟასმინს” არ ვუყურე. ორიოდ დღეში ქეით ბლანშეტმა ოსკარი აიღო ამ ფილმში შესრულებული როლისათვის.

ოკეანეს გადავუფრინეთ და ჩავფრინდით ყველაზე დიდი სახელმწიფოს ყველაზე პატარა დედაქალაქში. თვითმფრინავიდან გამოსულს მართლაც დამიხვდა ხანში შესული კაცი, რომელსაც ჩემი გვარსახელი ეწერა ვეებერთელა ფურცელზე. მისი კოსტიუმითა და მკერდზე ამოქარგული ემბლემით მივხვდი, რომ აეროპორტის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო და მერე სახელიც ამოვიკითხე მის ბირკაზე და ბატონი როჯერი (გვარი არ მახსოვს) აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ბატონ მარეკ კუზმასთან შეხვედრის ბედნიერება, რომლის იმედადაც გამომიშვეს საქართველოდან, ჯერ კიდევ წინ მქონდა. მისტერ როჯერს უცნაურიმოკლეშარვალი დაგანიერიეცვა. მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ჩემი საბუთებითხელში წინ მიმიძღოდა.   ამ წუთიდან უკვე მართლა განსაკუთრებულ სტუმრად ვგრძნობდი თავს. პასპორტის შემოწმების რიგებს გვერდი ავუარეთ და ეკიპაჟის გასასვლელიდან გავედით.   შემაღლებულზე შემდგარ ჯიხურთან მიმიყვანა, ჩემი საბუთები გადასცა და ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, რომ წამში გავცდით საბაჟო კონტროლს, ბარგიც თავად მომართვა და აი, გაიღო აეროპორტის ვეებერთელა ჭიშკარი და ფეხი დავდგი ამერიკის მიწაზე… ტომ ჰენქსის გმირი გამახსენდა, რომელიც ტერმინალში ხანგრძლივი თავგადასავლების შემდეგ გადის ქალაქში…

დავიწყე დამხდურთა თვალიერება. ბატონი როჯერი ჩემი სახელითა და ერთერთი ჩემი ხელჩანთით ხელში ისევ წინ მიმიძღოდა და აი, ერთიც შეყოვნდა ერთი მაღალი სლავური გარეგნობის კაცთან და მომიბრუნდა: „ქალბატონო, სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგაცილებთო“ ხელი ჩამომართვა და ჩანთა დამიბრუნა. აღმოჩნდა, რომ სლავური გარეგნობის კაცი ჯერ ისევ არ იყო ბატონი კუზმა, არამედ არც მეტი – არც ნაკლები სანკტპეტერბურგელი ბატონი ფიოდორი იყო, რომელიც აგერ უკვე 20 წელია ამერიკაში ცხოვრობს. წამიხდა ნირი… არ მეგონა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ არაპოლიტკორექტულ დახვედრას მომიწყობდა. ეხლა, როცა უკრაინა რევოლუციის ქარცეცხლშია გახვეული, როცა ყირიმის მისადგომებთან რუსის ჯარები დგანან, როცა საქართველოს და უკრაინას ერთ კონტექსტში განიხილავენ როგორც ჩრდილოელი, ისე დასავლელი ახლო თუ შორეული მეზობლები, მე აეროპორტში დამახვედრეს რუსი თარჯიმანი…

თუმცა, ბატონი ფიოდორი ზუსტად ხვდებოდა მთელი ამ სიტუაციის უხერხულებას და მანქანაში როგორც კი ჩავსხედით იქიდან მოყოლებული ვიდრე სასტუმროს მიმღების რიგის გასრულებამდე პუტინს ლანძღავდა და „თქვენი ვარ, თქვენიო“ მიმტკიცებდა. ფეხზე ვეღარ ვიდექი. ერთი სული მქონდა, როდის მივიხურავდი ოთახის კარს, ინტერნეტში შევიდოდი, რომ მიხოსათვის, ბავშვებისათვის და ბენისა და მედიკოსათვის მიმეწერა უკვე სამშვიდობოს ვარ-თქო და დამეძინა. ფოიეშივე ვნახე ის იდუმალი მარეკ კუზმა, რომლის სახელიც თბილისიდან მოყოლებული მესმის. მარეკი გამეცნო და მახარა, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს პორტლანდში მგზავრობაო. იმედია თავაზიანად გავიღიმე, რადგანაც გულში ვფიქრობდი, რომ პორტლანდამნე ჯერ უნდა მივატანო-თქო. გულში ჩავიხუტე ვეებერთელა შეკვრა ფურცლებისა, რომელშიც წვრილადაა გაწერილი ვაშინგტონის გეგმა, და სასწრაფოდ შევაგორე ჩემი ბარგი ლიფტში.

აკვარელის ნახატებით მორთული, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი, მაქმანებიან-ფოჩიანი ფარდებიანი და „ქინგ საიზ“ საწოლიანი უსაყვარლეს ოთახში დავბინავდი. მაგიდაზე ხილისა და ყველის ასორტი დამიხვდა. აქ ჯერ ისევ შუადღე იყო. ბოლომდე ჩამოვაფარე ფარდები და დავაღამე და გავითიშე.

food.bmp

 

Advertisements

1 Comment

Filed under Uncategorized

Дай Бог – ИНШАЛЛА

Русский язык не мой “мама язык” особенно к вечеру, когда ты в стране где все во круг говорят по французский и с трудом находишь английско-говорящих… да ещё есть грузины… и вот когда с этого лингвистического кошмара возвращаешься в свой малюхинкий номер, уже представляешь как прямо с двери начнёшь разбрасывать туфли, пальто, сумку и наконец-то уединишься со своим  фэисбуком…. Упс… забыла, что в номере будет у меня соседка… Открываю двери с надеждой – может на завтра приедет…. может повезёт и один вечер буду одна…. но….

-Hello, I am your neighbor…

– Pleased to meet you…

– My name is Milana

– My name is Rusudan, from Georgia

–  Вы грузинка? Говорите по Русский?

–  Да, по немножко…. – ой, Господи, как же все это сюрреалистично…

– Я сама из Чечни и вы первая грузинка I have ever seen ….

 

Она говорила без акцента и в тот момент я призналась себе, что в русском языке, со всеми объективными с субъективными причинами, меня раздражает мои навыки, my poor Russian and мой акцент….

Я ещё не со всем მოვშინაურდი, как она включила в свой таб грузинскую фольклорную песню  ” აყვავებულა  არაგვზე დეკა” и сама тоже начала подпевать. Все слова наизусть знала но оказывается не понимала слова.

– О чём поётся в этой песне?

Слушай, а что такое ЧИТА ГРИТА?” … Я начала переводить и думаю – что-же этот человек со мной делает?

Наверное сейчась очен красива в горах….  Да, нечего особенного…”

Как только начинала говорить на русском, вспоминалось слова “великого”  грузинского политика нашей современности “русский язык не мой мама язык”  и это успокаивало.

Она представилась как журналистка канала “Дождь”.

– А я епископ Баптистской Церкви…

“Летчик?…. Иногда, а вообще я эндокринолог”

 

 

И вот так всё и началось… Утром, пока приукрашивались, слушали ხევსურული, აჭარული… на lunch даже через стол говорили о грузинской кухне.  Вечером я сидела в своей пастели и читала свою электронную Библию в своем табе. По чему-то грузинская версия не открывалось и приходилось читать на английском. А в это время Милана Намаз делала и молилась на арабском.

Нас, кроме кавказских корней связывала одна часовая полоса. Так что до поздней ночи не спалось и говорили пока наш сосед не начинал по стене стучать… Я говорила о Боге а она об Аллахе, но называли Всевышним, потому, что так Его и называем для себя, без всяких религиозных догм и препятствии. Мы говорили о традициях, о танцах, о музыке, о родине, о воинах, о женщинах, о мужчинах, о политике, о профессии, о свободе, обо всём о чём могут успеть поговорить давние друзья, которые не виделись некогда…. Мы сидели в пабах, я заказывала пиво с лимоном а Милана чай с лимоном… И я думала, как же всё просто…. Шли дни, мой русский не становился Мама Языком, но уже нравилось говорить… Этот Язык совсем неожиданно стал для меня языком дружбы.

Не навожу прощаться… Расставание маленькая смерть (вот, уже начала цитировать русскую эстраду 🙂 )…

Рано утром Моя Чеченская подруга перед уходом обернулась у двери и улыбнулась:

– вот выучу грузинский и приеду…

-“Я тебе один умный вещ скажу, только ты не обижайся…. не надо ждать пока выучи… приезжай с разую

Дай Бог – сказала она.

ИНШАЛЛА – ответила я.

Image

Leave a comment

Filed under Uncategorized

სახიფათო დაცვა

defaultმცირედი ცვლილებები უცვლელი არსით

 ვის უნდა აღელვებდეს რელიგიური გრძნობების შელახვისა და  სიძულვილის ენის საშიშროება, თუ არა მათ, ვისაც სექტანტებს, საქართველოს მოღალატეებს, უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახიან; ვისაც ლოცვას უშლიან, სალოცავებს ეცილებიან და სალოცავებს უნგრევენ. ალბათ, შარზე უნდა იყოს ადამიანი, რომ დაცვას სთავაზობდე და უარს აცხადებდეს _ ეუბნებოდე „დღეის ამას იქით უბატონოდ ხმის გამცემი არ გეყოლებაო“ და მაინც უარს იყოს.

შარიანი დამარქვით, მაგრამ ამ საკანონმდებლო ინიციატივის არც პირველადი და არც შეცვლილი ვერსია არ მეჩვენება კარგ ამბად. აგერ უკვე მერამდენე ჟურნალისტი მოვიდა, კომენტარი ჩაიწერა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმას აშუქებენ, რომ არ მომწონს და მორჩა… ეხლა საერთოდ ინფორმაციას გადავაწყდი, თითქოს მოტყუებით კანონის ძველი ვარიანტი გვაჩვენეს რელიგიათა საბჭოს და მასზე დაყრდნობით გავაკეთეთ განცხადება. საქმე ისაა, რომ საფრთხეები, რომლებიც პირველად ვერსიაში კარგად ჩანს არც შეცვლილ ვარიანტში გაუჩინარებულა.

„მუხლი 1691 ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა

 1.        ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა რაც გამოიხატება:

ა) ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში;

სხვა რაღა ქნას ამ სახელმწიფომ. გეუბნება რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შემშლელს დავსჯიო. ჩვენ კიდევ, ჯიუტად ვიმეორებთ – „არ გვინდა ეს კანონიო“…  ღვთისმსახურების, ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება ძალიან ცოტა ადგილასაა კანონით აკრძალული. მათ შორისაა, მაგალითად, საჯარო სკოლები. სამწუხაროდ, მიუხედავად კანონისა, სკოლები რელიგიისაგან თავისუფალი სეკულარული სივრცე არც არასოდეს ყოფილა და არც ეხლა არის. მაგრამ ეხლა, ამ ახალი კანონის წყალობით სკოლების გარდა, ნებისმიერ ადგილას ნებადართულია რელიგიური წესის აღსრულება და ვერავინ შეუშლის ხელს (შეუშლი და დაისჯები). რაც იმას ნიშნავს, რომ უცებ, ვინმემ რომ მოიწადინოს კანცელარიის ფოიეში ლოცვის გამართვა (რაც, თითქმის ასეც ხდება, მაგრამ მაინც), ვერავინ გაბედავს ხელის შეშლას…

ბ) რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან/და ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში;

 ამას რაღა შეიძლება „გამოვუჩხრიკო“?…. საქმე ისაა, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაციაზე ლაპარაკი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და ამას თავისი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ დასჯით სიძულვილის ენასთან ბრძოლა, განსაკუთრებით კი ჩვენს საზოგადოებაში, სახეიროს არაფერს მოიტანს. უფრო მეტიც, ჩვენისთანა ბუნებით ტოტალიტარიზმისაკენ მიდრეკილ ხალხში სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია სწორედ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. განსაკუთრებით სახიფათო იქნება, თუკი სიძულვილის ენაზე მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში იქნება საუბარი. ამ კანონის მიღებით ყველა „დაუფიქრებელი“ ფეისბუკ სტატუსი, ყველა სტატია, წიგნი, ანეგდოტი, სიმღერა თუ სპექტაკლი ე.წ. „სიძულვილის ენის“ ცენზურას გაივლის.

გ) რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მათზე ნებისმიერი შეურაცმყოფელი წარწერის გაკეთებაში ან/და მათი რელიგიური მოტივით დაზიანებაში.

რელიგიური ნაგებობის წაბილწვა, მასზე წარწერის გაკეთება თუ ნებისმიერი ფორმის ვანდალიზმი ისედაც იკრძალება კანონით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შენობა ნაგებობისა. რაც იმას ნიშნავს, რომ სიონის ტაძარზე გააკეთებ წარწერას, რუსთაველის თეატრის შენობაზე თუ სამინისტროზე, ყველა შემთხვევაში დაისჯები… ასე, რომ ამ კანონით ახალი არაფერი თქმულა. ხოლო, რაც შეეხება „.. ან/და სხვა სიწმინდეების წაბილწვას“ ეს უკვე საინტერესო ჩანაწერია. კანონისათვის ბუნდოვანი ცნებაა „სიწმინდის წაბილწვა“. შეიძლება ვივარაუდო რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ფრაზა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა ამ კანონის წამკითხველისა თუ გამოყენების მსურველის ვარაუდები ერთმანეთს დაემთხვევა.

რელიგიური ორგანიზაცია თუ მისი მსახურნი არ უნდა წარმოადგენდნენ ჩვენს ისედაც იერარქიულ საზოგადოებაში ხელშეუხებელ კასტას. ამ ქვეყანაში ისევე უნდა იყოს დაცული სიონის ტაძარი, როგორც რუსთაველის თეატრისა თუ რომელიმე სამინისტროს შენობა ვანდალიზმისაგან. ამ ქვეყანაში სიძულვილისაგან და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ღვთისმსახურის სამოსელში გამოწყობილი ადამიანები, არამედ აბსოლუტურად ყველა განურჩევლად პროფესიისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა, სქესისა, კანის ფერისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ორიენტაციისა, განათლებისა, სოციალური ფენისა… ამ ქვეყანაში ადამიანი უდა იყოს ფასეული…

ნურავინ გაირჯებით კანონში დამატებითი ინსტრუმენტების შექმნით იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო დაცულად იგრძნონ თავი. კანონი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ მოჭრან მინარეთები, ტაბურეტით არ სდიონ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებს, სამლოცველოებიდან არ გადმოუყარონ მორწმუნეებს რელიგიური წიგნები, არ გაულახონ სასულიერო პირები და არ აუკრძალონ ლოცვა…

“ერთიცა და გავდივართ!!!”

მეფიქრება, რომ ეს “ერთიცა” შეიძლება მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა გახდეს და ჩვენი ირანიზაცია (ოღონდაც გურჯული ირანიზაცია) უკვე შეუქცევადი გახდება…

რუსუდან გოცირიძე

11 ნოემბერი 2013

Leave a comment

Filed under Uncategorized

„მაგრამ“ პოლიტიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

(UNDP კონფერენცია _ „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში:

არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ 15 ივნისი, 2013)

სამყარო არ არის თეთრად და შავად დაყოფილი. და ოდესღაც ვთვლიდი, რომ ისეთი ლინგვისტური მოვლენა, როგორიცაა “მაგრამ” გვიხსნიდა სამყაროს მთელს სირთულესა და სიღრმეს, რადგანაც სწორედ მისი დახმარებით შეგვიძლია ვთქვათ “თეთრი თეთრია, “მაგრამ” არის შავიც და არის თეთრსა და შავს შორის გარადაციების საოცარი სპექტრი… ანდა შეიძლება ვთქვათ, რომ “ეს ადამიანი დამნაშავეა, “მაგრამ” რატომ არ გვინდა რომ დავინახოთ, რომ მისი დანაშაული რაღაცისაგან არის გამოწვეული….” ამდენად ეს “მაგრამ” მაძლევდა საშუალებას ადამიანები ერთ სიბრტყეზე არ დამენახა…..

„მაგრამ“ წინადადებას ერთი თავისებურება აქვს. მაგალითად, როდესაც სკოლაში მასწავლებელი დაიბარებს მშობელს და ეტყვის _ „თქვენი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ბავშვი ბედნიერია, რადგან მასწავლებელმა მისი ნიჭიერება აღიარა და მშობელი გულგახეთქილია, რომ მისი შვილი ზარმაცობს. ამ ერთი წინადადებით ყველამ თავისი მესიჯი მიიღო.

„მაგრამ“ განცხადებების ორაზროვნებაში რომ უკეთ გავერკვეთ, ნება მიბოძეთ ამ მოვლენის ანატომიის ჩემებური, მოკრძალებული დაკვირვება შემოგთავაზოთ. საქმე ისაა, რომ „მაგრამ“ წინადადების პირველი ნაწილი, რაღაცნაირად, შესავლის ხასიათისაა და თითქოს მთავარი სათქმელის წინ მოთელვითი მანევრის დატვირთვას ატარებს ვიდრე მთავარ სათქმელს იტყოდე. მაგ:

„მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენზე ვერ ვიქორწინებ“.

ამ წინადადებაში მთავარი სათქმელი ისაა, რომ სიყვარულის მიუხედავად შენი გულის სწორი ვერ დაქორწინდება შენზე. ხოლო, თუკი ასე გადავაწყობთ წინადადებას:

„შენზე ვერ ვიქორწინებ, მაგრამ მე შენ მიყვარხარ“

მაშინ ძალიან გულისამაჩუყებელი სურათი იხატება _ „მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მუხანათია და ერთად ვერ ვიქნებით, მიდა იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ“.

მოდით ამ ფორმულით დავიწყოთ დღევანდელი ხელისუფლების მესიჯების გაშიფვრა:

 რა თქმა უნდა მუსლიმებს, ისევე როგორც ყველა რელიგიის წარმომადგენლებს ამ ქვეყანაში, აქვთ უფლება ააშენონ მეჩეთი ბათუმში, მით უფრო, თუ მართლა სჭირდებათ, მაგრამ ) დაუშვებელია აზიზიეს სახელის გამოყენება, ) დაუშვებელია თურქეთის დაფინანსების გამოყენება) რატომ უნდა ვიყოთ ასეთი ლმობიერები მუსლიმების მიმართ მაშინ, როცა თურქეთში ჩვენი ტაძრები ინგრევა

 რა თქმა უნდა, ნიგვზიანელ მუსლიმებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია  ) ქრისტიანულ მიწაზე მუსლიმური სამლოცველოების აშენება და ყველამ ილოცოს თავის სახლში ან წავიდნენ ბათუმში; ) დაუშვებელია სხვა სოფლებიდან სალოცავად ნიგვზიანში მუსლიმების მოსვლა

 რა თქმა უნდა, წინწყაროელ მუსლიმებს შეუძლიათ ილოცონ, მაგრამ  ) ვერ ავიტანთ ქრისტიანულ სოფელში, სადაც შვილებს ვზრდით, მუსლიმების სალოცავის არსებობას) ვერ შევეგუებით სხვა მუსლიმების მოსვლას; ) დაუშვებელია ჯვრების მოძრობა საფლავებიდან, თუნდაც ეს იყოს მუსლიმთა საფლავები

 რა თქმა უნდა, სამთაწყაროში მუსლიმებს შეუძლიათ ლოცვა, მაგრამ ) ჯერ უნდა გავარკვიოთ ვინაა ეს ხალხი და რამდენს უნდათ ლოცვა; ) თუკი სოფლის უმეტესობა უარს იტყვის, მაშინ ვერავინ ვერ ილოცებს

 რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა და ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, გააპროტესტოს ჰომოფობია. კანონით ჰომოსექსულობა არ იკრძალება და არც არავინ უვარდებათ საძინებელში, მაგრამ ) არ უნდა შეურაცხყონ უმრავლესობის მორალური ფასეულობები; ) პატივი უნდა სცენ ავღანეთში დაღუპული ბიჭების ხსოვნას

ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც არის პატრიარქი და უნდა გვახსოვდეს მისი ასაკი

უმცირესობების უფლებები უნდა იქნეს დაცული,მაგრამ არა უმრავლესობის უფლებების ხარჯზე

 როგორც ძველი ქართული ფილმის ერთი გმირი ამბობს: „გეკუთვნით, მაგრამა არ გეკუთვნით!“

 ზოგადად, ჩემს მიერ მონათლულ „მაგრამ პოლიტიკას“ ლაიტმოტივად გასდევს უმრავლესობისა და უმცირესობის საინტერესო გაგება. მაშინ, როცა აზიზიეს მეჩეთის საკითხი გამწვავდა შემოთავაზებულ გამოსავალთაგან ერთ-ერთი იყო (და საბედნიეროდ ეს შემოთავაზება არ იქნა გათვალისწინებული) მოსახლეობის გამოკითხვა და უმრავლესობის ნების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება. იგივე განმეორდა სამთაწყაროშიც, როცა გამგებელი ამბობდა:  „თუკი მოსახლეობის 95% არ უნდა მათ ტერიტორიაზე არამართლმადიდებელი სამლოცველოს არსებობა, მაშინ ეს არ მოხდება, რადგან ხალხის ნება უზენაესია!“  ხაშურში პროტესტანტი თემის ქალაქიდან გაძევება მოიწადინეს ხელმოწერების შეგროვებით: „ჩვენ მოვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ამ ქალაქში არ გქონდეთ უფლება ღვთისმსახურებისა, და როგორც ხალხი გადაწყვეტს ისე იქნება!“ . როდესაც იეჰოვას მოწმის ცემის საკითხი განიხილებოდა, მსგავსი მიდგომა გამოხატა ქვეყნის სამართლიანობის ერთერთმა გარანტმა: „უმცირესობამ არ უნდა იმოქმედოს გამაღიზიანებლად. თუკი არ იქნებიან გამომწვევი, ისინი არც უმრავლესობის აგრესიულ დამოკიდებულებას დაიმსახურებენ.“

ხალხის ნება უზენაესია!  ისე ჟღერს, რომ შეიძლება გულისცემა აგიჩქარდეს მოჭარბებული ემოციებისაგან. როგორ გინდა ამაში შეედავო სამთაწყაროს სოფლის გამგებელს, რომელსაც მინდობილი აქვს ძალიან ძვირფასი პასუხისმგებლობა _ იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია არის მთავარი მიდგომა, ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ამ ქალბატონს, რომელსაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ წარმოდგენა არ აქვს რა არის „ხალხის ნება“.

რა ცუდია, რომ ვაჟა ფშაველა ქართველების სრულ უმრავლესობას (იმათ მაინც, ვისაც მისი ერთი ლექსი მაინც აქვს ყურმოკრული) ამ უდიდეს ავტორს გავეცანით მაშინ, როცა საგამოცდოდ აუარება ლექსი და პოემა გვქონდა მოსამზადებელი თერგდალეულების შემოქმედებიდან. ასე რომ არ იყოს ზოგადი წარმოდგენა მაინც გვექნებოდა ამ ჩვენი საფიცარი კაცის აზრზე იმ „ხალხის ნებაზე“ რომლითაც ასე მოგვაქვს თავი.

“… დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,

 ყველანი – დიდნი, მცირენი, –

 სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ

 ალუდას სახლის დირენი;

 ნუ დაინანებთ, ექმნენით

 ცოლ-შვილის ამატირენი.

 მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის

 ცა-ღრუბლის შანამზირები.

 წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა

 სახლისა, ციხის კარები.

 ცეცხლი მიეცით საძნოვარს, –

 ცასა სწვდებოდეს ალები,

 სათემოდ გამოირეკეთ

 ცხვარი, ძროხა და ხარები…”

 აი ეს სიტყვები მასხენდებოდა, როცა გასულ პარასკევს სამთაწყაროელი ხოჯას ოჯახს კარს მიმხდარი ორასი თანასოფლელი სახლის კარს ულეწდა და ცოლსა და ოჯახს უგინებდა კაცს მხოლოდ იმისათვის, რომ მან გაბედა და ილოცა.

ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რა კარგია ვაჟას მსოფლმხედველობაზე წარმოდგენა რომ არ გვაქვს, თორემ ნამდვილად აიკრძალებოდა და საჯაროდ დაიწვებოდა მისი ყველა ნაწარმოები…

 ზოგადად ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში არ იცის, ან მიზანმიმართულად ივიწყებს რა არის „ხალხის ნება“  და რა დაკვეთა აქვს მას ამ ხალხისაგან. ვგონებ ჯერ არაფერი შეცვლილა ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულაში:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი…“

ამ წინადადებაში ვერ ვხედავ ვერც ერთ „მაგრამს“. იქნება ჯობია უარი ვთქვათ ორაზროვან წინადადებებზე და ცხადად და ცალსახად დავაფიქსიროთ რა ქვეყანას ვაშენებთ.

და ბოლოს, როგორც ღვთისმსახურმა, მინდა დავძინო, რომ მჯერა „ყველაფერი სასიკეთოდ მოგვეწევა“; მჯერა, რომ ყველა ნეგატიურ გამოცდილებაში არსებობს რესურსი მისი პოზიტიურად გარდაქმნისა. ამისი ნათელი მაგალითებია მუსლიმი თემის პრობლემები საქართველოში, რომლის შედეგადაც საოცრად გაიზარდა სოლიდარობის განცდა და ძალიან ბევრი ადამიანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი გამოვიდა თავის ვიწრო ნაჭუჭიდან და დადგა მუსლიმი მორწმუნეების ლოცვის უფლების დასაცავად. სოლიდარობის საოცარი გამოვლინება იყო ის, რომ ადამიანები, რომლებსაც რამოდენიმე დღის წინ გარყვნილები ეძახეს და „ტაბურეტკებით“ სდიეს, გამოვიდნენ ქუჩაში იმ ადამიანების ლოცვის უფლების დასაცავად, რომლებიც არ გამოსულან მათ დასაცავად, უფრო მეტიც, ზოგმა გაამართლა კიდევაც ლგბტ-თემზე ძალადობა.

 ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა რაიმე პოზიტიურის მოძებნა 17 მაისს დატრიალებულ საშინელებაში, მაგრამ, რომ არა შარშანდელი და წლევანდელი 17 მაისები ეს თემა არ გასცდებოდა „საძინებლის“ სივრცეს. აქამდე ხომ ვერც ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, გარკვეული პოლიტკორექტულობის გამო, ვერ „ბედავდა“ რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად ლგბტ თემის წარმომადგენლების მოწვევას, არამედ ყველა ამ უმცირესობის პრობლემების ჩამონათვალის ერთ ნარატივში მოხსენებასაც კი ერიდებოდა.

საზოგადოების მოწიფულობის მანიშნებელი ის კი არ არის რამდენ შეცდომას აირიდებს, არამედ ის, თუ როგორ უმკლავდება დაშვებულ შეცდომებს. ამ თვალსაზრისით, მგონი არ გვაქვს მთლად ცუდად საქმე. ჩემს ეკლესიაში ეხლა ოქსფორდელი იმამი და ცნობილი მუსლიმი თეოლოგი სტუმრობს, რომელიც კვირის ღვთისმსახურებაზე ქადაგებას იტყვის. ასეთი რამ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა ჩვენი საზოგადოების რელიგიურ მოწიფულობას თუ გავითვალისწინებთ.

იმდენი კარგი რამე ჩამოვთვალე, რომ ეს სიტყვები გამახსენდა: „მაშ რა ვქნათ, ვცოდოთ, რათა მადლი გამრავლდეს“ _ კითხვას სვამს პავლე მოციქული რომაელთა წერილში და იქვე პავლესეული პასუხი მოდის _  „არამც და არამც!“

იმედი მაქვს, რომ მსგავსი პოზიტიური ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში ნეგატიური მოვლენების რესურსების იმედად არ იქნება დატოვებული.

1 Comment

Filed under Uncategorized

ივ ენსლერის “ვაგინა მონოლოგები”

vagina-monologues-below-the-belt-small-24325

ცხელა…  საჭესთან ვზივარ ამღვრეულ ქალაქში… ნეტა ეს კოსტუმი მაინც არ ჩამეცვა (ქალი სპექტაკლზე მივდიოდი და თავი გამოვიდე)…საშინელი მოძრაობაა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე…  მაგრამ ამ წუთას არც არეული მოძრაობა მაწუხებს, არც სიცხე, არც ჩემი ლურჯი კოსტუმი… გულის რევის შეგრძნება მაქვს საშინელი… ოღონდაც ისეთი არა ზიზღის ან მოწამვლის გამო რომ გიჩნდება. გულის რევის შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ჩემი ორგანიზმი აინგრა შიგნიდან. შიშის, სირცხვილის, თანაგრძნობის, სიხარულის, სასოწარკვეთილების, დაუცველობის, სიამაყის, სისუსტის, ძლიერების და კიდევ მრავალი ჩემთვის გაურკვეველი გრძნობის მორევი ტრიალებდა ჩემს გულ-მუცელში. საჭესთან ვზივარ და თან გონება მონოლოგებისკენ მირბის, რომლიდანაც, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერ გამოვალ.

სიმართლე რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სათაური „ვაგინა მონოლოგები“ მაინცა და მაინც არ მომეწონა, დიდად არ დავფიქრებულვარ სად მივდიოდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ აჩიკო კითხულობდა ერთ-ერთ მონოლოგს და სპექტაკლზეც მის საგულშემატკივროდ წავედი. ჩემი პატარა წითელი მოსაწვევებით ხელში მე და ჩემი მეგობარი ნანა თეატრალური ინსტიტუტის რომელიღაც ძალიან ზედა სართულზე, ერთ პატარა ჯადოსნურ დარბაზში აღმოვჩნდით.

ყველაფერი ჩაბნელდა და სპექტაკლიც დაიწყო. შავ-წითელ სცენაზე იდგნენ შავ-წითლად შემოსილი ლამაზი, საინტერესო, ჭკვიანი, ზრდილი ქალები და მონოლოგებს კითხულობდნენ. სრულიად მოულოდნელად და სრულიად მოურიდებლად ჩემი „ფაქიზი ყურთასმენა“ სპეკტაკლის პირველივე ნაწილში შეძრა სიტყვებმა,  რომლებიც მეხივით დამატყდა თავზე. პირველი რაც ვიგრძენი იყო შიში

„ნახალოვკაში“ გავიზარდე, იმ ეზოში, სადაც (ლამაზად რომ ვთქვა) უბნის კოლორიტი ბიძაჩემი ცხოვრობდა და რომელსაც საარაკო ლექსიკური მარაგი ჰქონდა გინებისათვის, რომელსაც დაუზარლად და უხვად აფრქვევდა ნებისმიერი მიმართულებით. მსგავსი შინაარსის, ფანტაზიისა და მრავალფეროვნების გინება მას მერე არ გამიგია. ეხლა დიდი ქალი ვარ, ბიძაჩემიც აღარაა ამ ქვეყნად და ამ ყველაფერს ხალისითა და სიყვარულით ვიხსენებ. ასე ხმამაღლა და ასე ენის ბორძიკის გარეშე მხოლოდ ბიძაჩემისგან გამეგონა სიტყვები, რომლებსაც ახლა უკვე სცენიდან წარმოთქვამდნენ მსახიობები. ამ სიტყვების გაგონებამ ის, სადღაც მიმალული ბავშვობის შიში გააღვიძა, როცა ბიძაჩემის გინება მესმოდა ეზოდან ან ქუჩიდან, რომელსაც როგორც წესი კივილი და მტვრევის ხმა მოსდევდა და რომლის გაგონებისთანავე გაფითრებული მამაჩემი გარეთ გარბოდა გასაშველებლად… ეხლა, აქ, ამ სიტყვების გაგონებამ ერთად ამირია შიშის, დაუცველობის, უსასოობის გრძნობები. მაგრამ მარტო ეს არ იყო…

ვუსმენდი ამაყი, განრისხებული, ბედნიერი ვაგინების მონოლოგებს და მრცხვენოდა… მრცხვენოდა იმ სიშიშვლისა, რომელიც ტექსტებში იყო. მრცხვენოდა იმ სითამამისა, რომელიც მსახიობების თვალებიდან და ხმის ტემბრიდან მოდიოდა… მრცხვენოდა და ეს სირცხვილის განცდა თითქოს ჰაერს ამძიმებდა… მრცხვენოდა და გაქცევა მინდოდა. მრცხვენოდა ისე, როგორც სკოლაში ანატომიის წიგნის იმ კონკრეტული თავის გადაფურცვლისას მრცხვენოდა. მრცხვენოდა ისე, როგორც ჩემს ატირებულ კლასელს რცხვენოდა, რომელმაც დაფასთან გასულმა ვერ მოყვა როგორ მრავლდება კალია. მრცხვენოდა და მეზიზღებოდა ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა აღმოვაჩინე, როგორ იბადებიან ბავშვები… მაგრამ ეხლა, ამ საღამოს მარტო ეს გრძნობა არ იყო. აქ უფრო მეტი იყო ვიდრე სირცხვილი და შიში…

ვუსმენდი გაუპატიურებული, დათრგუნული, დაბერებული, შეურაცხყოფილი ვაგინების მონოლოგებს და ყველა სხვა განცდასთან ერთად თანაგრძნობის, უსასოობის, დაუცველობის, სისუსტის განცდაც მიპყრობდა… გამახსენდა, ფილმები, რომლებსაც ყმაწვილქალობაში ვუყურებდით, სადაც „ლამაზი და ამაღლებული“ სიყვარული არ იყო ასეთი შიშველი და ანატომიურად დამარცვლილი; ფილმები, სადაც სექსის დეტალები ძირითადად გაუპატიურებისა და ძალადობის სცენებში ჩანდა…

ის ის იყო ვცდილობდი საკუთარ ემოციებში გავრკვეულიყავი, რომ პატარა დარბაზის ბოლოში მცირე ჩოჩქოლი შევნიშნეთ. სადღაც სიტყვა „ქრიტიანობას“ მოვკარი ყური. მერე გამახსენდა, რომ ეს სპეკტაკლი მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო და 17 მაისის მოვლენების გამო გადაიდო და გადაიდო.

ჩოჩქოლი განსაკუთრებით გამძაფრდა ერთი მოკლე მონოლოგის მერე, როცა მსახიობი იდგა სცენაზე და ხმამაღლა ამბობდა ვაგინას ყველაზე უფრო მძაფრ და როგორც წესი, გინების კონტექსტში გაგონილ  ქართულ ვერსიას. ამბობდა დამარცვლით და ხმამაღლა და დარბაზიც აიყოლია და მთელი დარბაზი სკანდირებდა… აი, ეს იყო ბოლო წერტილი. ჩოჩქოლი დარბაზის უკან გაძლიერდა. ახლა უკვე ისიც გამახსენდა, რომ ამ სპეკტაკლის აფიშირებაც არ მომხდარა ფართოდ, რადგან არსებობდა „გონივრული ეჭვი“ იმისა, რომ რამენაირ პროპაგანდად მოინათლებოდა და კაი „ჩიტსაც დაიჭერდა“ ყველა _ სცენაზე მდგომებიცა და დარბაზში მსხდომებიც… აი, კიდევ ახალი ჯიშის შიშმა გაიღვიძა ჩემში. ზუსტად იმის მსგავსმა 17 მაისს თავისუფლების მოედანზე რომ გამიჩნდა. მაშინაც ნანასთან ერთად ვიყავი და ეხლაც… აქაც აჩიკო, ქრისტინე, ნათია და სანდრო და იქაც J აქაც შიში და იქაც…  ჩოჩქოლი ყვირილში გადაიზარდა. სცენაზე გაჩერდა ყველაფერი, დარბაზში შუქები აინთო, კულისებიდან მსახიობების თავები გამოჩნდა. დარბაზის ბოლოს აღშფოთებული ახალგაზრდა ყმაწვილი განწირული ყვიროდა:

„ეს რა არის?!!!! ეს რა სპექტაკლია?!!! ეს რა გარყვნილებაა?!!! ამ სცენაზე წმიდანებს თამაშობდნენ, ამ სცენაზე იცით რა ხალხი მდგარა?!!!! “

„თუ არ მოგწონს არავინ გიჭერს და შეგიძლია წახვიდე!!!“ _ დარბაზის სხვადასხვა კუთხიდან აიშალა ხალხი და გამოეპასუხნენ აღშფოთებულ ახალგაზრდას.

„საიდან წავიდე, მე აქ ვსწავლობ!!!“

„ხო და მაშინ ნუ სწავლობ აქ!!!!“

დარბაზი აირია… ყვიროდნენ ყველა კუთხიდან… ამ არეულობაში სხვადასხვა რიგიდან ორ-ორად და სამ-სამად ადგნენ მაყურებლები და დატოვეს დარბაზი. ჩოჩქოლმა გარეთ გადაინაცვლა. გამსვლელებიდან ზოგი „გამქცევი“ იყო, ზოგი „ამრევი“ და ზოგიც „გამშველებელი“.  ვიღაცამ ისიც დაიძახა „ნუ ღელავთ, ეს პერფორმანსის ნაწილიაო!“, მაგრამ ამას მგონი, ჩემისთანა ბრიყვის მეტი არავინ „წამოეგო“.  დარბაზი მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. მერე ტაში გაისმა მსახიობების გასამხნევებლად. საცქერალი დარბაზში აღარაფერი იყო, ახლა უკვე სცენას მივუბრუნდით. მონოლოგები გაგრძელდა, მაგრამ დარბაზში არ ქვრებოდა შუქი, არც სცენა ანთდებოდა. უკან მივიხედეთ და განათებული საოპერატორო ცარიელი იყო. როგორცა ჩანს „მიმნათებელს“ ნერვებმა უმტყუნა. დარბაზიდან ერთი ყოჩაღი გოგონა წამოხტა, გასასვლელებში ჩამსხდარ ხალხს მოხერხებულად გადააბიჯა და სულ ცოტა ხანში საოპერატოროს სარკმელში გამოჩნდა. ჯერ აქა-იქ დამატებითი შუქები აინთო, მერე ყველაფერი ჩაქრა, მერე სადღაც რაღაც აინთო… მაგრამ ახალმა „მიმნათებელმა“ მალე აუღო ალღო და მონოლოგები გაგრძელდა…

აჩიკოს გამოსვლისას სულ სხვანაირად ავღელვდი. ვიცოდი როგორ განიცდიდა თავის „ლ“-ების წარმოთქმას, როგორ განიცდიდა გაცდენილ რეპეტიციებს, ვარცხნილობას… კინაღამ შინაარსს ვეღარც კი ვუგდებდი ყურს. თან თვალი ისევ გასასვლელისკენ მეჭირა. არ მეჯერა, რომ აღშფოთებულმა მაყურებელმა ასე „იოლად“ დაგვითმო იმ სასწავლებლის დარბაზი, რომელიც თურმე ლეგიტიმურად ეკუთვნოდა მას, როგორც თეატრალურის სტუდენტს…

არ მიკვირს ამ ახალგაზრდის აღშფოთება. თუკი კარგად არ იცოდა სად მოდიოდა, ნამდვილად გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის მოსმენა. ამ ახალგაზრდა ბიჭს კი არა და აგერ დავბერდი ქალი და მე გამიჭირდა. უბრალოდ, რაც ძალიან არ მესმის და ძალიან მაინტერესებს, არის უცნაური კითხვა _  რატომაა გენიტალიები და რელიგია ასე ახლოს ერთმანეთთან ჩვენს ცნობიერებაში?

არეულობის მერე კიდერ რამოდენიმე სრულიად განსხვავებული და საინტერესო მონოლოგი წაიკითხეს. ყველაზე ამაღელვებელი მაინც ბოლო მონოლოგი იყო, სადაც მშობიარე ვაგინაზე იყო ლაპარაკი. თინა, ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც თავად ორი შვილის დედა საკუთარი შვილიშვილის დაბადებას დაესწრო, იდგა სცენაზე, აცრემლებული და ხმააკანკალებული და ამბობდა:

„ვაგინა გულს ჰგავს.

გულს შეუძლია თავგანწირვა! ასეთივეა ვაგინაც!

გულს შეუძლია ეტკინოს, გაფართოვდეს, შეიკუმშოს, ფორმა იცვალოს, შიგნით შეგვიშვას, უკან გამოგვაგდოს, გაგვათავისუფლოს, განახლდეს!

ასეთია ვაგინაც!  მას შეუძლია ჩვენთვის ეტკინოს, თავი გაწიროს, გაფართოვდეს, სისხლისგან დაიცალოს, გაიხსნას და კვლავ განახლდეს!“

ვუსმენდი თინას და მიხაროდა, მეამაყებოდა… მეამაყებოდა საკუთარი ქალობა, მეამაყებოდა თინა, თავის ჭაღარითა და ცრემლებით, მეამაყებოდა ეს ახალგაზრდა გოგონები ასეთი თავისუფალი და ჭკვიანები, მეამაყებოდა აჩიკო, მეამაყებოდა ის „ახლად გამოძერწილი მიმნათებელი გოგონა“, მეამაყებოდა რამაზი, ბექა, სანდრო, ირაკლი, გოგი, ქრისტინე, ნათია, დაკო, იდა, ნანა…. ყველა ერთად მეამაყებოდა… ეს სცენა მეამაყებოდა, ზემო თვალივით მიყუჟული, პატარა და საიდუმლოებებით სავსე.

სახლში შემოვედი. ნანო და მათე კარებში დამიხვდნენ. მშია, მცხელა, დავიღალე… მაგრამ ამ წუთას არც სიცხე მაწუხებს, არც ჩემი ლურჯი კოსტუმი, არც შიმშილი ან დაღლილობა… გულის რევის შეგრძნება მაქვს საშინელი, ოღონდაც არა ზიზღის ან მოწამვლის. გულის რევის შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ჩემი ორგანიზმი აინგრა გულ-მუცელში  დატრიალებული შიშის, სირცხვილის, სიხარულის, სიამაყის, თანაგრძნობის, დაუცველობის, სისუსტის, ძლიერების და კიდევ მრავალი ჩემთვის გაურკვეველი გრძნობის მორევის გამო. ვზივართ სამზარეულოში და მათეს მოდუღებულ ყავას შევექცევით.

„დედი, აბა, როგორი დღე გქონდა?“

ვუყურებ ორივეს და მიხარია, რომ ეს სპეკტაკლი მათ არ ნახეს და თან მიხარია რომ ეს სპეკტაკლი არსებობს და ოდესმე აუცილებლად ნახავენ. მაგრამ ეხლა ეს უნდა ჩემს შვილებს მოვუყვე …

„ვაგინა მონოლოგები“ არის ევ ენსლერის პიესა რომელიც 1996 წელს დაიდგა ოფ-ბროდვეის უესტსაიდ თეატრში (Westside Theater). პიესა ცოტა ხნით ასევე იდგმებოდა ჰია-არტ ცენტრში (HERE Arts Center).

„ვაგინა მონოლოგები“ მოიცავს სხვადასხვა რაოდენობის მონოლოგებს, რომლებსაც კითხულობენ ქალები. თავდაპირველად თავად ივ ენსლერი კითხულობდა ყველა მონოლოგს.  მოგვიანებით უკვე სამმა ცნობილმა მსახიობებმა დადგა მონოლოგები.  თითოეული მონოლოგი როგორღაც დაკავშირებულია საშოსთან, შეიძლება ეს იყოს სექსის, სიყვარულის, გაუპატიურების, მენსტრუაციის, მასტურბაციის, ორგაზმის თუ მშობიარობის თემები.

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

მეოთხე

ამ ბოლო დროს ერთი ამბავი  მიტრიალებს თავში, რომელიც ძველ აღთქმაში, დანიელის წიგნში არის მოთხრობილი:

nabucc10

ნაბუქოდონოსორ მეფემ, როგორც დიდმა დამპყრობელმა და ძლევამოსილმა მმართველმა გადაწყვიტა მის მიერ დაპყრობილი ერები დაემორჩილებინა არა მხოლოდ პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, არამედ მორალურადაც. მოკლედ მათ სულში ხელის ფათური გადაწყვიტა. ვეებერთელა ოქროს კერპი ჩამოასხა _ სამოცი წრთა სიმაღლით და ექვსი წრთა სიგანით და დურას ველზე აღმართა.  ხალხი დაგზავნა ნაბუქოდონოსორმა და ასეთი რამ განუცხადა ყველას: „ ხალხნო, ტომებო და ენანო, თქვენ გებრძანებათ! როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და სხვა ამგვარი საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა!“

შეშინებული ხალხიც დაემორჩილა მეფის ბრძანებას. მიწას თოხნიდა, ჭადებს აცხობდა, ბავშვებს აჭმევდა თუ შეშას ჩეხდა, როგორც კი საყვირის ხმას გაიგონებდა დაასკდებოდა მიწას და თაყვანსა სცემდა ნაბუქოდონოსორის კერპს.  ვინ იცის, იქნება ეზოშიც კი გამორბოდნენ, რომ ყველას დაენახა როგორ ერთგულად აღასრულებდნენ მეფის ბრძანებას.  მერე, ალბათ მეზობელსაც გადახედავდნენ ხოლმე, რომ გადაემოწმებინათ ვინ ერთგული იყო მეფისა და ვინ არა.

ხო და აი, ასეთ ერთგულებაში ცხოვრობდა ყველა „ერი და ტომი და ენა“, ვიდრე ერთმა კანონმორჩილმა მოქალაქემ თვალი არ მიმოავლო და არ აღმოაჩინა, რომ მისი გადამთიელი მეზობელი შადრაქი არაფრად დაგიდევს საყვირის ხმას და თაყვანს არა სცემს ნაბუქოდონოსორის კერპს. მერე აღმოაჩინეს, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა, იმიტომ, რომ მარტო შადრაქი კი არა, მისი რჯულის მეშაქი და ყაბედ-ნეგოც ასევე იქცევიან და პროვოკაციულად არ ემორჩილებიან მეფეს. ბევრი არ უფიქრიათ. შეიპყრეს ისინი, გაასამართლეს და გავარვარებულ ღუმელში ხელფეხშეკრულები ჩაყარეს. მაგრამ სასწაული მოხდა, როცა ჩვეულებრივზე შვიდჯერ უფრო გავარვარებულ ღუმელში ჩაიხედეს, დაინახეს, რომ სამი შებოჭილი ადამიანი კი არ იკლაკნებოდა მათ წინაშე, არამედ ოთხი ადამიანი თავისუფლად მიმოდიოდა ღუმელში. ნანახით შეცბუნებულმა მეფემ მათი გამოყვანა ბრძანა, რომლებსაც თმაც კი არა ჰქონდათ შეტრუსული.

ღუმელში სამი ხელფეხშეკრული ადამიანი მას შემდეგ გათავისუფლდნენ და გადაურჩნენ ნაბუქოდონოსორის რისხვას, რაც მათ გვერდით ერთი ადამიანი გამოჩნდა. ეს მეოთხე „შესახედაობით ღვთის ძესა ჰგავდა“. სწორედ ამ მეოთხის იქ გამოჩენის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი.

fiery-trials-best copy

ეს ამბავი ერთი ჩვეულებრივი მისტიური ამბავი იქნებოდა, რომელიც ტანჯული ადამიანების გასამხნევებლად არის ჩაწერილი, რომ არა ერთი ფაქტი. საქმე ისაა, რომ სამის ნაცვლად ოთხი მხოლოდ ნაბუქოდონოსორის ღუმელში არ გამოჩენილა. მე მგონი ასეთი „მეოთხე კაცი“ იყო თავის დროზე მოსე, როცა ღმერთს უთხრა, თუკი ჩემი ერი ვერ გადარჩება, მაშინ მეც ამომშალე სიცოცხლის წიგნიდანო. ასეთი „მეოთხე კაცი“ იყო ცოტნე დადიანიც, რომელიც თავისი ნებით მიუჯდა თავის თაფლწასმულ მეგობრებს. ასეთი „მეოთხე კაცი“ იყო გრიგოლ ფერაძე, რომელიც ებრაელი მრავალშვილიანი კაცის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.  უფრო მეტიც, იმის გამო, რომ „მეოთხე კაცობა“ ვერ გაბედეს ადამიანებმა, ძალიან ბევრი მართალი ადამიანი შეეწირა უსამართლობას. ნაცისტური გერმანიის დროს მოღვაწე ლუთერელი პასტორი მარტინ ნიიმიოლერი სწორედ იმას დარდობდა, რომ „მეოთხე კაცობა“ ვერ გაბედა ეკლესიამ.

კარგად მივიხედ-მოვიხედოთ. თავი დავანებოთ იმის გადათვლას ვინ ნაბუქოდონოსორია, ვინ ოქროს კერპი და ვინ სამი მართალი. მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად გვეყოფა გამბედაობა გავარვარებულ ღუმელში დავუდგეთ გვერდით განწირულ ადამიანებს. „მეოთხე კაცი“ სულაც არ არის ზეციდან ჩამოფრენილი ანგელოზი. ანგელოზებს ნუ დაველოდებით ვინმეს გადასარჩენად. სასწრაფოდ გადავთვალოთ „ერთი“, „ორი“, „სამი“ და ვივარგოთ და „მეოთხეები“ ვიყოთ.

_________________________________________________________________________________________

„  როდესაც ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია; მე ხომ კომუნისტი არ ვიყავი.        

როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები დაიჭირეს, ხმა არ ამომიღია; მე ხომ სოციალ-დემოკრატი არ ვიყავი.        

 როდესაც პროფკავშირებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია; მე ხომ პროფკავშირელი არ ვიყავი.        

როდესაც ისინი მე მომადგნენ, აღარავინ იყო დარჩენილი,  რომ პროტესტი გამოეთქვა.“           

    გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი მარტინ ნიიმიოლერი

 

Leave a comment

Filed under Uncategorized

იგავი კეთილ სამარიელზე

 

„თქვენ შეგიძლიათ ქალის გულისათვის მსხვერპლი გაიღოთ?“

„მერე მე არაფერი მამივა?“

 

ყველა ურთიერთობა იზომება გაღებული მსხვერპლით, მსხვერპლის გაღების გადაწყვეტილების მიღების ყოყმანის ხანგრძლივობით, გაღებული მსხვერპლის დაყვედრების (თუნდაც გულში გახსენების) სიხშირით, საპირწონე მსხვერპლის მოლოდინით… სხვანაირად არ შეიძება და არ გამოვა.

მსხვერპლის ხსენებაზე ძველაღთქმისეული ყელგამოღადრული ცხოველი გვახსენდება, რომელიც სამსხვერპლოზე დევს და სისხლისაგან იწურება. ეს მსხვერპლი ჩვენთვის შეიძლება მამა-პაპური „საღვთო ცხვარია“, რომელიც სრულად დასაწველისაგან განსხვავებით სრულად ჩასახაშლამებელი, ანდა სრულად ჩაქაფული გამოდის ხოლმე.   ხანდახან შეიძლება ეს მსხვერპლი იყოს ოდნავ ჩაწეული მანქანის საქარე მინიდან შუქნიშანთან მდგომი მათხოვრისათვის მიწვდილი ათთეთრიანი, რომელიც აგრერიგად გვიმშვიდებს სინიდისს.

მსხვერპლის გაღება იოლია, „ძველი ვოდევილების“ გმირის თქმისა არ იყოს, თუკი „მე არაფერი მამივა“.  ვირტუალურმა სამყარომ მსხვერპლის გაღების „უსაფრთხოება“ კიდევ უფრო გაზარდა.  მოგივა წერილი, რომ ჩვილ ბავშვს ესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. წაიკითხავ ამ მესიჯს, სურათს დახედავ და გული დაგეთუთქება და იქვე, დაუყოვნებლივ „მსხვერპლსაც“ გაიღებ. თან ისე, რომ „არაფერი მოგივა“, გააშიარებ სურათს შენი ფეისბუკის კედელზე და მშვიდი სინდისით გააგრძელებ მეგობრების სტატუსების კითხვას.

აქამდე, თუკი ღონისძიებაზე დაახლოებით ას ადამიანს გაუგზავნიდი მოწვევას, აქედან სულ ცოტა ოცდაათს მაინც ველოდით შეხვედრაზე. დღეს ვიტრუალური დადასტურება შეხვედრაზე მოსვლისა ფაქტიურად არაფერს ნიშნავს. როდესაც ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქცია დავაანონსეთ 450 დასტური მოგვივიდა და აქციაზე 25 ადამიანი ვიყავით და ისიც ისინი, ვისაც ვირტუალურად არ მიგვიღია მოწვევა.

ამას წინათ მეგობარს ვუსაყვედურე, რატომ არ შემოგვიერთდი სამეგობრო თავყრილობაზეო. შემრცხვა, როცა მითხრა, რომ თურმე მისი დაბადების დღე იყო და იმიტომაც ვერ მოვიდა და კიდევ უფრო შემრცხვა, როცა მითხრა, რომ მე ერთ-ერთ პირველს მიმილოცავს ფეისბუკის კედელზე დაბადების დღე. ვირტუალური სამყარო, რომელმაც ასე „დაგვაახლოვა“, ფეისბუკმა, რომელიც ასე ერთგულად გვახსენებს მეგობრებისა და ახლობლების დაბადების დღეებს გაგვიჩინა რაღაცნაირი „ვირტუალური პასუხისმგებლობა“, რომელიც იქვე ვირტუალურ სივრცეში ტრიალებს და რაც დრო გადის მით უფრო მეტად კარგავს საერთოს რეალურ სამყაროსთან. „მატრიცას“ გმირებივით ვასვენივართ მონიტორის ეკრანებთან და ვეღარ გაგვირჩევია სად არის რეალური და სად ვირტუალური.

ვიღაცა ჩვილ ბავშვს დღესაც ესაჭიროება სისხლი და მისი გვარ-სახელი ათეულ ათასობით ადამიანის მონიტორზე ჩნდება და ქრება. საბოლოოდ მაინც მისი ახლობლები გაიღებენ არავირტუალურ მსხვრპლს მის გადასარჩენად.

 

დღეს რომ ამბობდეს იესო თავის იგავს „კეთილ სამარიტელზე“ აუცილებლად იტყოდა:

„იყო კაცი იერუსალიმიდან იერიქონს მიმავალი, რომელსაც თავს დაესხნენ, გაძარცვეს და საშინლად ნაცემი გზად დააგდეს. გზად მღვდელმა ჩაიარა და გვერდი აუარა, ახალგაზრდებმა ჩაიარეს, შეშფოთდნენ სასწრაფოდ აიფონებით სურათები გადაუღეს და ფეისბუკებზე ატვირტეს სტატუსით „რას გვიშვება ახალი მთავრობა, ხალხს ქუჩაში ხოცავენ“, „დავეხმაროთ უმოწყალოდ ნაცემ მგზავრს“, „სად არიან სამართალდამცავები“… და გულდამშვიდებულებმა გააგრძელეს გზა…

მერე ჩამოიარა ერთმა სამარიელმა კაცმა… „

1 Comment

Filed under Uncategorized